კვირის ამბები

ბათუმელი მოსწავლე ლონდონის სკოლაში

12.11.2014 • 2225
ბათუმელი მოსწავლე ლონდონის სკოლაში

 

ნიკა აბჟანდაძე, ირინა ხაჟალია და ETI 2000-ის მოსწავლეები
ნიკა აბჟანდაძე, ირინა ხაჟალია და ETI 2000-ის მოსწავლეები

„კონკურსში რეგისტრაციის შემდეგ ონლაინტესტი დავწერეთ, ნაშრომებს ინგლისელები ამოწმებენ. ამის მერე მოგვიწია სკოლის დირექტორებთან (ფსიქოლოგებთან) გასაუბრება, სადაც უნდა გამოგვევლინა ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი. ცოდნაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ მქონია გამარჯვების მოლოდინი, ეს დიდი წარმატებაა ჩემთვის, პასუხები აპრილში მოვიდა. ძალიან დავიბენი, როცა გავიგე, რომ ლონდონის სკოლაში ერთი წლით სასწავლებლად მიმიწვიეს. ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება საინტერესოდ შეიცვლებოდა“, –  ამბობს ნიკა.

 

HMC  საქველმოქმედო პროექტია, რომელიც ბრიტანული სკოლის დირექტორების ასოციაციის მიერ არის დაარსებული. პროექტის ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სასწავლებლად ერთი წლით მიემგზავრებიან ბრიტანულ სკოლებში. პროექტში მონაწილეობა შეუძლია მოსწავლეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, ამას გარდა პროექტში ჩართული მოსწავლის ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ფუნტის ექვივალენტს ლარებში. ნიკა აბჟანდაძე ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ის 29 აგვისტოს გაემგზავრა ლონდონში სასწავლებლად. ამბობს, რომ იქ არსებულმა რეალობამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, New Hall -ის კამპუსში ნიკა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

 

„სკოლა ქალაქგარეთ მდებარეობს. ყველაზე მეტად გამაკვირვა დისციპლინამ და ამავდროულად მეგობრულმა დამოკიდებულებამ. ინგლისელები მზად არიან ნებისმიერ დროს დაგეხმარონ“, –  ამბობს ნიკა, რომელიც გვიყვება, თუ როგორი შეშინებული იყო ლონდონის უზარმაზარ სკოლაში, სადაც ის ერთადერთი ქართველი მოსწავლეა. „არავის ვიცნობდი. პირველი კვირა გამიჭირდა, ყველაზე მეტად ურთიერთობა მიჭირდა. ჩქარა გელაპარაკებიან, არ ფიქრობენ იმაზე, რომ შენ ისე კარგად არ იცი ენა, როგორც მათ. ინგლისელებს ნეიტრალურ თემებზე უყვართ საუბარი, საკუთარ თავს არ ეხებიან, ქართველები ხომ მუდმივად პირად საკითხებზე ვსაუბრობთ, როცა მე ველაპარაკებოდი ჩემს თავზე, ვამჩნევდი, რომ არ აინტერესებდათ ეს. კარგად რომ გამიცნეს, მხოლოდ ამის შემდეგ მკითხეს პირად თემებზე“, – ამბობს ნიკა.

 

ნიკა ახლა „New Hall“-ში ოთხ საგანს სწავლობს – ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს: „ოთხი საგანი ავირჩიე. სამწუხაროდ, აქ ვერ ირჩევ იმას, თუ რისი სწავლა გინდა, იქ სკოლებშიც ისეთი მიდგომები აქვთ, როგორც უნივერსიტეტებში. ასე უფრო ღრმად სწავლობ იმ საგანს, რაც გჭირდება. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო მასწავლებელს თუ დახმარება გჭირდება, მაგალითებით ხსნიან ყველაფერს, აკეთებენ პრეზენტაციებს, გვინიშნავენ იმას, რაც არის მთავარი.

 

ყველაზე მეტ დროს სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში ატარებენ. აქ ბევრი რესურსია იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. მთელ სკოლაში არის ინტერნეტი, გვაქვს კომპიუტერების ოთახი ყველა სართულზე. რთულია ბალანსის დაცვა სწავლასა და ურთიერთობებს შორის, მხოლოდ სწავლას თუ დაუთმე დრო, მაღალი ნიშნები გექნება, მაგრამ ურთიერთობები – აღარ. თუ სოციალურ საკითხებს დაუთმობ მეტ დროს, მაშინ პირიქით. ამ ბალანსის დაცვას მუდმივი მუშაობა სჭირდება, უნდა იყო აქტიურიც. ამის მიუხედავად, მე ყველაზე დიდ დროს იქ მაინც სწავლას ვუთმობ, დღეში ხუთი საათი ვსწავლობდი ერთ საგანს, სულ უნდა იმეორო განვლილი მასალა, რადგან არ იცი ტესტი როდის იქნება, ამიტომ სულ მეცადინეობაში ვარ. გართობის საშუალებებიც გვაქვს სკოლაში, მაგრამ საღამოს შვიდი საათიდან 10 საათამდე მთელს კამპუსში ამოწმებენ ვმეცადინეობთ თუ არა“, – გვიყვება ნიკა.

 

ნიკა აბჟანდაძე სემესტრულ არდადეგებს ბათუმში ატარებს. სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით მან ექსკურსიაზე წასვლას სახლში დაბრუნება არჩია, მგზავრობის ხარჯები სკოლამ გაიღო: „ორკვირიანი დასვენებაა სემესტრში, მე ბათუმში წამოსვლა მერჩივნა. მალე ისევ გავემგზავრები, ახლა სკოლაში ტრადიციული დღეები უნდა მოვაწყოთ, მე ქართული ჩოხა მიმაქვს, საქართველო რომ წარმოვადგინო.“

 

 

სემესტრის დახურვის შემდეგ ნიკამ ბრიტანეთში სწავლისთვის კიდევ ერთი წელი მოიპოვა, მისი შემდგომი წლის სწავლა „New Hall“-მა დააფინანსა: „სკოლას მოეწონა ჩემი შედეგები, გადაწყვიტეს, რომ დამტოვონ. შესაბამისად სკოლას ბრიტანეთში დავამთავრებ, მერე სწავლის გაგრძელებაც ისევ იქ მინდა, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა მიმართულებას ავირჩევ. სკოლა მეხმარება, რომ ეს გზა წარმატებით გავიარო.“

 

ნიკა ინგლისური ენის ცენტრ „ETI 2000“-ში სწავლობდა. სწორედ ეს ცენტრი თანამშრომლობს HMC  საგრანტო პროექტთან. ცენტრმა 2015 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების შერჩევა წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო. შერჩევა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 01.03.1998-01.09.1999 პერიოდში და წარმატებით გაიაროს საგრანტო კონკურსი, ამით ის მოიპოვებს საგზურს ბრიტანეთის სკოლაში ერთი ან ორი წლით სასწავლებლად. წარმატებული კანდიდატი ფინანსდება 30000–40000 ფუნტის სტიპენდიით. კანდიდატის ოჯახი იხდის მხოლოდ ინტერვიუს (50 ლარს) და მგზავრობის ხარჯებს.

 

 

„ ETI 2000“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, დაინტერესებულ პირებს ურჩევს ცენტრს მიმართონ: „თუ გინდა კარგი განათლება, ეს არის საუკეთესო შანსი. მთავარია, მოსწავლეებმა ეს შანსი გამოიყენონ. ყველა ქვეყანას ეძლევა 25 ადგილი, მაგრამ თუ მეტი მოიპოვებს გრანტს, მაშინ ამატებს ადგილებს ბრიტანული მხარე. შარშან, სამწუხაროდ, აჭარიდან ბრიტანეთში მხოლოდ სამი მოსწავლე გაემგზავრა. ჩვენ ვეხმარებით მხოლოდ ამ საგრანტო პროგრამის ინფორმაციის გავრცელებაში, აპლიკანტებს რეგისტრაციაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ჩემი ცენტრის მოსწავლე. მთავარია, აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. ტესტირება თბილისში ტარდება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: