კვირის ამბები

საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები მასწავლებლებისთვის

27.04.2015 • 2751
საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები მასწავლებლებისთვის

 

ქართველი მასწავლებლები საფრანგეთში
ქართველი მასწავლებლები საფრანგეთში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში (2013-2014 წლებში) საზღვარგარეთ სტაჟირება 100-მდე პედაგოგმა გაიარა. მასწავლებლები ძირითადად უცხო ენის სპეციალისტები იყვნენ. სტაჟირების პროგრამები სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.


საფრანგეთში სტაჟირების პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საშუალებით ხორციელდება. ინსტიტუტი ფრანგული ენის ქართველ პედაგოგებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკა საფრანგეთში აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში. მასწავლებლები მოკლევადიან სტიპენდიას იღებენ და აგვისტოს თვეში სამი კვირის მანძილზე გადიან სტაჟირებას.


რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებელი, რომ სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს?


„საგნების მიხედვით განსაზღვრულია სხვადასხვა კრიტერიუმი. ძირითადად, შერჩევის კრიტერიუმებია: სასერტიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და სასკოლო აქტივობებში ჩართულობა და ელექტრონული პორტფოლიო. ამასთან, კონკურსში მონაწილე მასწავლებელს მსგავსი ტიპის სტაჟირება უცხოეთში არ უნდა ჰქონდეს გავლილი,“ – ამბობს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ გურგენიძე.


სოფიო დუმბაძე
სოფიო დუმბაძე

მისივე თქმით, გასულ წლებში პედაგოგიური სტაჟირებისთვის ჯგუფები საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოქმედი მასწავლებლებით დაკომპლექტდა.


სტაჟირების პროგრამით მასწავლებლები ძირითადად მიდიან ოთხ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.


ბათუმის მეორე საჯარო სკოლის, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო დუმბაძე 2014 წელს იმ ათ მასწავლებელს შორის მოხვდა, რომელთაც საფრანგეთში, ანტიბის საერთაშორისო ცენტრში სტაჟირება გაიარეს. სოფიო ამბობს, რომ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. კონკურსში აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ წერითი გამოცდა ჩააბარა, სადაც დაწერილი არგუმენტირებული ესეს წყალობით გამარჯვება მოიპოვა.


„პირველი ერთი კვირა ვიყავით კანში, მეორე კვირას ვიყავით ანტიბში. ყოველდღე გვიტარდებოდა ტრენინგები სწავლების მეთოდებზე. იყო ტრენინგები შეფასების რუბრიკებზე – მოსწავლეთა ნამუშევრები როგორ შევაფასოთ. ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება სწავლების მეთოდში გამოიყენო ფილმი, სიმღერა და ლექსი. ამ ტრენინგებზე პირველ რიგში ვისწავლე არატრადიციული მეთოდებით როგორ შეიძლება უფრო მარტივად, უფრო კარგად ავუხსნათ მოსწავლეს საკმაოდ რთული საკითხი.


უმნიშვნელოვანესი იყო ეს ტრენინგები ჩემი პროფესიული ზრდისთვის. რომ არა ეს პროექტი, მე მასწავლებლის ხელფასით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძლებდი მსგავსი დონის ტრენინგებში მიმეღო მონაწილეობა. სტაჟირების პროგრამა იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მასწავლებელმა. როდესაც ჩამოვედი, ეს გამოცდილება კოლეგებსაც გავუზიარე. მაქსიმალურად ვცდილობ ეს გამოცდილება სასწავლო პროცესში დავნერგო. ჩემი მოსწავლეებიც აღიარებენ, რომ წელს ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესოა ვიდრე აქამდე იყო,“ – ამბობს სოფიო დუმბაძე.


გარდა უცხო ენის პედაგოგებისა, სტაჟირების პროგრამა ხელმისაწვდომია ფიზიკის მასწავლებლებისთვისაც. საჯარო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს საშუალება აქვთ სტაჟირება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაიარონ. მასწავლებელთა პირველი ჯგუფი შვეიცარიაში 2011 წელს გაემგზავრა. მიმდინარე წელს ფიზიკის მასწავლებლებისთვის პროგრამა ჯერ არ ამოქმედებულა.


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნის პედაგოგებს სტაჟირებაზე ყოველწლიურად აგზავნის.


მასწავლებელმა, რომელსაც სტაჟირების უცხოეთში გავლა სურს, აუცილებლად უნდა იცოდეს უცხო ენაც.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: