კვირის ამბები

ექიმის ეთიკა და პაციენტი

16.11.2014 • 5102
ექიმის ეთიკა და პაციენტი

 

ექიმის ეთიკის კოდექსი ექიმს ავალდებულებს აღიაროს პაციენტის უფლება, მონაწილეობდეს მისთვის სამედიცინო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ეთიკის კოდექსის მიხედვით, ინფორმირებული თანხმობა პაციენტთან ურთიერთობის ფუძემდებელი პრინციპია. გარდა ამისა, ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“.

 

პრაქტიკაში კი ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს კანონი ავალდებულებს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე მიიღოს პაციენტის თანხმობა, პაციენტს მიაწოდოს (ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია, ზოგიერთი ექიმი ძალიან ღიზიანდება პაციენტის ამ მოთხოვნაზე; ან ინფორმაციას, მიუხედავად კანონმდებლობით და ეთიკური კოდექსით დაწესებული აკრძალვისა, პაციენტთან შეთანხმების გარეშე გასცემს სხვა პაციენტებთან.

 

ასე მოხდა ნ.ე.-ს შემთხვევაში. ნ.-ე.-მ კარდიოლოგს მიმართა კონსულტაციისთვის. სამედიცინო დაწესებულებაში მეორე დღეს იგივე სპეციალისტთან მისვლისას აღმოაჩნა, რომ ექიმმა მისი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოში დასაქმებულ ნ-ს ნაცნობებს უამბო. „ძალიან უხერხული იყო. არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ავად ვარ და მკურნალობა მჭირდება. ექიმს რომ ვკითხე, რატომ უთხარით სხვებს-მეთქი, სიცილით მითხრა, რა გჭირს ისეთი, დასამალი რომ იყოსო. არ მინდა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ასე გასცენ ინფორმაცია. მეტს არ მივალ იმ ექიმთან“, – ამბობს ნ.ე.

 

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების უფროსი, პაატა ბუკია ამბობს, რომ ექიმის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წელს მათთან 175 განცხადება და საჩივარია შესული – ძირითადი შენიშვნები სამედიცინო მომსახურების ხარისხს უკავშირდება. „როგორც წესი, მომსახურების ხარისხში თავისთავად იკვეთება გარკვეული ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტებიც, თუმცა გადაწყვეტილება, ექიმისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ეთიკური ნორმის დარღვევის საფუძველზე ჩამოყალიბებულიყოს – არ ყოფილა“, – ამბობს ის.

 

ექიმისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრება, შეიძლება გულისხმობდეს წერილობით გაფრთხილებას, საქმიანობის შეჩერებას და გამონაკლის შემთხვევაში სერტიფიკატის გაუქმება. პაატა ბუკიას თქმით, პირველი ინსტანცია, ვისაც პაციენტმა, ექიმის მიერ ეთიკური ნორმის დარღვევის გამო უნდა მიმართოს, ის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მომსახურება გაეწია პაციენტს. სამედიცინო დაწესებულებებში, ამ საკითხს ეთიკის კომისიები განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების სააგენტოს ეთიკური და დეონტოლოგიური (პაციენტთან კომუნიკაციისა და მოპყრობის) საკითხების შესახებ განაცხადით მიმართავს პაციენტი, სააგენტო დეტალურად შეისწავლის საქმეს და განხილვის მასალებს ისევ დაწესებულებას გაუგზავნის.

 

ჯანმრთელობის ცენტრი `მედინას~ ხელმძღვანელი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ ექიმის მიერ ეთიკური ნორმის დარვევის გამო პაციენტები მასაც მიმართავენ. „ეს არც თუ ისე ხშირად ხდება, შეიძლება სულ რამდენიმე განცხადება შემოვიდეს წელიწადში. როგორც წესი, ეს არის ჩივილები იმის შესახებ, რომ ექიმი უხეშად ელაპარაკა, ან კარგად არ გაარკვია პაციენტი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ.“ ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე არავის სურს ჰყავდეს უხეში პერსონალი, სწორედ ამიტომ, ეთიკური მიზეზების გამო, წერილობითი გაფრთხილების გარდა, ერთ-ერთი კადრი სამსახურიდანაც კი ჰყავთ დათხოვილი.

 

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, გარდა ექიმების მხრიდან ეთიკური დარღვევებისა, ხშირად პაციენტიც არღვევს ნორმებს: „ბევრ უცხო ქვეყანაში ვარ ნამუშევარი და ასე არსად ხდება. როცა პაციენტს ეუბნები, რომ არ შეიძლება რეანიმაციაში შესვლა – არ ესმით, არც ის ესმით, რომ ამ კონკრეტულ დროს პაციენტის ნახვა არ შეიძლება და აქეთ გაგდებენ სინდისზე _ `როგორ, დედასაც არ შეახედებთ ერთი თვალით?~ ვეუბნებით, რომ ხილის მოტანა არ შეიძლება _ მაინც მოაქვთ, ვეუბნებით, რომ პური უფასოა, რამდენიც უნდა პაციენტს იმდენს ვაძლევთ _ მაინც სამი ბუხანკით მოდიან… დარღვევები ორივე მხრიდან არის“.

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში ამბობს, რომ  ეთიკური დარღვევის გამო მას იშვიათად მიმართავენ პაციენტები. ზოგადად კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც ჰყავს ეთიკის კომისია, რომელიც ასეთ შემთხვევებს განიხილავს. მალხაზ ხალვაშის თქმით, ეს პროცესი ხშირად თვითრეგულირებადია: „ჩვენ საკმაოდ პატარა არეალში ვცხოვრობთ, თუ ექიმი არაეთიკურად ექცევა პაციენტს, ამის შესახებ მალევე ხდება ცნობილი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მას, პაციენტები, უბრალოდ, აღარ მიმართავენ. თუ პაციენტი ამის შესახებ განცხადებით მომართავს ადმინისტრაციას, მაშინ საკითხს ჩვენი ეთიკის საბჭო განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

 

აჭარაში პაციენტის უფლებებს მედიაციის დეპარტამენტი იცავს. ჯანდაცვის ომბუდსმენი ანზორ ბალაძე ამბობს, რომ ექიმის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევის გამო მისთვის ჯერ არ მიუმართავთ – „ხოლო იმ განცხადებების განხილვისას, რომლებიც ექიმების მიერ პაციენტის უფლებების დარღვევას შეეხებოდა, უმრავლეს შემთხვევაში ექიმის მხრიდან დარღვევა არ დაფიქსირდა და ადგილი ჰქონდა გაუგებრობას“. მისივე თქმით, აჭარაშიც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ასეთი განცხადების საფუძველზე გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებს ექიმებთან კონტრაქტი შეუწყვეტიათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: