კვირის ამბები

ავთანდილ ბერიძის გადაყენება შესაძლებელი ხდება

04.02.2015 • 1123
ავთანდილ ბერიძის გადაყენება შესაძლებელი ხდება

 

მედეა ვასაძის კოალიციიდან წასვლის შემდეგ არსებითად რა შეიცვლება უმაღლესი საბჭოს მუშაობაში?

თეორიულად არის შესაძლებელი, რომ დარჩენილი 11 ხმით, რაც აღარ არის უმრავლესობის ხმები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადააყენო, თეორიულად არის შესაძლებელი, რომ გადააყენო თავმჯდომარის მოადგილე და ასევე უმაღლეს საბჭოში კომისიის თავმჯდომარეები. ასევე შესაძლებელია ყველა  კანონის იმ რეგულაციით გატანა, რომელიც მოუნდება მმართველი გუნდის გარეთ დარჩენილ 11 დეპუტატს.  მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოზე კონტროლი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. ის აღარ ფლობს დეპუტატების სიითი უმრავლესობის ნახევარზე მეტს.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი?

პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. უბრალოდ, პოლიტიკურად ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ დანაშაული, რადგან ის არაადეკვატურად აღიქვამს პრობლემებს: სოციალურ პრობლემებს სჭირდება სოციალური პასუხები, ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება ეკონომიკური პასუხები და პოლიტიკურ პრობლემებს სჭირდება პოლიტიკური პასუხები. „ქართული ოცნება“ ამ სამივე ნაწილში ძალიან მოიკოჭლებს, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დეპუტაციის დიდი ნაწილი, უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ არის აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე დეპუტატი აპირებს დატოვოს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატების რიგები.

 

ვინ აპირებს?

ამაზე თვითონ გააკეთებენ კომენტარს.

 

მე როგორც მახსოვს, ამაზე ერთხელ ისაუბრა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, ასევე ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი…

მე კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი და ორი დეპუტატი. არის მეტი…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ ართმევდა და ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ისევე როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, მან არ იცის როგორი მიდგომა და მეთოდოლოგიაა საჭირო დეპუტაციასთან მუშაობის დროს. ეს ხალხი ძალიან გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

 

ხომ არ ყოფილა „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციები, ვთქვათ, თავმჯდომარის გადაყენებაზე?

არა. ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ გამართულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ალტერნატივა, როგორი იქნება კონფიგურაცია.

 

ამ ეტაპზე ყველაზე წარმომადგენლობითი დეპუტაცია ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავმჯდომარეც ამ პარტიის წარმომადგენელი გახდეს. თქვენ დაუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე?

„თავისუფალი დემოკრატები“ არ დავუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურას თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1-ელი ოქტომბრის მთავარი შეკვეთა რაც იყო მოსახლეობის მხრიდან, იყოს ის, რომ შეგვეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ ისინი შევცვალეთ. შესაბამისად, ეს გამოვა 1-ელი ოქტომბრის იდეალების ღალატი. მე, პირადად, როგორც ერთი დეპუტატი, ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ამის თაობაზე სხვა დეპუტატების შეხედულებაც ვიცი და ჩვენ პრაქტიკულად ერთი და იგივე აზრი გვაქვს.

 

თქვენ კრიტიკას არ იშურებთ ავთანდილ ბერიძის მიმართ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ, როგორც ერთი დეპუტატი, ემხრობით თანამდებობიდან მის გადაყენებას?

 ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, ჩვენს პარტიის გამგეობის შეკრებაზე ამაზე არ გვისაუბრია. თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, აჭარის ამომრჩეველს საჯაროდ მოვახსენებთ. ეს არის აჭარის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, შესაბამისად, ასე მარტივად პასუხი გამიჭირდება.

 

უმაღლეს საბჭოს უმთავრესი ფუნქცია არის ბიუჯეტის დამტკიცება და წელს ეს უკვე გააკეთა. მაგრამ გაზაფხულზე, ალბათ, შემოვა ბიუჯეტი კორექტირებისთვის. შეძლებს კი უმაღლესი საბჭო ბიუჯეტის კორექტირებას?

„თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვაქვს იმის ამოცანა, რომ ხელოვნურად გავართულოთ ისედაც ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში –  ხელოვნურად ამის გამოწვევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში იქნება აჭარის რეგიონის ინტერესებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: