კვირის ამბები

სკანდალური სპეცოპერაცია და შეწყვეტილი გამოძიება

21.10.2014 • 2836
სკანდალური სპეცოპერაცია და შეწყვეტილი გამოძიება

ფოტო გადაღებული სპეცოპერაციის დროს ნავთლუღის ტერიტორიაზე. 2006 წელი

 

სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 
2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა. დაღუპულების ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის – “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრმა, ადვოკატმა ლაშა ჭინჭარაულმა ძიების შეწყვეტა საქართველოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ადვოკატმა საქმეზე ძიების შეწყვეტა სტრასბურგში გაასაჩივრა. 

 

თბილისის პროკურატურის ოფიციალური დადგენილება

საქმის მასალებით, რომელსაც ხელს აწერს თბილისის პროკურატურის პროკურორი ჯ. მაჭარაშვილი, წინასწარი გამოძიება შეწყდა. 

აი, რა დაადგინა მაჭარაშვილმა: 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ში შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც ქ. რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გია გორგაძის ძმა მურად გორგაძე პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, ჯგუფთან ერთად გეგმავდა ამ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. 
ამ პირების დადგენა-დაკავება კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს დაევალათ. ოპერატიული ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა უნდა შემდგარიყო ქ. თბილისში “ნავთლუღის” ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 20-21 საათისთვის. 

 

სპეცრაზმი დაახლოებით 19 საათზე მივიდა “ნავთლუღის” ტერიტორიაზე. ვიზუალური კონტროლის დროს დაფიქსირდა სამი საეჭვო პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე.
სპეცრაზმმა ისინი ალყაში მოაქცია და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. თანხმობის მიღების შემდეგ სპეცრაზმის წევრი, რომელსაც მომარჯვებული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სწრაფად გაემართა ჯგუფისკენ. როდესაც იგი დამნაშავეებს დაახლოებით ერთ მეტრში მიუახლოვდა, მოულოდნელად მათი მხრიდან გაისმა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა.

 

სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი. ლიკვიდირებულნი იქნენ მურად გორგაძე და მისი თანმხლები პირები: რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე. 
მათ აღმოაჩნდათ სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და ვაზნებით. 

 

ადვოკატი
ლაშა ჭინჭარაული მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა, მაგალითად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღიდან გასროლა არ მომხდარა. ბრალდების მიხედვით, დაღუპულები, რომლებსაც ჟილეტები ეცვათ, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი: “ჟილეტის შიგნით ავტომატი როგორ მოთავსდა ან სამი ავტომატიანი პიროვნება როგორ დასეირნობდა ხალხმრავალ ადგილას, გაუგებარია. სპეცრაზმის წევრები გამოძიებამ მას შემდეგ დაკითხა, რაც დაიდო ექსპერტიზის დასკვნა – დააკვალიანეს რა როგორ უნდა ეთქვათ, და წელიწად-ნახევრის მერე მიაცემინეს ჩვენება.
ერთ-ერთ მათგანს ახლო მანძილიდან, ორს კი – პირდაპირ თავში ესროლეს. ახლო მანძილიდან სროლა დახვრეტას ნიშნავს. ისინი დაცხრილულნი იყვნენ – 7-8 ტყვიაზე მეტი ჰქონდათ მოხვედრილი. არსებობს ორი მოწმე – დავით ნაზარაშვილი და ზაზა მჭედლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ გაიგონეს, პოლიციელები როგორ სთხოვდნენ ეჭვმიტანილებს იარაღის დაყრას. ერთ-ერთი მოწმე ნასამართლევია. 

 

სასამართლო გადაწყვეტილება
საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომან სურმანიძისა და მარად ართმელაძის ადვოკატმა სახელმწიფოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის დადგენილება ყველა სასამართლომ ძალაში დატოვა. 
ბოლოს კი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის უფროსმა, დავით კურტანიძემ ადვოკატს აცნობა: განუხილველად დატოვების საფუძველი ისაა, რომ საჩივრის შეტანის დროს თქვენ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების თანხმობა არ გაქვთო. “ეს დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”. 

ოჯახის გამოძიება
სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა -ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. “ბათუმელები” ქობულეთში მცხოვრებ რომან სურმანიძის მშობლებს ესაუბრა. 
გარდაცვლილის მამამ -ოთარ სურმანიძემ ამ საქმეზე ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა: “თვითმხილველებმა მითხრეს, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ გვესროლოთო. ეს მოწმეები ჩვენების მიცემას ერიდებიან- უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რასაც მე ვერ მივცემ. მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. ეს იმის დასტურია, რომ დაჩოქილი იყვნენ.
ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადეს. თუ ეს ასეა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება – სახლი ხომ მაინც უნდა გაეჩხრიკათ, იქნებ მეც საზოგადოებისთვის საშიში ვარ. 

გორგაძის ძმის ციხეში ყოფნა დამთხვევაა. ვიღაცამ ტელევიზიით რომ ილაპარაკა, შოთა გორგაძის ძმა, გია გორგაძე ვარო, ტყუილია: სხვა პიროვნება ალაპარაკეს საზოგადოების დასანახად. დანამდვილებით ვიცი, ტელევიზიით განცხადება სხვამ გააკეთა. და თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ, ისინი წალკიდან მიდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ”.

 

სურმანიძის მშობლების თქმით, რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ. 
მშობლების ინფორმაციით, 20 წლის რომანი თბილისში პირველად წავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: