კვირის ამბები

„ლაბორატორია 1918“ ორი წლის შემდეგ

28.02.2015 • 2584
„ლაბორატორია 1918“ ორი წლის შემდეგ

 

 

ალექსანდრა აროშვილი

 

ალექსანდრა აროშვილი „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. მან სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და ახლა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. მისი აზრით, ის მუხტი, რომელიც „ლაბორატორიამ“ ორი წლის წინ მოიტანა, დღეს შესუსტებულია, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა და სხვა ტიპის აქტივობებში ტრანსფორმირდება:

 

„ლაბორატორია 1918“-ში დაარსების დღიდან ვიყავი. მაშინ უფრო სხვა სისტემურ პრობლემებთან გვიწევდა ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასობრივ დონეზე ეს მუხტი, ბუნებრივია ჩაქრა“.

 

ალექსანდრას აზრით, ეს იმ მოლოდინის ბრალია, რომელშიც საზოგადოება დღემდე იმყოფება. „ადამიანები ხელისუფლებისგან ელოდებიან ცვლილებებს. ამიტომ, სტუდენტურმა აქტივობამაც უფრო სხვა სახე მიიღო, ლაბორატორიაც ორგანიზაციული საკითხების გამო დაიშალა, თუმცა ეს მოძრაობა საუნივერსიტეტო აქტივობებით აგრძელებს არსებობას“.

 

ალექსანდრა აროშვილი დღეს საზოგადოებრივი სოლიდარობის აუცილებლობას სოციალურ სფეროში ხედავს: „მე, პირადად, ვიყავი რკინიგზელების აქციაზე, „მწვანე მუშტის“ აქციებზე, ამ თემებით ვარ დაინტერესებული, თუმცა ეს საკითხები ნაკლებად აღწევს ფართო საზოგადოებამდე“.
ალექსანდრას მიაჩნია, რომ საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი მგრძნობელობა უნდა ჰქონოდა და გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობასაც: „სწორედ ამიტომ ვიყავი 31 იანვარს საპროტესტო აქციაზე, რადგან ასეთ დროს საზოგადოების სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ვერც სისტემა და ვერც მანკიერი ჩვევები, რაც საჯარო უწყებებშია გამეფებული, ასე ადვილად ვერ დაინგრევა“, – ამბობს ალექსანდრა. მისი აზრით, სისტემის დანგრევა ქვეყანამ განათლების რეფორმით უნდა დაიწყოს: „ამიტომ ვცდილობთ ჩვენი ძალისხმევა აკადემიურ სივრცეში გადავიტანოთ, რადგან ეს აქციებზე ბევრად მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხია, რომლის მიმართ ახალგაზრდებს არ აქვთ კრიტიკული მიდგომა, დისკუსიის დეფიციტია თითქმის ყველა საკითხის მიმართ, ამიტომ, რაღაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება საზოგადოებამ სწორედ განათლებიდან უნდა დაიწყოს, რომ პროტესტიც სერიოზული და შინაარსიანი იყოს“.

 

დიტო ხუსკივაძე

 

სტუდენტური ძალების მობილიზებას „ლაბორატორია 1918“-ს კიდევ ერთი აქტიური წევრი, დიტო ხუსკივაძეც განათლების სფეროში ხედავს: „უნივერსიტეტში სამი თვეა, რაც ახალი ჯგუფი შეიქმნა, „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი“ ჰქვია. ძირითადად საგანმანათლებლო აქტივობებით შემოვიფარგლებით, ზოგი ლიტერატურას თარგმნის, ზოგი წაკითხულის გარჩევაზე მუშაობს, ცოტა შევცვალეთ გამოხატვის ფორმები“.

 

„ლაბორატორიის“ დაშლა, როგორც დიტო გვეუბნება, ცალკეული საკითხების მიმართ განსხვავებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. „20-50 კაცით აქციაზე დგომა ცვლილებებს ვერ მოიტანს. ცვლილებებს ჯერ სერიოზული თეორიული ცოდნა და იმის გაგება სჭირდება, თუ რისი შეცვლა გინდა. კარგად უნდა იცოდე რას, რისთვის აპროტესტებ“.

 

დიტო ხუსკივაძის აზრით, სისტემურ დანაშაულებებზე საზოგადოების რეაქციები უშედეგო იყო, „სწორედ ამიტომ დავინახეთ ჩვენი მიზნები საგანმანათლებლო აქტივიზმში. კარგად უნდა ვიცოდეთ, რისთვის არიან სტუდენტები მზად და რა უნდათ“.

 

დიტოს აზრით, არც საზოგადოებაა ჩამოყალიბებული იმაში, რა უნდა: „ამიტომ იყო ნაკლები სოლიდარობა ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე. როცა ხაშურში პოლიციელებმა მოკლეს ადამიანი და თქვეს, რომ კიბეზე დაგორდა, მის მკვლელობასაც 12 კაცი აპროტესტებდა. თუ გვაქვს კითხვა, რატომ გამოდის მთელი პარიზი გარეთ, როცა ერთ ადამიანს კლავენ, საქართველოში კი რამდენიმე, მაშინ იმ კითხვაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რა უნდა საზოგადოებას“.

 

სანდრო ცაგარელი

 

სანდრო ცაგარელის აზრით კი, საზოგადოებრივი სოლიდარობა მაშინ შედგება, როცა თითოეული მოქალაქე გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და არ დაელოდება კონკრეტული ჯგუფების პროტესტს: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. წინა რეჟიმი ბევრად საშიში იყო, დღეს შედარებით გახსნილია სიტუაცია და ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა“.

 

სანდრო, ისევე როგორც მისი მეგობრები, მიიჩნევს, რომ დღეს სტუდენტების აქტივობა განათლების სისტემის ცვლილებებისკენ უნდა იყოს მიმართული: „ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნივერსიტეტს თითქოს მოძვრა პარტიული ელემენტი, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. იმდენი არაპროფესიონალი მუშაობს და ისეთი ძლიერია კლანური სისტემა, აუცილებელია ამ სისტემის რეფორმა. ამიტომ, ახლა უნდა ვიყოთ ყველაზე აქტიურები, რომ პროცესები ჩვენი გვერდის ავლით არ წარიმართოს და ახალი საშინელება არ მივიღოთ“.

 

სანდროს აზრით, რესურსი, რომელიც „ლაბორატორია 1918“-ს გააჩნდა, ამ ეტაპზე ამოწურულია: „უნდა გამოჩნდეს ახალი ჯგუფები ახალი ტაქტიკით. ჩვენ ბევრ რამეზე გვაქვს განსხავავებული აზრი, „ეს არ მინდა“ და „არ მომწონს“ – არ არის საკმარისი, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ამიტომ, როცა შევჯერდებით რაღაც ღირებულებებზე, ჩვენი აქტივობაც უფრო მიზანმიმართული იქნება და ავანსცენაზეც მერე გამოვალთ“.

 

სანდროს აზრით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის, რომ თუკი მას არ ემუქრება უსახლკარობა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი უსახლკარობის მიმართ შეიძლება იყო გულგრილი: „საზოგადოებამ ვერ ისწავლა ერთად დგომა სოციალური პრობლემების მოგვარებაშიც კი, რადგან ყველა ცდილობს მარტო გავიდეს ფონს, ინდივიდუალურად დააღწიოს თავი გაჭირვებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: