კვირის ამბები

62,3 მილიონი ხელფასებისთვის – აჭარისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები

13.02.2015 • 2008
62,3 მილიონი ხელფასებისთვის – აჭარისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები

 

 

შემოსავალსა და ხელფასის სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობა უშუალოდ ბიუჯეტებში, მთლიანობაში, 18-დან 25 პროცენტამდეა (გამონაკლისია ქობულეთი). ზოგი სახელმწიფო უწყება კი, ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტს მხოლოდ ხელფასებში ხარჯავს.

აჭარის უმაღლესი საბჭო წელს აჭარის ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის 69,9 პროცენტს გასცემს ხელფასებად. ასევე ხელფასებად გასცემს 92,6 პროცენტს აჭარის საარჩევნო კომისიაც, ხოლო რეგიონის მთავრობა ხელფასებში, მისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 19,7 პროცენტს დახარჯავს.
ბათუმის ბიუჯეტში მათთვის გამოყოფილი თანხიდან ქალაქის საკრებულო ხელფასებისთვის 71,6 პროცენტს გამოიყენებს, ხოლო ბათუმის მერია – 63,8 პროცენტს.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ორგანიზაციებს საკუთარი შემოსავლები და ბიუჯეტები გააჩნიათ. მათი სახელფასო მონაცემები კი ქალაქის ბიუჯეტში არ აისახება (ანალოგიურადაა საქმე ნებისმიერ შპს-სთან მიმართებაში, რომლის დამფუძნებელი/მფლობელიც ესა თუ ის სახელმწიფო უწყება ან მუნიციპალიტეტია). ზოგი ასეთი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან სუბსიდიებსაც იღებს. მაგალითად, შპს ”ბათუმის ავტოტრანსპორტი” ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 3,5 მილიონ ლარ სუბსიდიას მიიღებს (საოპერაციო დეფიციტის დაფარვისთვის); 1,68 მილიონს გადასცემენ შპს „ბათუმის წყალს“; ხოლო 1 მილიონ ლარს – შპს ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს” (კაპიტალის ზრდისთვის). 239 500 ლარით დააფინანსებენ შპს ”ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს”, რომელმაც ეს თანხა ტურისტული ობიექტების (ანბანის კოშკი, პირსი, ბილბორდები) მოვლა-პატრონობისთვის უნდა გამოიყენოს და შემოსავალი ამ ობიექტების გაქირავებით მიიღოს.

საშტატო განრიგით გათვალისწინებული ერთი თვის სახელფასო ფონდი კი ამ ორგანიზაციებში შემდეგნაირადაა განსაზღვრული: „ბათუმის წყალი” – 142 550 ლარი; ”ბათუმის ავტოტრანსპორტი” – 369 519,5 ლარი; „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო – 14 300 ლარი; ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი” – 108 100 ლარი და შპს ”სანდასუფთავება” – 85 500 ლარი თვეში.
წელს ხელფასების სახით აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სულ გაიცემა 35 მილიონ 872 800 ლარი (რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 24,8 პროცენტი), ხოლო ბათუმის ბიუჯეტიდან – 18 მილიონ 45 ათასი ლარი (ქალაქის მთლიანი შემოსავლების 18,4 პროცენტი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასებში გაიცემა მთლიანი შემოსავლების 8,2 პროცენტი, ხელვაჩაურში – 17,4, ქედაში – 20,2, შუახევში – 17,9, ხულოს ბიუჯეტიდან კი შემოსავლების – 22,9 პროცენტი.

თუ ამ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახელფასო მონაცემებსაც (სულ 8 მილიონ 467 520 ლარი) გავითვალისწინებთ, მაშინ აჭარის რესპუბლიკური და ექვსივე მუნიციპალიტეტის (ბათუმის ჩათვლით) ბიუჯეტებიდან წელს ხელფასებისთვის, ჯამში 62 385 320 ლარი გაიცემა.

საჯარო დაწესებულებების მიხედვით შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში თავიდანვეა გაწერილი. მიუხედავად ამისა, იანვრის თვეში ხელფასები დაგვიანებით გაიცა, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საბიუჯეტო საქმიანობის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით ახსნა: „ახალ სისტემაზე გადასვლისას გვქონდა მცირე ხარვეზები, რომლის გამოც საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა ყოველთვიური გასამრჯელოები დაგვიანებით გაიცა“. მინისტრის ინფორმაციით, თებერვლის თვიდან ახალი სისტემა გამართულად იმუშავებს.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო (ე.წ. ცენტრალურ) ბიუჯეტს (რომელიც ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისგან ცალკეა), წელს მხოლოდ ხელფასებისთვის 1,4 მილიარდი ლარია გამოყოფილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი მთლიანი ხარჯის 16 პროცენტია.

ქვეყნის პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები საქართველოს ბიუჯეტიდან მათთვის გამო¬ყოფილი მთლიანი ასიგნებების 54,8 პროცენტს გასცემენ ხელფასის სახით; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – 42,8 პროცენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 40,8 პროცენტს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: