კვირის ამბები

თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა

03.10.2014 • 1887
თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა

 

“გამომდინარე იქედან, რომ ფაქტობრივად მუნიციპალიტეტი ინფორმაციას მოკლებულია, მოწყვეტილი ვიყავით გარე სამყაროს. დარჩენ საზოგადოებასთან, დანარჩენ სამყაროსთან კავშირისთვის მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ განყოფილების ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა ეფექტური იქნება და დიდ შედეგს მოიტანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შედეგზე უნდა ვიყოთ  ორიენტირებული”, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე.

 

მისივე განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურები წინასაარჩევნოდ შტაბებში მომუშავე პირებისთვის, ანუ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის შექმნეს:

“მე რომ ვინმეს დასაქმება მდომებოდა, მათ სხვადასხვა სამსახურში ვერ გადავანაწილებდი, თუ ამას ვინმე დანაშაულად ჩამითვლიდა? – გარწმუნებთ, ეს გაყოფილება ნამდვილად მისი საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა”.

ხელვაჩაურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ოთხი თანამდებობა ჯერ ისევ ვაკანტურია. ამ განყოფილებაში კადრების შერჩევა გამგებელს ერთპიროვნულად, კონკურსის გარეშე შეუძლია. გამგეობის იურისტის დავით კოპინაძის განმარტებით, ამას თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსი, კონკრეტულად კი გამგებლის დისკრეციული უფლება ითვალისწინებს.

 

ხელვაჩაურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში იმუშავებენ განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში, მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში და მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

“მოგეხსენებათ, გამგეობას რწმუნებულები აღარ ჰყავს სოფლებში. ახლა მე, როგორც გამგებელს, მხოლოდ 37 წარმომადგენელი მყავს, როცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ოთხმოცზე მეტი რწმუნებული მუშაობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დარგში კოორდინაციას გაუწევს იმას, რომ მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია ყველა სოფელში და პირიქით – სოფლებიდან გამგეობაში”, – განმარტავს ნადიმ ვარშანიძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მხოლოდ სამი შტატი გაითვალისწინეს. გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შუახევის გამგეობაში ახალი არ არის, რადგან ეს განყოფილება მის გამგებლად არჩევამდე იყო დამტკიცებული. შუახევის გამგებელი მიიჩნევს, რომ “ამ შინაარსისა და დატვირთვის განყოფილება აუცილებელია”. ამიტომ ის შექმნილიც რომ არ ყოფილიყო, თავად გააკეთებდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არ შეუქმნია და მის შექმნას არც მომავალში გეგმავს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.
“ჩვენთან ამ საკითხებზე ორი სპეციალისტი მუშაობს, კარგად ართმევენ თავს მოვალეობას, ამიტომ დამატებით განყოფილების შექმნას არ ვგემავ”, _ უთხრა სულხან ევგენიძემ “ბათუმელებს”.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ხელფასი 800 ლარი იქნება, სპეციალიტი კი ანაზღაურების სახით 600 ლარს მიიღებს.

 

გადაბეჭდვის წესი