კვირის ამბები

ვაკანტური თანამდებობები აჭარის მთავრობაში

30.01.2015 • 1878
ვაკანტური თანამდებობები აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში ოთხი ვაკანტური თანამდებობაა: დეპარტამენტის უფროსის ანუ მაღალი რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი პირი შესაძლებელია მთავრობის თავმჯდომარემ ერთპიროვნულადაც შეარჩიოს. სპეციალისტების შესარჩევად კი, კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს.

მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატში ამ დროის მდგომარეობით 9 ვაკანტური თანამდებობაა, მათ შორის სამი არჩილ ხაბაძის სამდივნოში: ვაკანტურია თავმჯდომარის ორი მრჩევლისა და ერთი თანაშემწის თანამდებობა, მთავრობის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად ამ თანამდებობებზე დასანიშნი პირების შერჩევის უფლებამოსილება აქვს, თუმცა შეუძლია კონკურსის წესიც გამოიყენოს.

გარდა ამისა, ერთი ვაკანტური თანამდებობაა მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და ერთიც მონიტორინგის დეპარტამენტში.

”ორი მრჩევლის ვაკანსიაა. ერთ-ერთი გახლდათ კობა ჩხეიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოში აირჩიეს და მეორე – მაია ივანიშვილი დაინიშნა საარქივო სამმართველოს უფროსად. ხათუნა ნაყეური კი, რომელიც თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. ეს თანამდებობა ირაკლი გორაძემ დატოვა, ის საერთაშორისო ორგანიზაციაში გადავიდა სამუშაოდ. მედიასთან ურთიერთობის სამსახურს კი, ერთი შტატი დაემატა”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურია ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების მთავარი სპეციალისტის, ეკონომიკური განვითარების ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსის, ქონების მართვისა და პრივატიზების საინვესტიციო განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და მინისტრის თანაშემწის თანამდებობა. აქედან პირველი სამი თანამდებობა კანონმდებლობით საკონკურსოა, ხოლო თანაშემწეს მინისტრი დავით ბალაძე ერთპიროვნულად შეარჩევს. ეს თანამდებობები სამინისტროში გასული წლის ბოლოს შექმნეს. ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტი, თუმცა ეს თანამდებობა ვაკანტური არ არის, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან მჟავანაძეს უფლემოსილება პასუხისგებაში მიცემის გამო, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა. ძიება ჯერ არ დასრულებულა.

ვაკანტური აღარ არის ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე შპს ”მშენებელი 2000”-ის დირექტორი ნოდარ თებიძე დაინიშნა. მანამდე ქარხნის დირექტორის თანამდებობას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის მაზლი ლევან ჯინჭარაძე იკავებდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისი გათავისუფლებაც უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის გუნდზე თავდასხმად შეაფასეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს. ინჟინერი ნოდარ თებიძე დღემდე კერძო სექტორში მუშაობდა.

უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია განათლების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაც.
ამ დრომდე ვაკანტურია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ასევე აჭარის განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობები. სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა თავად დატოვა, უფრო ზუსტად კი იმავე სააგენტოში მოადგილის თანამდებობაზე დარჩა.

გახმაურებული გათავისუფლებებიდან დღემდე ექვს თვეზე მეტი გავიდა, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ახალი კადრების დანიშვნა? – როლანდ შარაშიძის განმარტებით, მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგაც რიგი დეპარტამენტებისა დააკომპლექტეს, ზოგიერთ თანამდებობაზე კი მონაწილეებმა საკონკურსო ბარიერი ვერ გადალახეს. ”იმ თანამდებობებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მთავრობის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს, მე ვერ გიპასუხებთ”, – ამბობს როლანდ შარაშიძე.

არჩილ ხაბაძე სტატიის მომზადების დროს სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ”ვაკანტურ თანამდებობებზე კადრების დანიშვნის გაჭიანურება ბევრ კითხვას აჩენს”, – მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე: ”როდესაც ადამიანები გაათავისუფლეს სამსახურებიდან, გათავისუფლების მოტივები მაშინაც გაუგებარი იყო და ამ პროცესს პოლიტიკური სარჩულიც დაუდეს. თუ ამ დრომდე ვერ შეარჩიეს დასანიშნი კანდიდატურები, გამოდის, რომ მთავრობა არაეფექტურად მუშაობს. თუ იტყვიან, რომ კადრები ვერ შეარჩიეს, ეს უცნაური იქნება, აჭარაში ბევრ ადამიანს აქვს კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით… ხოლო თუ ეს თანამდებობები საჭირო არ არის, მაშინ გააუქმონ. რამდენ ხანს უნდა არჩევდეს მთავრობა კანდიდატურებს? – ან როგორ ფუნქციონირებს, თუ კადრებსაც კი ვერ არჩევს”.

გადაბეჭდვის წესი