კვირის ამბები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: როცა მათ კომფორტს შეეხება საქმე, ოპოზიცია უკან იხევს

29.05.2015 • 1597
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: როცა მათ კომფორტს შეეხება საქმე, ოპოზიცია უკან იხევს

 

 

 

ბატონო ანზორ, რაც უმაღლეს საბჭოში ხართ, რა გააკეთეთ თქვენი ამომრჩევლისთვის?

ორ წელზე მეტია ვხელმძღვანელობ აგრარულ, გარემოს დაცვისა და თვითმმართველობის კომისიას. არ იყო ეს სფერო ჩემთვის რთული, რადგან თერთმეტი წელი გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი. ციხისძირის მეურნეობაშიც მაქვს ნამუშევარი, სოფლის მეურნეობასთან მჭიდრო კავშირი მქონდა. ორივე დარგში პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული უწყებებია და აქტიურად ვითანამშრომლეთ, რომ დაგვესახა პრიორიტეტები, როგორც აჭარის მაღალმთიან რაიონებში, ასევე ბარში. ვიმუშავეთ ბევრ პროგრამაზე და ამით კმაყოფილი ვარ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათი პროგრამა აქვს წელს, რაც ყოველწლიურად განახლებადია. სხვადასხვა სეგმენტი ემატება ამ პროცესს და ათასობით მცირე მექანიზაცია გვაქვს მოსახლეობაზე მიწოდებული შეღავათიან ფასად. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია აჭარის ტყეების, ტყეთმოწყობის პროექტი.

თქვენი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ უმაღლეს საბჭოს იმის გამო, რომ ერთი კანონპროექტიც არ მოგიმზადებიათ, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებდა…

არის გარკვეული ხარვეზები. არის ნაწილი, რომელიც დამტკიცდა და რომელიც დაბრუნდა და ხელახალ დამუშავებას საჭიროებს. რაც რეკომენდაციით დაგვიბრუნდა – დამუშავების პროცესშია. მთავარი მაინც ისაა, რომ ამ კუთხით არ აქტიურობენ ის უწყებები, რომელთა კანონის შეცვლაზეც ვმუშაობთ დეპუტატები. კანონი უნდა იცვლებოდეს პროცესში, როდესაც მეურნეს, მაგალითად, სამინისტროს მუშაობის პროცესში წინააღმდეგობა შეხვდება. სულ ერთი ან ორი ინიციატივაა აჭარის მთავრობიდან შემოსული. ვცდილობთ დავეხმაროთ და ვხედავთ, რომ მთავრობა არ აქტიურობს. საქართველოს პარლამენტში კი პროექტების 80 პროცენტი მთავრობიდან შედის. გასული წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით შესრულება 50 პროცენტი იყო. ძირითად პრობლემად ჩავარდნილი ტენდერები სახელდებოდა. თუ ეს ხელს გიშლის რატომ არ მეუბნები? – ხომ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით შემოხვიდე, თუ რა კუთხით შეიძლება ტენდერების კანონში შევიტანოთ ცვლილებები. თუ არ გაქვს ინიციატივა, მაშინ მე ვერ მივიღებ მიზეზებს. ან სხვა მიზეზები უნდა მოვძებნოთ, რომ თავის მართლებისთვის ეს სეგმენტი არ იყოს გამოყენებული. ხალხი ელოდება პროგრამის განხორციელებას და შენ რაღაც მიზეზების გამო გამოყოფილ თანხას ვერ ითვისებდე – ამას გამართლება არა აქვს. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებაზე. მე ვფიქრობ, თუ ამ ცვლილებას მივიღებთ, რის შემდეგაც ხელვაჩაურსა და ქობულეთში მიწის რეფორმა განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.

როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, მთავრობის მუშაობას როგორ შეაფასებდით?


მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისევ დიდი კოლმეურნეობების მმართველი სამინისტროა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ციტრუსის სეზონის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ საწარმოო სიმძლავრეები, რაც ამ ბოლო დროს შევქმენით, მნიშვნელოვანია. წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ დამოკიდებული ვიყავით მხოლოდ ქობულეთის წვენების ქარხანზე, რომელიც მხოლოდ კონცენტრატს ამზადებდა. წელს თითქმის 36 შემფუთავი საწარმო იმუშავებს, ეს ქონება განადგურების პირას იყო, არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, თანდათან აღდგა. ახლა ქობულეთში უზარმაზარი ევროსტანდარტების სიმძლავრის ქარხანაა და ვფიქრობთ, რომ ეს ქარხანა წლის ბოლომდე კონცენტრატის დამზადებას კი არა მის ჩამოსხმასაც შეძლებს.

რამდენიმე კვირის წინ დეპუტატები არ მოვიდნენ სხდომაზე, როცა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის ანგარიში უნდა წარედგინა. რატომ?


მომავალ სესიაზე ჩვენ მოვისმენთ 2015 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან. თუ სხდომა ჩაიშლება, დააკლდება იმ დეპუტატებს, რომლებიც არ მოვლენ სხდომაზე. წლიური ანგარიშისთვის მოვიდა არამარტო მინისტრი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა მინისტრებთან ერთად. რეგლამენტით მინისტრს არა აქვს ვალდებულება მეორედ მოსვლის. თუ სურვილი ექნება – მოვა. არ უნდოდა მოსმენა ოპოზიციას? – თუ არ უნდოდათ კი ბატონო, ძალიან მარტივად გაიარა ეკონომიკის მინისტრმა ეს პროცედურა. ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაესწრებიან 2015 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის მოსმენას. გასული წელი 51 პროცენტი იყო ფაქტობრივი შესრულება, წელს 93 პროცენტზე მაღალია შესრულება. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის ანალიზით.

აჭარის უმაღლეს საბჭოში აღარ არის ის განლაგება, “ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდა. 13 დეპუტატი ვიყავით და ვიყავით უმრავლესობაში. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობის კვოტირება შვიდი დეპუტატით განისაზღვრა, აქედან ოთხი ოპოზიციური ფრთის დეპუტატია და სამი – “ქართული ოცნებიდან”, ანუ ნებისმიერ კომისიაში ნებისმიერი საკითხის დაბლოკვა შეუძლია ოპოზიციას. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ვერც ერთი ციფრი იოლად ვერ გავა და თითოეულ ციფრზე იქნება კირკიტი. უკვე შევხვდი მინისტრს, ასევე საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებს და მთავრობის თავმჯდომარეს. ვუთხარი, რომ დასრულდა იოლად გასვლის პერიოდი და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თითოეულ ციფრს, თითოეულ სიტყვას, რადგან ამას ჩვენი ცხრაკაციანი მხარდაჭერა არ ეყოფა-მეთქი.
უმრავლესობა დღეს არის ოპოზიცია. ეს კონფიგურაცია ყველაზე უფრო ართულებს ჩემი კომისიის მუშაობას, რადგან ამ საკითიხებზე უკვე პასუხების გაცემის ვალდებულება მე მაქვს, მაგრამ თქვენს მკითხველს ვპირდები, რომ სანამ მე ჩავდგები პასუხების გაცემის რეჟიმში, პასუხს აუცილებლად მივიღებ და ეს იქნება არა მარტო ციფრები. მე ვითხოვ ანალიტიკურ პასუხებს. ასევე, ყოველდღიურ ინფორმაციას ხარჯვით და შემოსავლით ნაწილზე, რომ ჩემთვის მოულოდნელი არ იყოს ნახევარი წლის შედეგები.

ფინანსთა მინისტრი წამოვა ყოველდღიურად ანგარიშის ჩაბარების რეჟიმზე?


როგორ არ წამოვა? თუ მას უნდა მხარდაჭერა და ის, რომ გავიდეს მისი პროექტები, მან და მისმა გუნდმა უნდა ითანამშრომლონ უმაღლეს საბჭოსთან იმ რეჟიმში, რომელსაც მოვითხოვთ.

უმაღლესი საბჭოს ირგვლივ გახმაურებულ ამბებზე, რაც ეხებოდა დეპუტატების კომფორტს, თქვენ პირადად უხერხულობა გქონიათ?

არასდროს არ გამჩენია სურვილი ახალი მანქანა მქონოდა. იკადრონ, ბატონო და ისარგებლონ ოთხი თუ ხუთი წლის მანქანით. მათი წინაპრები ფაეტონით დადიოდნენ რომელიმე? – არც ერთი. რაც არის, ის უნდა გამოვიყენოთ. გადამეტებულად მიმაჩნია ამ თემის აჟიტირება, რაც გამოიწვია მასმედიამ. უამრავი ახალი ჯიპია შეძენილი არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იმდენად მაღალი რანგის სტუმრებთან აქვს შეხვედრები, ნამდვილად სჭირდება ნორმალური მანქანა. ჩვენ გვაქვს პირობები, რაც დადგენილი იყო მანამდეც და ახლაც არის. ბიუჯეტის გაზრდის პროცედურა უფრო რთულია, ვიდრე შემცირება, მაგრამ ასეც დადგა საკითხი დღის წესრიგში. ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ეს თანხა ამოიღეთო, ამოვიღეთ. მაგრამ მეც შევთავაზე ოპოზიციას, რომელიც პოპულიზმის გამო მოდის ამ სიტუაციებზე. ვუთხარი, მოდი გავაკეთოთ ასე – ყველა დეპუტატმა უფლებამოსილების ხარჯიდან ხუთასი ლარი მოვიკლოთ, ექვსი ფრაქციაა – 9 ათასი აქვს ერთ ფრაქციას და დავუტოვოთ სამი ათასი, რაც თავისუფლად ეყოფა. გამოთავისუფლებული ექვსი ათასი რომ გავამრავლოთ ათ თვეზე, 400 000-ს მივიღებთ. 110 000 ლარი მივლინების ხარჯიც ჩამოვიყვანოთ 50 000-ზე_მეთქი და თოფით წამოვიდნენ. აი, ოპოზიცია. მე მზად ვარ ნახევარი მილიონით შევამცირო უმაღლესი საბჭოს ასიგნებები, მაგრამ არც ერთი დეპუტატი ამაზე არ წამომყვება. ოპოზიცია მხოლოდ ლაპარაკობს, როდესაც მათ კომფორტს შეეხება გადაწყვეტილება, უკან იხევენ. მივლინებას არ შევეხოთო. რატომ? – ამიხსნას ერთმა დეპუტატმა რას მიკეთებს მივლინებაში. წარმოადგინონ ანგარიში, ვინ რა გამიკეთა. ისე კი მინდა გითხრათ, რომ თუ არ იმუშავებ უმაღლეს საბჭოში, დიდი კომფორტია.

რატომ დატოვეთ “თავისუფალი დემოკრატები” და “ქართულ ოცნებაში” გადახვედით?

დღესაც გული მწყდება, რადგან ამ პარტიის დამფუძნებელი ვარ მე და ჩემი შვილიც. მაგრამ გადაადგილებებს, რაც იყო და რის გამოც უმცირესობაში რჩებოდა “ქართული ოცნება”, პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეეძლო. ძალიან გამიჭირდა და ერთი კვირა ვიფიქრე, შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება სახელმწიფო აზროვნებიდან გამომდინარე.

ირაკლი ალასანიამ რა გითხრათ?

_ ირაკლი ალასანიას შევხვდი და ვუთხარი, რომ მე ბატონ ბიძინას ვერ ვუღალატებ და თუ ღალატში ჩამითვლი, ჩამითვალე-მეთქი. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ. გვაქვს შეთანხმება, რომ არასოდეს ერთმანეთს თავს არ დავესხმებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: