კვირის ამბები

მარია ჩე-ს ფოტოგრაფია

21.10.2014
მარია ჩე-ს ფოტოგრაფია

მარია ჩე
მარია ჩე

„ბავშვობიდან ვიყავი მიზანდასახული, უფრო რევოლუციონერი. არასოდეს მომწონდა ის კანონები, რასაც საზოგადოება მთავაზობდა. თან ჩე გევარა ჩემთვის ფავორიტია, როდესაც ექიმმა ამდენ რაღაცას მიაღწია თავისი მიზანდასახულობით, მიმახვედრა, რომ მთავარია რაღაცის დიდი სურვილი გქონდეს. ყოველთვის მჯეროდა, რომ შევძლებდი ქობულეთიდან წასვლას და საზღვარგარეთ სწავლას. „ჩე” შემომრჩა როგორც სიმბოლო.

თინეიჯერობაში შეპყრობილი ვიყავი მისით, მისი ტანსაცმლით დავდიოდი, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ სიმბოლურად ჩე გევარას გამოსახულებით ნივთებს ვყიდულობდი. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს აეროპორტში ქართველები შემხვდნენ, მეძახდნენ: მარია, მარია, მე არ მივიხედე, მერე დამიძახეს – ჩე, მეც შემოვტრიალდი, ამის მერე გავხდი მარია ჩე” – ამბობს მარია.

 

მარია ჩე
მარია ჩე

დღეს აღარ დადის ჩე გევარას მაისურებით, თუმცა რჩება რევოლუციონერად. მარია ამბობს, რომ მზადაა რაღაცა შეცვალოს მსოფლიოში, ამისთვის კი ფოტოგრაფიას გამოიყენებს: „მთელი ჩემი ცხოვრება – ეს არის ფოტოგრაფია. მე შემიძლია დროის გაჩერება, თითქოს ჯადოქრობაა, წამს ვაჩერებ, რომელიც მეხსიერებაზე ძლიერია. ფოტოს ისტორიის შეცვლა შეუძლია. თავიდან ცოტა რთულია, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, არ ვნებდები, ვიცი, რომ აუცილებლად გამოვა. ვცდილობ ხოლმე უფრო ლამაზად ავსახო სამყარო ფოტოებზე, ეს უფრო რთულია, სილამაზის გადაღებას უფრო მეტი გარჯა სჭირდება, ტრაგედიის გადაღებას უბრალოდ მიტრიალება სჭირდება, ის ხომ ჩვენ ირგვლივ ყველგან არის. მე ვცდილობ პოზიტივი მოვიტანო, ადამიანებს მაშინ ვიღებ, როცა იღიმიან და მანამდე ვიღებ, სანამ მათ ლამაზ მხარეს არ ვაჩვენებ” – ამბობს მარია.


მარია 20 წლის ასაკში გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, სწორედ იქ აღმოუჩინეს ფოტოგრაფიის ნიჭი: „ოჯახმა, რომელშიც ვცხოვრობდი, მიმიწვია შვეიცარიაში ოლიმპიადაზე, ოლიმპიადა გადავიღე ძალიან უბრალო აპარატით, ფოტოები ნახა გერმანელმა ფოტოგრაფმა, რომელიც იყო ამ ოჯახის მეგობარი, მაშინ მან თქვა, ამ გოგონას აქვს ხედვა, უთხარით, რომ ისწავლოს ფოტოგრაფიაო. ეს იყო წახალისება, მერე მის სახლშიც მიმიწვია, ის იყო ექიმი, რომელმაც 50 წლის ასაკში ისწავლა ფოტოგრაფია, რათა გადაეღო მისი შვილის დაბადება” – ამბობს მარია.

გერმანიაში ყოფნისას მარიამ მთელი ევროპა ნახა, ეს იყო მისი ოცნების ერთი ნაწილი, ახლა აზიის ნახვაზე ოცნებობს: “ბოლო გროშებამდე დავრბოდი სამოგზაუროდ მთელ ევროპაში, მოგზაური ეძებს საკუთარ თავს, მეც ვეძებდი ჩემს ქალაქს, რომელიც იტალიაში ვიპოვე, მაგრამ უფრო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ჩემი ქალაქები ვიპოვე, იტალია დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში, მე უკვე ვიცოდი რა მინდოდა, თითქოს გავიზარდე, თან ის კომპლექსები მომეხსნა, რაც მქონდა 90-იან წლებგამოვლილს.

 

გამიმართლა, რომ მოვხვდი ძალიან კარგ ოჯახში, ისინი იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მაძლევდნენ მოგზაურობის საშუალებას, მათ მასწავლეს როგორ უნდა მემოგზაურა სტუდენტური ფასდაკლებებით. ხეტიალი ძალიან მომეწონა” – ამბობს მარია.

გერმანიის შემდეგ მარია საბერძნეთში, ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო ფოტოგრაფიის სწავლა: `თავიდან მოკლე კურსებს გავდიოდი ფოტოგრაფიის, მერე კი მოვხვდი Akto Art-ში, ეს არის აკადემია, რომელიც ინგლისში მდებარე სასწავლებლის ფილიალია საბერძნეთში. იმდენად უნიკალური ადამიანები მასწავლიდნენ, რომ ზღაპრული იყო სწავლის პერიოდი, ცნობილი ფოტოგრაფები იყვნენ, მათი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა.

 

საბერძნეთში ვმუშაობდი მოდის ინდუსტრიაში, სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა, პროფესიონალ მოდელებთან და დიზაინერებთან. საბერძნეთში ახლაც სტუდენტის სტატუსით ვმუშაობ, არ შეიძლება იქ თავს ფოტოგრაფი უწოდო, თუ არ გაქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საქართველოში ცოტა სხვანაირად ესმით ეს. სწავლის გაგრძელებას ისევ საბერძნეთში ვაპირებ, მასტერის ხარისხიც მინდა მოვიპოვო” – ამბობს მარია.

მარიას ფოტოები იბეჭდება საბერძნეთის ცნობილ გამომცემლობებში, ჟურნალ „Hello“-ში, „Cao”-ში და “Ok”-ში. ასევე მისი ნამუშევარი მოხვდა საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევრებს შორის საბერძნეთში.


შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ მარია საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ დაბრუნდა: „სამწუხაროდ დედის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი, მალევე მამაც გარდამეცვალა, ამიტომ ახლა უცებ წასვლა არ შემიძლია, ჩემს ოჯახს ვჭირდები. თუ ისეთი კონტრაქტი გავაფორმე, რომ რამდენიმეთვიანი სამუშაო მქონდეს იქ, აქ ყოფნასაც შევძლებ.

საქართველო ძალიან შეცვლილი დამხვდა, თანდათან ვეგუები სიახლეებს. ახლა ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობ, არქიტექტურას ვიღებ, ძალიან ახლოსაა შენობები ერთმანეთთან, განცალკევება მიჭირს, ევროპაში ასეთი მაღალი შენობები განცალკევებით დგას. სარეკლამო გადაღებებიც მქონდა.”


ცხოველების სიყვარულის გამო რამდენიმე წლის წინ ვეგეტარიანელი გახდა, ამბობს, რომ ეს სულაც არ არის რთული: „ბავშვობაშიც უარს ვამბობდი ხორცზე, მაგრამ მშობლები მაძალებდნენ, მერე დამოუკიდებელი როცა გავხდი, ვეგეტარიანელობა დავიწყე. ჩემ ირგვლივმყოფების ცხოვრების სტილიც შევცვალე, მაგალითად, ჩემს ოჯახში შეამცირეს ხორცის მოხმარება. როცა ვხედავ, რომ შემიძლია ცხოველს დავეხმარო, ამას აუცილებლად ვაკეთებ, საქართველოში მაინცადამაინც არ უყვართ ცხოველები, მათი უფლებები ყოველ წუთს ირღვევა, მინდა, რომ ეს შევცვალო. სახლში მყავს ორი სიამის კატა და ორი ძაღლი, ვაპირებ კიდევ ერთი ძაღლის მოყვანას” – ამბობს მარია.

„ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია სტივ მაისერი, რომელმაც გლობალური პრობლემები მოდელების საშუალებით გამოსახა. მეც მოდელებით მინდა ეს გამოვსახო, თუმცა ჯერ აფრიკაში მინდა მოგზაურობა, მთელი ცხოვრება ერთ ჟანრს ვერ გადავიღებ, ერთფეროვნება მბეზრდება. საერთოდ, ქაოსურად ვცხოვრობ, მრავალფეროვნების ძიებაში ვარ, შეიძლება ხვალ ჩავალაგო ჩანთა და წავიდე, არასოდეს იციან, ჩემგან რას უნდა ელოდნენ.”

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: