კვირის ამბები

“იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“

08.11.2014 • 2359
“იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“

 

„ყველა ეტაპს აქვს კარგი მოსაგონარი, ამიტომაც არაფერზე მწყდება გული გარდა იმისა, რომ მგონია დრო გამირბის და ვერაფერს ვასწრებ. ახლა 23 წლის ვარ და ჯერ კიდევ დოქტორანტი, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი უბედურება, იმიტომ, რომ ორი წლის წინ შემეძლო ვყოფილიყავი. მეცხრე კლასში მინდოდა სკოლა ექსტერნად დამემთავრებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. სკოლა 16 წლისამ დავასრულე და იმავე წელს ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მერე დაიხურა ეს მიმართულება და გადავედი ფილოლოგიურზე. 15 წლიდან მყავდა მოსწავლეები ინგლისურში. ხუთი წლიდან ვსწავლობ ენას, არასოდეს მიფიქრია, რომ ამ ენას ვასწავლიდი, ენის ცოდნა არაფრად მიმაჩნდა. 17-18 წლის ვიყავი, როცა ხიჭაურის სკოლა-გიმნაზიაში შემომთავაზეს ინგლისურის მასწავლებლობა“ – გვიყვება თამარი, რომელიც ინგლისურსა და ანტიკურ ლიტერატურას ახლა სტუდენტებს ასწავლის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერ მოწვეული პედაგოგია, თუმცა იმედოვნებს რომ მომავალ წელს შეძლებს აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის მიღებას: „ლექტორი უნდა იყოს ძალიან მომთხოვნი და ამავე დროს მოტივატორი სტუდენტის, უნდა შეაყვარო ის, რასაც ასწავლი. თითქმის ჩემი თანატოლები არიან ვისაც ახლა ვასწავლი, არასოდეს მქონია დისტანციის დაცვის პრობლემა, როცა შევდივარ აუდიტორიაში, იქ ყველაფერი ლაგდება. უბრალოდ ვუხსნი სტუდენტებს, რომ თუ არ ისწავლიან, ვერაფერს მიაღწევენ“ – ამბობს თამარი.

 

 

„სოლარული მითების ტრანსფორმაცია ქრისტიანულ კულტურაში“ – ეს თამარის საკვლევი თემაა. ამბობს, რომ არ აშინებს შესაძლო უარყოფითი განწყობა, რაც შეიძლება თემას მოჰყვეს საზოგადოების მხრიდან: „მართლმადიდებლობა არ არის იმ სახით შენარჩუნებული, როგორი სახითაც ის გავრცელდა საქართველოში. ჩემს თემაში იქნება საუბარი იმაზეც, რომ იესო ერთ-ერთი მზის კულტის გამოსახულებაა, როგორც მრავალი ღმერთი მანამდე. ვიცი, რომ ბევრი მოდავე ეყოლება ჩემს თემას, მზად ვარ, მათ არგუმენტებით ველაპარაკო“ –  იმედიანად აღნიშნავს თამარი.

 

 

თამარი ოთხ ცოცხალ ენას: ინგლისურს, რუსულს, ფრანგულსა და ივრითს (მხოლოდ ამ უკანასკნელს სწავლობდა პედაგოგის დახმარებით) ფლობს, ახლა სწავლობს ესპანურს და ცდილობს გერმანულის გახსენებას. იცის მკვდარი ენებიც: ძველი ბერძნული, ლათინური, შუმერული და სანსკრიტი. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ინტერესებიდან გამომდინარეობს: „ძალიან მინდოდა ქუმრანის ხელნაწერების წაკითხვა ორიგინალში, ის რაც კანონიკურ სახარებებში გვხვდება სახეშეცვლილია, ისევე როგორც არაკანონიკურის თარგმნისას. ივრითის სწავლა იმიტომ დავიწყე, რომ არამეული მესწავლა, მერე გადავედი პალეო ივრითში. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ვეღარავინ მოგატყუებს და ვერ გეტყვის, რომ იქ ისე წერია, ხშირად მაქვს აქტიური დებატები ამაზე, არ მომწონს როცა ვიღაცას ატყუებენ და აპელირებენ ამ ყველაფრით“ – ამბობს თამარი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ყველანაირი იდეოლოგია მიუღებელია: „არასოდეს მოუტანია კარგი იდეოლოგიებს, კაცობრიობისთვის კარგი მოაქვს თავისუფლებას და სიყვარულს. თუ ვიქნებით იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“.

 

 

ლიბერალურ ოჯახში დაიბადა, ამიტომაც თავს ლიბერალად მიიჩნევს. მამის „რესპუბლიკელობამ“ იქონია გავლენა და თავადაც გახდა „რესპუბლიკელი“, საკრებულოს ფრაქციაში მუშაობა მისთვის საინტერესო გამოცდილებაა, რადგან იქ უწევს მოქალაქეებთან ურთიერთობა: „ბევრის მომცემია ახალი ადამიანების გაცნობა, მითუმეტეს, როცა მცირედით მაინც ეხმარები. ჩემთვის კომფორტულია ეს სამსახური“ –  ამბობს თამარი.

 

 

ამბობს, რომ ხანდახან რთულად ასატანია, ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვობაში ათამამებდნენ. საერთოდ ყველაზე მეტად უყვარს ბავშვობის გახსენება, ამ პერიოდს ჯადოსნურს უწოდებს, სიყვარულით საუბრობს სახლზე, სადაც გაიზარდა და მეგობარ ძაღლზე, რომელიც სკოლაში აცილებდა: „ძალიან ლამაზი სახლი გვქონდა, უზარმაზარი ბაღით, სულ ამ ბაღში ვთამაშობდი. ორი წლისას მაჩუქეს ძაღლი, ულამაზესი იყო, ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი, გრაფი ერქვა. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო, მასთან ურთიერთობის შედეგად ვისწავლე სიყვარული ცხოველების მიმართ, ამ სიყვარულის წყალობითაა, რომ ხორცს არ ვჭამ“ – ამბობს თამარი.

 

 

პირველ რიგში ვინ ხარ? – ამ შეკითხვაზე სწრაფად პასუხობს, რომ მომავალი მწერალია. დიდი ხანია წერს, ხან გამოგონილ პერსონაჟებზე, ხან გარშემომყოფებზე, ხანაც საკუთარ თავზე, უკვე დაწყებული აქვს წიგნზე მუშაობა, სადაც ბევრი ამოიცნობს თამარს. წიგნზე აქტიურად მუშაობას გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ახერხებს, თუმცა დრო ყოველთვის აქვს იმისთვის, რომ თავს თერაპია მოუწყოს. ის რაც განტვირთვაში ეხმარება, არის იოგა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშუალება ამისთვის: 

 

 

„ხუთი წელია ჩემი ყოველი დღე იწყება იოგით. იოგას აქვს პირდაპირი კავშირი მზესთან, მზის ამოსვლისას უნდა გააკეთო იოგას ვარჯიშები. ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, ამიტომაც ავირჩიე იოგა, თუ ერთხელ დაიწყებ, ვერასოდეს ანებებ თავს, იმიტომ, რომ ეს პროცედურა გაყენებს კარგ განწყობაზე, გრძნობ ფიზიკურ სიმსუბუქეს და უკეთესი ხდები. იოგა მასწავლა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იოგას ცნობილი ინსტრუქტორია, დელიში აქვს თავისი სკოლა. ასევე დავდიოდი ტაიჩიზე, კარატესთან მიახლოებული საბრძოლო ხელოვნების სახეა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ტაიჩიც ჩემთვის.“ – ამ ყველაფერს თამარი სწორი კვების რეჟიმს უმატებს, რითაც ცდილობს მიიღოს შედეგი: „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული.“ მისი სიმშვიდის ეფექტს ხატვაც წარმოადგენს, ძირითადად ნატურმორტებს და პეიზაჟებს ხატავს, ყოველთვის ფერადს: „ეს ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპიაა, მიყვარს ლურჯი ცის დახატვა, მხოლოდ ჩემთვის ვხატავ, ხუთი-ექვსი ნახატი მექნება, რაც სახლში დამრჩა და არ გავაჩუქე. უამრავი ჩანახატი მაქვს“ – ამბობს თამარი.

 

 

კვალიფიკაციის ასამაღლებლად თამარი ბერლინის უნივერსიტეტში აპირებს სწავლას, ამბობს, რომ ბერლინთან რაღაც განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს: „როგორც კი დავიცავ დისერტაციას, წავალ. პირად კონტაქტებზეა დამყარებული ჩემი წასვლა. ბერლინში სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლად, თითოეული შენობა ჩემთვის არის ისტორია. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ – ამბობს თამარ ხიტირი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: