კვირის ამბები

„დედა, წითელი სახურავები!“

14.11.2014 • 2800
„დედა, წითელი სახურავები!“

„ჩემი ოჯახი სულ დევნაში იყო. 37 წელში დიდი ბაბუა, ხასან ქოქოლაძე მხოლოდ იმიტომ აითვალწუნეს, რომ კოლმეურნეობა არ მოსწონდა. ქოქოლაძეები შეძლებული ხალხი ვიყავით, საკუთარი წისქვილი, სამლოცველო, სათიბები და ტყე გვქონდა. ხალხი სასოწარკვეთაში ჩავარდა, როცა ამხელა ქონების ჩამორთმევა დაიწყეს. დამსმენები ბევრი ჰყავდათ – მედლები რომ მიეღოთ, აქაოდა ბევრი ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ხალხი დავიჭირეთო, ყველას სწირავდნენ. დაიჭირეს ბაბუა და დიდ ბებიას შვიდი მცირეწლოვანი შვილი დარჩენია. ბიჭები რომ წამოიზარდნენ, შემდეგ მათ დაუწყეს დევნა. ოთხიდან ორი ბიჭი თურქეთში გაიქცა.

ჩვენი ხალხი ძლიერი იყო ფიზიკურად, სცემდნენ ხოლმე რუს ჯარისკაცებს, ამიტომ  ბაბუაჩემი რომ არ გაქცეულიყო, ხელზე „ავჩარკა“ მიაბეს“, – იხსენებს ნერმინე ქოქოლაძე.

საბჭოთა რეპრესიები ქოქოლაძეების ოჯახში არ წყდებოდა. ამჯერად მათი მსხვერპლი, ახმედ ქოქოლაძის საქართველოში დარჩენილი შვილები გახდნენ.

„მამაჩემის ბაბუა ხომ დაიჭირეს და მისი შვილებსაც სდევნიდნენ, შემდეგ ჩემი ბაბუის ოჯახსაც შეეხნენ.

ბაბუას ოთხი ბიჭი ჰყოლია. ერთ-ერთი მამაჩემი იყო. ის პატარა იყო და სკოლაში არ დადიოდა. ორი ძმა სწავლობდა ჩხუტუნეთის ინტერნატში. უფროსი უსუპი, რომელიც 16 წლის იყო და მასზე უმცროსი 13 წლის, გამოუყვანიათ და სახალხოდ გაულანძღიათ. თქვენც მავნებლის შვილები ხართო და სკოლიდან გამოყარეს. თურმე ბავშვებსაც დაჭერას უპირებდნენ. პოლიციაში რომ დაიბარეს, ბიჭები მიხვდნენ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ და თურქეთში გაიქცნენ. მესაზღვრეებს დაუკავებიათ და ციხეში ჩაუსვამთ. იქ პატარა ბიჭი ავად გამხდარა და მომკვდარა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ბიძაჩემი სამშობლოში დაბრუნდა. უნდოდა ჩაბარებულიყო, მაგრამ დაასწრეს, დაასმინეს. დააჭერინეს და როგორც მოღალატე ისე დახვრიტეს.

იმ დროს მამაჩემი ცოცხალი აღარ ყოფილა, 1939 წელს ჯარში წაიყვანეს. ომიდან დაჭრილი დაბრუნდა. ერთი ტყვია ფილტვში ჰქონდა, მეორე ფეხში. ექიმმა უთხრა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ამიტომ ცოლის მოყვანაზე თურმე უარს ამბობდა. ბებიაჩემს მაინც დაუჟინია და მერე მოიყვანა დედაჩემი. კოლმეურნეობისთვის ხე-ტყეს ამზადებინებდნენ, ამიტომ მდგომარეობა დაუმძიმდა და მალე გარდაიცვალა“.

ნერმინე ხუთი წლის იყო, მისი ძმა კი ერთის, როცა რეპრესიების ტალღამ ისევ გადაუარა მათ ოჯახს. ამჯერად მათ გადასახლების ჯერი იყო.

„ჯარისკაცების გამოჩენის ყველას გვეშინოდა, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ. ბებიაჩემმა ტირილი და ყვირილი მორთო, როცა სახლთან სამხედროები დაინახა.

დეკემბერი იყო, ალბათ თოვლიანი პერიოდი იმიტომ შეარჩიეს, რომ არსად გავქცეულიყავით. დაგვატოვებინეს ყველაფერი და წაგვიყვანეს. კიდევ კარგი კალოშები მაინც გვქონდა, ფეხი გვისრიალებდა თოვლზე და სულ გაყინულები ვიყავით. ჩემმა ძმამ ტირილი დაიწყო, ერთმა ჯარისკაცმა, ხელაძე იყო გვარად, ხელთათმანი გაიხადა და მისცა. იმდენ სისასტიკეს ვხედავდით ყველგან, რომ ეს პატარა ყურადღება მთელი ცხოვრება გულში ჩაგვრჩა ყველას. ჩემი ძმა დიდხანს ინახავდა ამ ხელთათმანებს“.

ეშელონში გატარებული დღეები ნერმინესთვისაც ისეთივე საზარელი იყო, როგორც ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადასახლების ავბედითი დღეები გაიარა.

„მე პატარა ვიყავი და პატარების სიკვდილს უფრო განვიცდიდი. ერთ ხულოელს შვიდი წლის ბიჭი გარდაეცვალა. სიცხე მისცა და წყალს ითხოვდა – „ღმერთმა დაწყევლოს ეს ვაგონი“, იძახდა დედამისი და ტიროდა. მეორე მალაყმაძის ჩვილი იყო, სამი თვის. შვილი გვიან შეეძინათ მშობლებს, ძლივს ეღირსათ და წარმოიდგინეთ რა ტრაგედია იქნებოდა მათთვის, რუსეთის გაყინულ გზებზე რომ უწევდათ მისი ცხედრის დატოვება“.

ნერმინე ქოქოლაძის ოჯახი ყაზახეთში, უზბეკეთის საზღვართან ახლოს დასახლდა. მათაც ისეთივე მძიმე დღეები გამოიარეს, როგორც იქ მოხვედრილმა სხვა ადამიანებმა – შიმშილი, სიცივე და გაჭირვება.

„სანამ აქედან წაღებული მჭადი და ერბო გვქონდა, გაგვქონდა თავი. მერე დავიწყეთ კოლმეურნეობაში მუშაობა. პატარა ვიყავი, მაგრამ ვშრომობდი. პურის კაკალს გვაძლევდნენ, თუმცა წისქვილები არ იყო და ხელის საფქვავს ვიყენებდით. ბიძაჩემმა ბუხარი გაგვიკეთა და იქ ვაცხობდით ხოლმე პურს.

გადასახლებაში ახალნამშობიარევი ბიცოლაც გვახლდა. სამწუხაროდ, ჩვილს ვერ მოვუარეთ და გარდაიცვალა. ამის მერე ბიცოლას ერთი ბიჭი შეეძინა, ოქრო დავარქვით. მან გაუძლო გადასახლებას, მაგრამ ტყუპი ბავშვები რომ შეეძინათ, ისინი დაიღუპნენ“.

ტრაგედიებისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ბავშვები მაინც ცდილობდნენ ყოველდღიურობის შეცვლას:

„უზარმაზარი სარწყავი არხები იყო და იქ ვბანაობდით ხოლმე. მე და ჩემი მეგობარი გოგო ძალიან ანცები ვიყავით. სიმაღლეზე ავიდოდით და არხში აქედან ვხტებოდით. ჩემს ძმას ეშინოდა გადმოხტომა. ერთხელ ვუთხარი – გაბედე-მეთქი და გადავახტუნე. წყალში გადაჭრილი არმატურები იყო, იმაზე ფეხი დაარტყა და დაიზიანა. ერთხელაც, მაწვნიანი ქილის გასარეცხად გაგვიშვა დედამ.

ქილა ჩემს ძმას მივეცი და ვუთხარი გაერეცხა. თურმე წყალი აწეული იყო არხში და შიგ ჩავარდა. მე ავტეხე კივილი, გამოვარდა ბებიაჩემი, რომელიც ხნიერი და საკმაოდ ჭარბწონიანი ქალი იყო, თუმცა თავქუდმოგლეჯილი სდია მდინარეს და მოსახვევში დაიჭირა ჩემი ძმა“.

ნერმინე თავს ვერ იკავებს და ტირის, როცა სამშობლოში დაბრუნების წუთებზე გვიყვება: „როცა მატარებელი სოხუმში შემოვიდა და  ხეები, ფერადი სახურავები დავინახეთ, ცრემლებად დავიღვარეთ. „დედა წითელი სახურავები, სახლები“, – ვიძახდით მე და ჩემი ძმა და ვტიროდით. არასოდეს დამავიწყდება ეს ემოცია და არც ის ტკივილი, რაც საბჭოთა რეპრესიებმა მოგვაყენა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: