კვირის ამბები

ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

07.10.2014 • 1621
ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

 

ალბათ ისედაც გასაგებია, რა სახის გამოწვევა შეიძლება იყოს აქ – ცხადია, სიღარიბე, არასათანადო განათლება, უმუშევრობა.

 

კახა გურგენიძე
კახა გურგენიძე

 

ქართველები ამბობენ, რომ აქ უმცირესობას წარმოადგენენ რელიგიური თვალსაზრისით, რადგან რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა – აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან, ხოლო ქართველები – მართლმადიდებელი ქრისტიანები. როცა მათთან თანაცხოვრებაზე სვამ კითხვებს, სწორედ რელიგიურ განსხვავებულობაზე იწყებენ ლაპარაკს.

 

გარდაბანში ბათუმიდან ჩასულებმა ოჯახებში ვიცხოვრეთ. როგორც ველოდი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია… ჩემი მასპინძელი სვანი იყო – სვანებში სისხლის აღების ტრადიციაზე მომიყვა. განა იმაზე, რაც წარსულში ჰქონდათ, თანამედროვეობაში შემორჩენილ ძალადობაზე. სამი წლის წინ მის ნაცნობს საკუთარი ქალიშვილი და მისი შეყვარებული მოუკლია. „გოგო შეაცდინა და იმიტომო“ – ასე მითხრა. ამ ამბავში არანაკლებ გასაოცარი და ტრაგიკული კი ის ყოფილა, რომ მკვლელი მამა პოლიციას არ დაუკავებია.

 

ეს ამბავი სამი წლის წინ მომხდარა.

 

ცხადია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს გარდაბანში ჩვენმა თანატოლებმა გვიმასპინძლეს. თავდაპირველად აქაური ცენტრის წევრების ნამუშევრებს გავეცანით, დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადავიღეთ ფილმი მშვიდობაზე…

 

ასეა თუ ისე, ჩემი ბოლო ოთხი დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ბათუმის სიცხეს გამორიდებული მშევენიერი დრო გავატარე გარდაბანში, იმდენი რამე გავიგე, რომ, ალბათ, ამ ყველაფრის გასაგებად რამდენიმე წიგნის წაკითხვა თუ მიშველიდა.

 

მოკლედ, ასე მგონია, რომ აქ გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება.

 

ახლა იმაზეც მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ვისი წყალობით მოვხვდი გარდაბანში – ეს არის ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებობს.

 

ამ ცენტრში სამი თვეა რაც მივედი. ცენტრი საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სახის უმცირესობების ინტეგრაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ ცენტრში მოსვლისთანავე ჩემი აზროვნება და მსოფლმხედველობა შეიცვალა, გავხდი უფრო კომუნიკაბელური, აქტიური და, რაც მთავარია, ტოლერანტი.

 

ჩვენს ცენტრში შეიძლება მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციებში, გადაიღო ფილმები, გააკეთო პრეზენტაციები და ჩაატარო ტრენინგები სხვადასხვა პრობლემზე შენს თანატოლებთან. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისა და ჩემი თაობის ადამიანებში ცნობიერების ამაღლებისათვის.

 

რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, მით უფრო კარგი და მშვიდი ადგილი გახდება საქართველო განსხვავებული ადამიანებისათვის და არა მარტო მათთვის. აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ადამიანი, ფაქტობრივად, ყველაფერს იღებ, რაც კი მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის.

 

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს გაეროს ასოციაციას, რომელიც ასეთ პროექტებს ახორციელებს და დონორს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

ჩემი მხრივ კი, ვისურვებდი, რომ ჩვენს ცენტრს შემატებოდეს ბევრი კრეატიული და აქტიური ახალგაზრდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: