კვირის ამბები

ქუჩის მუსიკოსი ბათუმიდან

18.11.2014 • 2275
ქუჩის მუსიკოსი ბათუმიდან

 

 

თუ დილით მზე ამოვა, უკვე იცის, რომ ის დღე წარმატებული იქნება. მზიანი დღე იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ხელში გიტარა აიღოს და თავის “სცენაზე” გავიდეს. “სცენა” ყველგან დააქვს, ზღვისპირას უფრო ხშირად უკრავს, ამბობს რომ უცხოელები უფრო მეტად გამოხატავენ მის მიმართ სიმპათიას: “სადაც არ უნდა იყო, იქ უნდა აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. აი, მაშინ გამოვა ის, რაც მართლა გსურს. ჩემი აზრით, მუსიკას საქართველოში ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე მუსიკა პროფესიად მექცა. ჩამოვყალიბდი ქუჩის მუსიკოსად, თავს კომფორტულად ვგრძნობ ასე, მაბედნიერებს ის, რომ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს ჩემი მუსიკა აჩერებს, ძალიან რომ ეჩქარებოდეთ მაინც, რამდენიმე წუთს ჩერდებიან, ეს ჩემთვის არის შედეგი” – ამბობს გიორგი რულენკო.

 

გიორგი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ნახევრად უკრაინელია და ნახევრად რუსი. ქართული 22 წლის ასაკში ისწავლა: “შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარენოი ბათუმელი ვარ” – იცინის გიორგი, – მამა უკრაინელი მყავს, დედა რუსი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩემი ბებიები და ბაბუები გადმოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად. სწორედ აქ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი, მამაჩემი რუსულ ჯარში მსახურობს და როცა ჯარი გავიდა საქართველოდან, მამასაც მოუწია წასვლა. სახლში მხოლოდ რუსულად ვლაპარაკობდით, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართული, მერე მუშაობა “რანდში” დავიწყე, იქ ნახევარი წელი ვმუშაობდი, არავინ იცოდა რუსული და 22 წლის ასაკში ავლაპარაკდი ქართულად, ცოტა კი მიჭირს და რაღაცეები მეშლება, მაგრამ ვცდილობ. ქართულის სწავლის სურვილი კი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი რუსეთში წასვლაზე, საქართველოში პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მერე აქაც დავინახე პერსპექტივა და აღარ მომინდა იქ წასვლა, ახლაც აღარ მინდა” – ამბობს გიორგი.

 


მუსიკასთან კავშირი თავად აღმოაჩინა, მაშინ 16 წლის იყო და სკოლის ჯგუფში დრამზე უკრავდა: “სკოლაში შედგა ჩემი კონტაქტი მუსიკასთან, ჩემი ფიქრები სულ მუსიკას უკავშირდებოდა, ცოტა გვიან კი დავიწყე, მაგრამ მაინც ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი.
მამაჩემი მხატვარია, პეიზაჟების ხატვა უყვარს, ამით ალბათ განტვირთვას ახდენს სამხედრო სამსახურის შემდეგ. დედა მთელი ცხოვრება ბათუმის ფოსტის შენობაში მუშაობდა, ამით იმის თქმა მინდა რომ მუსიკალური ნიჭი არ გადმომყოლია მშობლებისგან, საერთოდ ჩემი მშობლები განქორწინებულები იყვნენ, მე ბებიამ გამზარდა” – გვიყვება გიორგი.

 

მუსიკალური ჟანრის მიგნება არ გაჭირვებია, დრამზე დაკვრისთანავე მიხვდა, რომ ამით ვერ გადმოსცემდა იმ მუსიკას რაც გულში ჰქონდა. მუსიკას წერს მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მხოლოდ ქავერებზე მუშაობს: “სხვებმა არ იციან, როგორი მუსიკა მაქვს გულში, ძალიან მომწონს ბრიტანული როკი, “პლაცებო” “რადიოჰედი”… ამ ჟანრში თავს კარგად ვგრძნობ, მსმენელსაც მოსწონს. ბევრი ფესტივალია, რომელზეც დაკვრა ოცნებად მექცა, იმედია ბედი მიმიყვანს იმ სცენებამდე” – ამბობს გიორგი.

 


მუსიკაში თუ თავი ადვილად იპოვა, იმავეს ვერ ვიტყვით საქმიანობაზე, ოთხი წელი მეზღვაურად მუშაობდა, არის პიარმენეჯერი, მეთევზე: “ოთხი წელი მეზღვაური ვიყავი, რთული პროფესია არ არის, მაგრამ როცა გყავს ოჯახი, გირთულდება მარტოობა. თვეობით არ შემეძლო მეუღლისგან შორს ყოფნა, ამიტომაც დავანებე თავი ამ საქმეს, ახლა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქუჩის მუსიკოსობაა.”

 

მუსიკასთან ერთად საქმიანობათ მეორე ჰობი თევზაობაც აქცია, თევზაობა ბაბუამ ასწავლა, პატარა იყო როცა დამოიკიდებლად დაიწყო ეს საქმე: “ვერ წარმომიდგენია უკვე ჩემი თავი ამის გარეშე, მეგობართან ერთად ვთევზაობ, გვყავს ნავი, ძირითადად ნინოშვილზე. როცა ბევრი თევზია, ვყიდი კიდეც, ისე კი ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ, საოცარი აზარტი აქვს, სისხლში მაქვს ეს საქმე უკვე, 24 საათი შემიძლია თევზაობა.”

 


გიორგი შვიდი თვის წინ დაქორწინდა, მისი მეუღლე ნახევარდ რუსია, საქართველოში ხუთი წელია რაც ცხოვრობს: “იქამდე რუსეთში ცხოვრობდა, უკვე საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. შვიდი თვის წინ გავიცანი სოციალურ ქსელში, გაცნობიდან ერთ კვირაში დავქორწინდით, მივხვდით, რომ ეს იყო სიყვარული, რატომ უნდა გვეცადა. შვიდი თვეა ერთად ვართ, გვყავს ძაღლი და კატა, ერთად ვუვლით.”

 

გიორგის რამდენიმე თვის წინ საკუთარი ჯგუფი ჰქონდა, რომელმაც ნახევარი წელი იარსება. ამბობს, რომ საქართველოში წარმატებისთვის ფული და კონტაქტებია საჭირო და რადგანაც ჯერ არც ერთი არ აქვს თავს ბედს მიანდობს: “ხარისხი თუ არ ექნება შესრულებულ მუსიკას, არაფერი გამოვა, არავინ გაჩერდება შენს წინ, ამიტომაც ბევრს ვმუშაობ. “ერედელის” ბარში, ოვერთაიმში, კორპორატიულ საღამოებზე და სადღესასწაულო დღეებში ვუკრავდი ჩემს ჯგუფთან ერთად, ჯგუფმა ნახევარი წელი იარსება, პერსპექტივას ვერ ვხედავდით და დავიშალეთ. თუ გინდა გახდე ვარსკვლავი, ფანატიკურად უნდა გსურდეს ეს. მე მაქვს ეს რწმენა, არ ვტოვებ ოცნებას, წარმოვიდგენ ხოლმე თავს ცნობილ როკ-ფესტივალებზე. ვიცი რომ ერთ დღეს ამ ფესტივალზე გამოვალ ჩემი გიტარით.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: