კვირის ამბები

აქცია- “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე”

25.11.2014 • 1357
აქცია- “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე”

 

ნათია ზოიძე

  ნათია, აპირებ თუ არა შეურთდე აქციას ბათუმში და რატომ?

  რა თქმა უნდა ვაპირებ ამ აქციაზე წასვლას და არა იმიტომ, რომ ვმუშაობ არასამთავრობო სექტორში, სადაც ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძვით. ამ აქციაზე მივდივარ არა მხოლოდ როგორც უფლებადამცველი, არამედ როგორც მოქალაქე. მხოლოდ საკუთარი გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, იქ უნდა მივიდეთ ყველა და უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც უმრავლესობას ყოველდღიურობა ჰგონია, რეალურად არის დანაშაული. ქალებს ხშირად გვიყურებენ ისე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ახალი სიცოცხლის გაჩენის ფუნქცია. მე მივდივარ ამ აქციაზე იმიტომ, რომ ვთქვა ის, რაც თურმე ძალიან ბევრმა არ იცის: რომ ქალებს გვაქვს სიცოცხლის უფლება.

 

 რატომ არის ამ აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?

ერთ წელიწადში 25 ქალის სიცოცხლე შეწყდა, მეტი რა შეიძლება მოხდეს, რომ საზოგადოებას გულწრფელი პროტესტი გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც ხდება მსგავსი რამ, მაგრამ სადაც ასეთი სტატისტიკაა, ესე იგი იქ ხალხი ცხოვრობს და არა საზოგადოება. საზოგადოებას რეაგირება პირველივე მსგავს შემთხვევაზე უნდა ჰქონდეს და განგაშის ზარს სცემდეს. ეს ფიზიკური მკვლელობების სტატისტიკაა, თუმცა ჩვენ ირგვლივ რამდენი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როცა ქალს მორალურად კლავენ ყოველ დღე. სწორედ ამის გამო ძალიან ხშირად ქალების უმრავლეობას მონური მორჩილება კანონზომიერება ჰქონია, ან არ ჰგონია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

 ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც თანაბრად იცავს კაცსა და ქალს, თუმცა მკვლელობები გენდერული ნიშნით მაინც ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად?


 სახელმწიფომ უნდა ჩადოს განათლებაში ფული -ეს არის გამოსავალი. მე ბევრჯერ მომისმენია ჩინოვნიკებისგან და ეს ჩინოვნიკები უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები არან, რომ მაგალითად, პოლიტიკაში ქალების მოსვლა, ყბადაღებული თემაა და ეს ქილიკის საგანი ხდება. ხშირად გამიგია – თუ ქალებს არ უნდათ მოსვლა პოლიტიკაში, ძალით ვერ მოიყვანო. ეს არის ძალიან ზედაპირული მსჯელობა. იქ, სადაც ქალებისთვის შანსი არ არსებობს, მამაკაცებისთვის კარი არის ღია _ ძალიან ხშირად გამჩენია ეს განცდა.

ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ჩემი შვილის მასწავლებელთან მომივიდა კამათი.  მისაყვედურა, რატომ ვტვირთავდი ჩემს შვილს ზედმეტად, ქალებმა საკმარისია იმდენი იცოდნენ, რომ სახლი არ დაწვანო _ ამბობდა და ამ კამათისას დაჟინებით მთხოვდა დამესახელებინა ქალები, რომლებმაც მსოფლიოს შეცვლაში წვლილი შეიტანეს. როცა ასეთი მასწავლებელი შედის სკოლაში, ის მისდაუნებურად ბიჭებს აქეზებს, გოგონებს კი მოტივაციას უკლავს. ეს მასწავლებელი დაფასებულია საზოგადოების მხრიდან, ხსნის ურთულეს განტოლებებს, მაგრამ ასეთი ადამიანი, რომ დაფიქრდე, უბრალოდ მკვლელია. აბა, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც იმედებს კლავს?!

მე სამი შვილი მყავს, სამივე გოგოა და როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვცდილობდით  საცხოვრებელი ფართობის გაზრდას, რადგან დიდი ოჯახი ვიყავით, ბევრი „გულშემატკივარი” გვეუბნებოდა: რას იკლავთ თავს, ბიჭი მაინც არ გყავთო. ჩემი აზრით განათლებული და კეთილშობილი ადამიანები ასეთ რამეს არ ამბობენ. ამიტომ არის განათლება მნიშვნელოვანი.



 რაც შეეხება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას…

ეს ნამდვილად არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რეალურად ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ორ ფაქტს გავიხსენებ, როცა ჩემ ირგვლივ ქალები ოჯახურ ძალადობას გაექცნენ. ერთი მათგანი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დადგა, შვილი გაზარდა, ახლა აქვს თითქოს ყველაფერი, მაგრამ მას აღარ ეყო ძალა და გამბედაობა, რომ ახალ პარტნიორზე ეფიქრა. მეორე შემთხვევა, როცა ჩემი ახლობელი ადამიანი გამოექცა ძალადობას, მან დაკარგა მატერიალურად უზრუნველი გარემო. წლები გავიდა მას შემდეგ და ახლა ყველა ქირქილებს ამ ქალზე: `აბა რა ეგონა, რომ მორბოდა სახლიდან, არ სჯობდა მოეთმინა?~ და ჩემთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ ქალი, რომელიც მაშინ თანამოაზრეებს ეძებდა, რომ არ შეიძლებოდა მას ეთმინა ცემა, ეს ქალიც კი ფიქრობს, რომ იქნებ მოთმენა სჯობდა.

ჩვენ, საზოგადოება ვაფიქრებინებთ ქალს ამას, მიგვყავს ამ დონემდე. ხანდახან ყალბი საზოგადოება ვართ, ყალბი ღირებულებებით. ხშირად მქონია განცდა, რომ კარგ ოჯახს რასაც უწოდებენ, ეს არის სიყალბეზე დაფუძნებული ოჯახი, რადგან ამ ოჯახში ძირითადად ზრუნავენ იმაზე, რომ მამაკაცი იყოს პირველ რიგში სათანადოდ წარმოჩენილი. საზოგადოება, მისი ყალბი ღირებულებებით აიძულებს ქალს მოითმინოს ყველაფერი, რადგან თავისუფლება ამ საზოგადოების მთავარი ღირებულება არ არის.

 

 

 რამდენად გულწრფელები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალებზე ძალადობა “მოგონილი თემაა” და ეს სინამდვილეში არ არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა?


  თუ არ გინდა პრობლემის დანახვა, ყველანაირად გაიმართლებ თავს. ერთ მაგალითს ვიტყვი, ბოლო დროს აჭარის მაღალმთიანეთში დავდივარ, სადაც, ისევე როგორც ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, რომ ქალმა არ იცის მისი უფლებების შესახებ. რას ნიშნავს, როდესაც ზამთარში, სამ მეტრ თოვლში ქალს უწევს ჭურჭლის გარეცხვა ეზოში, სიცივეში და არავინ ცდილობს იყიდოს სამი მეტრი მილი, რომ წყალი სახლში შეიყანოს ქალისთვის, რომელიც მთელი ოჯახის ჭურჭელს რეცხავს?! ამას ყველა უყურებს გულგრილად, მერე რა რომ რეცხავს?! ამას ქალი აკეთებს, არ არის კაცის პრობლემა. რეალურად ასეთი პატარა რაღაცებისგან შედგება ყველაფერი და თუ დანახვა არ გინდა, ვერც დაინახავ.

25 ქალს წაართვეს წელს სიცოცხლის უფლება და კიდევ როგორ უნდა თქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს პრობლემა, თუ არა ხარ ბრმა და თუ არ გინდა, რომ იყო ბრმა.

 

 

 რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ აქციას?

 ერთჯერადი აქციები არასოდეს იქნება გარდამტეხი, მაგრამ ამაზე მუდმივად უნდა ვსაუბრობდეთ, მუდმივად უნდა ვიფიქროთ. ერთი აქცია რომ გადაწყვეტს და შეცვლის ყველაფერს _ ასეთი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ასეთი აქციებით ქალები თავიანთი უფლებების შესახებ უფრო მეტს გაიგებენ, უფრო მეტი ქალი გაიგებს, რომ მათი ყოველდღიურობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და კანონზომიერება ჰგონიათ, არ არის კანონი და ამის შეცვლა შესაძლებელია.

 

 

გადაბეჭდვის წესი