Batumelebi | როგორ ასრულებს აჭარის მთავრობა ხელმძღვანელის დავალებას როგორ ასრულებს აჭარის მთავრობა ხელმძღვანელის დავალებას – Batumelebi
RU | GE  

როგორ ასრულებს აჭარის მთავრობა ხელმძღვანელის დავალებას

 

ერთიანი ვებპორტალი გასულ წელს აჭარის მთავრობამ მეტი საჯაროობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და გამოქვეყნებული ინფორმაციის მარტივად მისაწვდომობის მიზნით შექმნა. დღეს კი, ამავე ვებპორტალის მიხედვით, მთავრობის აპარატი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ ხელმძღვანელის დავალებას ან არ ასრულებენ, ან მხოლოდ ნაწილობრივ. გამონაკლისი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროა.

 

 

აჭარის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე – Ajara.gov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში საზოგადოების ინტერესის შემცველი მხოლოდ ერთი აქტი გამოუცია. ეს არის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება, რაც გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. განკარგულება 2014 წლის 17 აპრილით თარიღდება. სხვა რაიმე სახის დოკუმენტი აჭარის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე გრაფაში -„საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები“ – გამოქვეყნებული არ არის.

 

მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და ამავდროულად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დავით გაბაიძის განმარტებით, აჭარის მთავრობის ვებპორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს ერთის გარდა საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი სხვა აქტი არ გამოუცია. დავით გაბაიძის თქმით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფორმულირება საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიგოთ: „ინდივიდუალურია ვინ რას ჩათვლის საზოგადოებისთვის საინტერესოდ. შეიძლება თქვენთვის სხვა საკითხია საინტერესო, სხვისთვის – სხვა. თუ ვინმე კონკრეტული გადაწყვეტილებით, ან სხვა კონკრეტული დოკუმენტითაა დაინტერესებული, ჩვენგან ინფორმაციის გაცემის პრობლემა არ არის. შეიძლება გამოითხოვოთ ის და დადგენილ ვადაში მიიღებთ პასუხს“.

 

დავით გაბაიძის თქმით, მისი მუშაობის პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გონიოსთან სადავო ნაკვეთების შემსწავლელი კომისიის შექმნის გარდა კიდევ ბევრი განკარგულება გამოსცა.

 

კითხვაზე, საზოგადოებისთვის საინტერესო აქტი გარდა ერთისა, აჭარის მთავრობას არ გამოუცია და ამიტომ სხვები ვებგვერდზე არ ატვირთეთ? – დავით გაბაიძე პასუხობს, რომ „ასე არ არის“.

 

აჭარის მთავრობის ერთიანი ვებპორტალი

 

აჭარის მთავრობამ დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების შესახებ 2013 წლის ოქტომბერში გამოსცა. დადგენილება სამთავრობო სტრუქტურებს გარკვეული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში გამოქვეყნებას ავალდებულებს.

 

დადგენილების მიხედვით, ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთანაა დაკავშირებული და ინფორმაციები, რომლებიც საზოგადოების ინტერესის შემცველია, მათი ძალაში შესვლიდან ათ დღეში უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა ვინ უნდა განსაზღვროს რომელი ნორმატიული აქტია საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი, ეს მთავრობის დადგენილებაში არ წერია.

 

აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ  ჩამონათვალში სუფთაა დასათაურება: „სამსახურის წლიური ანგარიში“, „სამსახურის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმა“, საქართველოს პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის ყოველწლიურად წარდგენილი ანგარიში“. სხვა ბევრ გრაფაში ინფორმაცია არასრულია და განახლებას საჭიროებს. არის გრაფებიც, სადაც ინფორმაცია განახლებულია.

 

სამთავრობო ვებპორტალის მიხედვით, მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის შესახებ ანგარიშების გრაფაში დღემდე მხოლოდ 2013 წლის მუშაობის ანგარიშია ატვირთული. სუფთაა „სტრატეგიებისა და კონცეფციების, სამოქმედო გეგმის“  შესახებ, ასევე საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი აქტების გრაფა. სხვა თავები მეტ-ნაკლებად განახლებულია. იგივე შეიძლება ითქვას აჭარის სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებზეც.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გამონაკლისია. ამ უწყებას დავალება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე ზედმიწევნით კარგად აქვს შესრულებული. სამინისტროს ყველა ინფორმაცია მითითებულ ვადებშია განახლებული.

 

ჯანდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა მელაშვილია. ანას თქმით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება დამატებით ძალისხმევას ითხოვს, თუმცა „გამოუსვლადი არ არის“: „მე ვუკავშირდები ქვემდებარე უწყებებს, ვაგროვებ ამ ინფორმაციას, ვამუშავებ და გადავცემ მას, ვისაც ვებზე ატვირთვა ევალება. ამას დადგენილებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად ვაკეთებ.“

 

საიტს აქტიურად ანახლებს ბათუმის საკრებულოც. ამ უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები დადგენილებით მითითებულ ვადებს ხშირად არღვევენ.

 

ინფორმაციას არასრულად და ხშირად ვადების დარღვევით ათავსებს ვებგვერდზე ბათუმის მერიაც. 

 

მთავრობის დადგენილება უწყებას მის მიერ გამოცემული აქტების, დადგენილებებისა და საზოგადეობისათვის საინტერესო ინფორმაციის ატვირთვას მათი გამოცემიდან 14 დღის ვადაში ავალდებულებს. ინფორმაციის ნაწილი კი ნახლდება კვარტალურად ან წელიწადში ერთხელ.

 

მთავრობის აპარატს ევალება გააკონტროლოს, თუ როგორ ასრულებენ ზემდგომის დავალებას პროაქტიულ გამოქვეყნებაზე სამთავრობო უწყებები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე