კვირის ამბები

ქართველი ოფიცერი ამერიკული სამხედრო ხომალდიდან

15.10.2014 • 2595
ქართველი ოფიცერი ამერიკული სამხედრო ხომალდიდან

 

 

20 წლის წინ გივი შაიშმელაშვილი საქართველოდან მშობლებმა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანეს. მაშინ ის მხოლოდ ათი წლის იყო. წლების შემდეგ გივი შაიშმელაშვილი ტიბანელი გახდა, გვარი მშობლიური სოფლის სახელით შეიცვალა (კახეთი, სოფელი ტიბაანი). ამბობს, რომ ასე იმ მონატრებას გამოხატავს რომელიც მშობლიური მხარის მიმართ აქვს.

 

 წლების განმავლობაში გივი ტიბანელი ოჯახთან ერთად სანფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობდა, დღეს ის  ერთადერთი ქართველია, რომელიც ამერიკის ფლოტში მსახურობს: 

 

 

 „ახლა ვმსახურობ იტალიაში, აშშ-ს ბაზაზე. ამერიკის მეექვსე ფლოტი იმართება ჩემი ბაზიდან, მეექვსე ფლოტში შედიან ამერიკის გემები, რომლებიც დაცურავენ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ბალტიისპირეთში. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვემსახურები ამერიკის ფლოტს. სირთულეები გამოვიარე, მაგრამ როცა დიდი მიზნისთვის იბრძვი, ყველაფერი აუცილებლად გამოდის.

წელიწადნახევარი ვიყავი ფლოტის პროკურორი, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს ვმსახურობდი, მერე გადამიყვანეს სან-დიეგოში. ორი წელი ვმსახურობდი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემზე, რომელიც არის ამფიბიური ავიამზიდი. ამის შემდგომ ცხრა თვე ვიმყოფებოდი სპარსეთის ყურეში, მანდ მივიღე დიდი პრაქტიკა, ვიყავი მეთაურის  მთავარი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში” – ამბობს გივი ტიბანელი.

 

 

აშშ-ს მხარდაჭერა შავიზღვისპირეთის მიმართ გივის განსაკუთრებული ემოციებით ტვირთავს, საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, ის მუდმივ კონტაქტშია ქვეყანასთან: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ ფლოტში ვმსახურობ, ამერიკა მხარს უჭერს მოკავშირე ქვეყნებს, საქართველო ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. შავ ზღვაში მხარს ვუჭერთ სტაბილურობასა და სიმშვიდეს, ამერიკის ეს მისია ჩემთვის საამაყოა. ბათუმში შემოსულ  “Mount Whitney”-ის ეკიპაჟში იმიტომ მოვხვდი, რომ ეროვნებით ქართველი ვარ, ზღვიდან ქალაქი გამოჩნდა თუ არა, გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ ჩამოვიდოდი ამერიკის სამხედრო ხომალდით, ისეთით, როგორიც არის Mount Whitney-ი.“

 

 

გივიმ განათლება ამერიკასა და საფრანგეთში მიიღო. იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიასა და ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა, სან-ფრანცისკოში იურიდიული განათლება მიიღო, მაგისტრის ხარისხი კი საფრანგეთში, პარიზში, ევროპის სამართალში აქვს: „განათლების მიღების შემდეგ გადავწყვიტე სამხედრო ოფიცერთა აკადემიაში გამევლო წვრთვნები, შემდეგ გავხდი სამხედრო იურისტი ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტში, უკვე ოთხი წელია, რაც  სამხედრო იურისტი ვარ. საერთაშორისო სფერო ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო, ამიტომაც ავირჩიე საერთაშორისო სამართალი, სამხედრო-საზღვაო ძალებში შესვლის მიზეზიც ეს იყო, ამ სფეროში ყოფნით ყველაზე დიდი შეხება მექნებოდა საერთაშორისო სამართალთან,  თან ეს იქნებოდა ჩემთვის კარგი პრაქტიკა” – ამბობს გივი ტიბანელი. 

 

გივი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისი მეორე სამშობლოა: 

 

„საქართველოდან წავედით 90-იან წლებში, მაშინ ჩვენი ქვეყანა უდიდეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ჩემმა მშობლებმა ამერიკაში წამიყვანეს იმის გამო, რომ ჩემთვის უკეთესი პირობები შეექმნათ, ამერიკამ ჩვენ მიგვიღო, ბევრი რამ მოგვცა, პირველ რიგში საშუალება, რომ მესწავლა ასეთ უნივერსიტეტებში, ჩემთვის ეს სამსახური იყო მადლობის გადახდა აშშ-სთვის, რომ ჩემს ოჯახს ეს შესაძლებლობები მისცა.” – ამბობს გივი.

 

 

გივის ამერიკაში ადაპტაციის პერიოდი ბუნდოვნად ახსოვს, თუმცა იხსენებს, როგორ უჭირდა ახლობლებისგან შორს ყოფნა ქვეყანაში, სადაც ძალიან ჩქარა და გაუგებრად საუბრობდნენ: „ინგლისურს თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ყველანი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, საკლასო ოთახში აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. პირველად საქართველოში სამი წლის შემდეგ დავბრუნდით, ამის მერე პერიოდულად ერთ-ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდით, ჩემს მშობლებს სურდათ ქართული არ დამვიწყებოდა, სახლშიც ქართულად მელაპარაკებოდნენ. მერე, როცა სტუდენტობისას მშობლებისგან შორს ვცხოვრობდი, ტელეფონითაც და სკაიპითაც ქართულად ველაპარაკებოდი მათ, ვიცი, რომ ცოტა მეშლება, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერ ქართულთან ახლოს ვიყო. საფრანგეთში ქართულ ეკლესიაში დავდიოდი, ყველა ქართული წრის წევრი ვხვდებოდი, კონტაქტს არ ვწყვეტ ქართულთან, მიყვარს ქართული ლიტერატურა, ისტორია. ჩემს უცხოელ მეგობრებს სულ ვუყვებოდი საქართველოს შესახებ” – ამბობს გივი ტიბანელი.

 

 

 

გივი ერთი თვის წინ საქართველოში ჯვრის დასაწერად ჩამოვიდა, მისი რჩეული ბოსტონელი ალაინაა, რომელიც ასევე ოფიცერია, ის სამხედრო ინჟინერია. მათ ჯვრისწერას ამერიკიდან 53 სტუმარი ესწრებოდა: „ჯვრის მონასტერში დავიწერეთ ჯვარი, ამერიკიდან ჩამოვიდნენ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ჩემი სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები. საერთოდ, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, ისინი ახლა პირველად იყვნენ ჩამოსულები. მეუბნებიან, რომ უკან დაბრუნება უნდათ, ბათუმიც ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ბათუმი არის მეორე ქალაქი. ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდი, ძალიან ტკბილად მახსოვს ეს ქალაქი,“– ამბობს გივი. 

 

 

 

ალაინამ ქართულის სწავლა უკვე დაიწყო, ნელ-ნელა ქართულ სამზარეულოსაც აუღო ალღო. როგორც გივი ამბობს, ხინკალი კარგად გამოსდის: „ქართულს მე ვასწავლი, მას ძალიან უნდა ჩვენი ჩვეულებების შესწავლა, მოინათლა მართმადიდებლურად, საქართველოში რამდენჯერმე მახლდა. ქართული კერძების მომზადება თავადაც ვიცი, ძალიან კარგი გამომდის მწვადი და ფხალი. ძალიან გაგვიმართლა მე და ჩემს მეუღლეს, ახლა ვმსახურობთ ერთ ბაზაში“ – ამბობს გივი ტიბანელი.

 

გივი ამბობს, რომ ფლოტში სამსახური ძალიან მოსწონს: „უახლოესი ორი წელი გავაგრძელებ ამ საქმიანობას მაგრამ, მერე შეიძლება ისევ სამოქალაქო სფეროს დავუბრუნდე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს მიმართულებაც. ჯერ არ ვიცი დაზუსტებით.“ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: