კვირის ამბები

მებო ბათუმში

06.10.2014 • 1751
მებო ბათუმში

 

 

წიგნის მაღაზიის წინ მიკროფონი და აპარატურაა, იქვეა მებოც, აპარატურას თავად ასწორებს, დროდადრო მსმენელს ესაუბრება. თინეიჯერები ერთმანეთს ემოციებს უზიარებენ: „მასთან ერთად ფოტო გადავიღე”, „ავტოგრაფი მომცა”.
მებო ამბობს, რომ ყველგან მებოა, იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერი ადამიანური მნიშვნელოვანია: „თითოეული ადამიანი და მათთან ჩემი ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, ამიტომაც ძალიან ვუფრთხილდები ყველას ჩემ გარშემო, ყველასთან ერთნაირი ვარ, ჩვეულებრივი მებო, ოღონდ ბებიაჩემისთვის დღემდე მერაბი.”

 

მებო ბათუმში
მებო ბათუმში

დაკვრა დაიწყო თუ არა, გარშემო ხალხი მომრავლდა, ყველა ასაკის მსმენელი, მსმენელებს მებო სიმღერის დაწყებამდე ამ სიმღერის ისტორიას უყვება, ამბები ცოტა სევდიანია, თავადაც თავის მუსიკას სევდიანს უწოდებს, იმიტომ, რომ მუსიკაში გრძნობებს გამოხატავს: „მუსიკაში ემოციას აქვს დიდი მნიშვნელობა, სევდიანი ემოციები უფრო ხშირად მაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბედური ვარ, უბრალოდ ამ სამყაროში უფრო ბევრი ამბავია ისეთი, რომელიც სევდიან ატმოსფეროს მიქმნის, მაგალითად, დღეს პლაჟზე ვიწექი, გვერდით მშენებლობაზე მუშები შევნიშნე, დავსევდიანდი, რადგან, ისეთ სიცხეში ადამიანებს ასეთი მძიმე შრომის გაწევა უწევთ.” – ამბობს მებო.

 

მებო ქართველმა მსმენელმა პროექტ “X-ფაქტორიდან” გაიცნო, პროექტიდან მოულოდნელმა წასვლამ მებოს მსმენელს გული დასწყვიტა. პროექტი ფინალის წინ დატოვა, წასვლის მიზეზად კი რეპერტუარი დაასახელა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი, როგორც კი წამოვედი, მაშინვე დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ რეჟიმს. ნამდვილად ღირდა ამ პროექტში ჩემი მისვლა, ბევრი რამე მომცა, ბევრმა გაიცნო ჩემი მუსიკა, მიზანიც სწორედ ეს იყო.
კონკურსებში აღარ ვაპირებ მონაწილეობას, “X-ფაქტორამდე” იყო “ჯეოსტარი”, მაგრამ “ჯეოსტარზე” მერაბ ნუცუბიძე გამოდიოდა მე კი მებო ვარ.”

 


17 წლის ასაკში დაიწყო მუსიკასთან ურთიერთობა, ვოკალის პედაგოგი არასოდეს ჰყოლია, ეს ცოტათი ახარებს, ასე მოახერხა ის, რომ მებოდ დარჩა: „თბილისში ასეთი ტენდენციაა, კონრეტული ადამიანი როგორც მღერის, იმის მიხედვით ხვდები, რომელ მასწავლებელთან დადიოდა, მუსიკის მასწავლებლები თავიანთ სტილში ასწავლიან მუსიკას ბავშვებს, რაც ცუდია, რადგან კლავს ინდივიდუალიზმს. 17-ის რომ გავხდი, ჩემით დავიწყე სიმღერა, შესაბამისად ვერავინ ვერ მოახდინა ჩემზე გავლენა.”

 

მუსიკა რომ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, ეს 22 წლისამ გადაწყვიტა: „იყო პერიოდები, როცა სირთულეების გამო ვფიქრობდი მუსიკაზე უარის თქმას, რთულია, როცა ისე გადის რამდენიმე თვე, რომ ვერსად უკრავ, ჩანაწერს ვერ აკეთებ. მიფიქრია, ჯობდა რამე სხვა გამეკეთებინა, თუმცა ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ მუსიკა იყო ჩემი საქმე, თავს ვიტყუებდი, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში მაქვს ბაკალავრის ხარისხი, არასოდეს გამოვიყენებ ამ პროფესიას, ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი, ახლაც ვსწავლობ მაგისტრატურაში ფრანგულ ლიტერატურას, ოღონდ ეს მაინტერესებს” – გვიყვება მებო.

 


პროექტიდან წასვლის შემდეგ მებო თავის ჯგუფს „The BearFox”-ს დაუბრუნდა, მალევე მიწვევა პოლონეთის ფესტივალიდან მიიღეს, რომლის შემდეგაც უამრავი შემოთავაზება გაჩნდა, სოლოკარიერის მიტოვება არ ადარდებს, ამბობს, რომ ასე უფრო მასშტაბური კარიერა შეუძლია ჰქონდეს: პოლონეთში ფესტივალს „განსხვავებული მუსიკის” ფესტივალი ერქვა, მეინსტრიმ-ბენდები არა, თუმცა ისეთები გამოდიოდნენ, “იუთუბზე” 60-მილიონიანი ნახვა რომ აქვთ. საქართველოში მიჩვეული ვართ, როცა ვინმე ცნობილი უცხოელი ჩამოდის, იმას გადაყვებიან, სხვებს კი ივიწყებენ, იქ კი ვერანაირი განსხვავება ვერ ვიგრძენით, ყველა ისეთივე პირობებში ვიყავით, როგორც ძალიან ცნობილი ჯგუფები” – ამბობს მებო.

 

მებო ჯგუფთან ერთად უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს: „პოლონეთში ყოფნისას, პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად – მუსიკოსის რანგში. საქართველოში ვერ ვგრძნობ ასე თავს. მაგალითისთვის, მუსიკოსმა კონცერტამდე ხმა უნდა შეამოწმოს, პოლონეთში ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგად დაგვეკრა, სამი საათი მოგვცეს კონცერტამდე. საქართველოში ყველა გაჩქარებს, „მალე, მალე, მალე”, ასე მოგმართავენ, მუსიკოსს არ გიყურებენ როგორც ადამიანს, რომელიც რაღაცას ქმნის, უფრო გიყურებენ, როგორც ადამიანს, რომელმაც უნდა გაართო კონრეტულ საღამოს ვიღაც.”

 

„The BearFox”-ი მებომ და ირაკლი ბეთხომ შექმნეს, ეს იყო ორი მუსიკოსის ექსპერიმენტალური პროექტი, დღეს ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება. როგორც მებო ამბობს, ჯგუფის წევრები მუსიკისადმი ერთნაირმა დამოკიდებულებამ გააერთიანა: „დასაწყისში ვიყავით ორნი, დათვი და მელა, შესაბამისად დავარქვით ჯგუფს ეს სახელი. ახლა ვართ ხუთნი: ოპოსუმი, არწივი და ზარმაცა. ჯგუფის წევრები გაგვაერთიანა იმან, რომ გვაქვს ერთი დამოკიდებულება და ერთი პრინციპი მუსიკასთან მიმართებაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს რაღაც ჩარჩოებით და წესებით. ხუთი სიმღერა გვიდევს ინტერნეტში, ხუთივე სხვადასხვა ჟღერადობისაა და სხვადასხვა ხასიათის, კონკრეტულ მომენტში როგორი განწყობაც გვაქვს, როგორი ინსტრუმენტებიც გვესმის თავში, იმას ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინდიექსპერიმენტალური პროექტი.”

 

მებოს ოცნება „The BearFox”-სთან ერთად გლასტომბერის ფესტივალზე დაკვრაა, მანამდე კი, შვიდ სექტემბერს, პირველი სოლოკონცერტი ექნებათ თბილისში: „როცა ვიქმნებოდით, ვთქვით, რომ ბოლოს გლასტომბერის ფესტივალზე უნდა დავუკრათ, ვიცი, ეს ასეც იქნება, ნელ-ნელა მივდივართ აქეთკენ.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: