კვირის ამბები

ისტერიკა ბავშვებში

30.07.2014 • 5095
ისტერიკა ბავშვებში

 

ქალბატონო ირმა, რა არის ისტერიკა და როდის მიმართავს ბავშვი მას?

 

ისტერიკა, ეს არის ოპოზიციურ-დევიანტური ანუ დაუმორჩილებელი ქმედების ერთ-ერთი მსუბუქი ფორმა, რომელსაც ბავშვი ავლენს თავისი მოთხოვნილების დასაფიქსირებლად. ისტერიკების სიხშირე შეიძლება განპირობებული იყოს სამი ფაქტორით, პირველი გახლავთ – აღზრდის ფაქტორი, ანუ არასწორი სტრატეგია ოჯახში. ეს ხდება მაშინ, როცა ოჯახში ყველა ერთობლივად არ მოქმედებს, მაგალითად, დედა გაუწყრა, მამა მოეფერა და ა.შ. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ისტერიკა, როგორც მანიპულაციის საშუალება – როცა ბავშვი ცდილობს ამ გზით შეასრულებინოს უფროსებს თავისი სურვილები და მესამე ფაქტორი გამომდინარეობს ბავშვის ქცევის დარღვევიდან, როდესაც ბავშვს აღენიშნება ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება.

 

 

რა ასაკში იწყებს ბავშვი ისტერიკას და რატომ?

 

 

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვის კრიტიკული, ანუ გარდატეხის პერიოდი 13-14 წლის ასაკში დგება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი გარდატეხის პერიოდი ბავშვებს სამიდან ხუთ წლამდე ასაკში აქვთ. სწორედ ამ პერიოდში სჭირდებათ მათ ყველაზე მეტი ყურადღება და თანადგომა, რომ გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი პიროვნება. ხუთ წლამდე ბავშვის ფსიქიკაში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრები, ამ დროს აცნობიერებენ ისინი თავიანთ სქესს და უყალიბდებათ ქცევის ნორმებიც. სწორედ ამ დროს შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა პირველი ისტერიკა.

 

 

როგორ შეიძლება განსაზღვროს მშობელმა, ეს შეგნებული ისტერიკაა, თუ ქცევის დარღვევა?

 

 

მშობელმა ეს გარემოებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს. როცა ბავშვი მაღაზიაში მართავს ისტერიკას და კივილ-წივილით ითხოვს სათამაშოს ყიდვას, ის ამას შეგნებულად აკეთებს და სურს თავისი გაიტანოს. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი ბავშვი არასოდეს ტირის ორი და სამი საათი, ის იაზრებს თავის ქცევას და როგორც კი მიხვდება, რომ მას ეს არ გაუვა, იმ წამსვე ანებებს თავს ტირილს. მაგრამ, თუ ბავშვის ისტერიკა ხშირად მეორდება, ამას თან ახლავს გარკვეული სიმპტომატიკა

–  ეჭიმება ხელები და ფეხები, თავს უკან აგდებს და ისტერიკის დროს მისი ორგანიზმი ზედმეტად რიგიდულია, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგანაც შესაძლოა იყოს გარკვეული დარღვევები ფსიქიკაში.

 

 

ისტერიკის გარდა სხვა რა სახით შეიძლება იყოს გამოხატული ქცევის დარღვევები?

 

 

ქცევის დარღვევა ისტერიკის გარდა შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოვლენილი. მაგალითად, თუ ბავშვი 3-დან 5 წლის ასაკში არ აფიქსირებს საკუთარ პიროვნებას, არ იჩენს არანაირ ინიციატივას, არის ინდიფერენტული, არ აქვს სურვილი შევიდეს კონტაქტში არც თანატოლებთან, არც უფროსებთან, ერთობა მხოლოდ ერთი ტიპის, ერთი სფეროს სათამაშოებით, თავის სურვილებს აფიქსირებს მხოლოდ ტირილით და აგრესიით, ისვრის და ამტვრევს ნივთებს _ ეს არ არის უბრალოდ ცუდი ხასიათი, შესაძლოა ამ დროს საქმე გარკვეულ ფსიქიკურ დარღვევებთან (გონებრივი ჩამორჩენა, ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება, აუტისტური სპექტრი და ა.შ.) გვქონდეს, რომელთა რიცხვიც ბოლო პერიოდში ძალიან მზარდია, ამიტომ აუცილებელია დროული კონსულტაცია ნეიროფსიქოლოგთან ან ფსიქონევროლოგთან.

 

 

რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა ბავშვის ისტერიკის დროს?

 

 

როცა ბავშვი შეგნებულად იწყებს ისტერიკას, მშობლის მხრიდან უნდა მოხდეს მისი საქციელის სრული იგნორი, არც არანაირად ვაფასებთ მის ქცევას და მის პიროვნებას, ანუ არ ვეუბნებით, რომ შენ ცუდი ხარ, ცუდად იქცევი და ა.შ. ეცადეთ აუხსნათ, რომ საჭიროა იმის შესრულება, რასაც თქვენ მას სთხოვთ იმ მომენტში, მაგალითად, თუ სტუმრად ხართ, ანუ მის ქცევას საზოგადოებაც აფიქსირებს, ბავშვი კი სახლში არ მოგყვებათ, მას მშვიდად უნდა აუხსნათ – „მე მივდივარ სახლში და შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, ასეა საჭირო“.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უფრო მეტად გაჭირვეულდა, ცოტა ხანი საერთოდ დაანებეთ თავი და თუ არაფერი შეიცვალა, შეეცადეთ დაამშვიდოთ ან აუცილებლად მოკიდეთ ხელი და თუნდაც ძალით წაიყვანეთ სახლში. სახლში მიყვანისას კი შეგიძლიათ მისცეთ შენიშვნა, დატუქსოთ და დასაჯოთ კიდეც, ოღონდ დასჯა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ცემას ან ყვირილს.

 

 

თუ ბავშვი ისტერიკას სახლში მიმართავს, იდეალური ხერხია ტაიმ-აუტი. ეს აქტიურად გამოყენებადი მეთოდია ფსიქოლოგიაში. ტაიმ-აუტისას ბავშვი უნდა შეუშვათ ოთახში, სადაც იგი ვერ გაერთობა და ვერაფერ სასიამოვნოს ვერ გააკეთებს. თუ ის ძალიან პატარაა, კარი შეღებული დატოვეთ, რომ აკონტროლოთ, რამე არ დაიშავოს, თუმცა ის ვერ უნდა ხედავდეს, რომ თქვენ მას ყურადღებას აქცევთ. თუ ბავშვის გაყვანა პრობლემაა, მაშინ უთხარით, რომ არ მოგწონთ მისი ქცევა, ამიტომ არ გსურთ მასთან ერთად ყოფნა და თქვენ დატოვეთ ოთახი.

 

 

ყურადღება არ მიაქციოთ მის ტირილს, არც ყვირილს, რაღაც პერიოდის შემდეგ კი შეამჩნევთ, რომ მან ტირილს უკლო. პირველი ნაბიჯი თქვენ არ უნდა გადადგათ, მაგრამ შეგიძლიათ მისი პირველი ნაბიჯის პროვოცირება, საამისოდ შეგიძლიათ უბრალოდ მისი მხედველობის არეში გამოჩნდეთ. მიეცით მას საშუალება მოვიდეს, ცრემლი მოიწმინდოს, გამოხატოს სინანული, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მოეფეროთ მას და აუხსნათ, რომ ის ცუდად მოიქცა. დასჯილი ბავშვი არ უნდა დატოვოთ იგნორირებული, რომ არ გაუჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და იმის შეგრძნება, რომ ის არ უყვართ.

 

 

რა გარემო უნდა შეუქმნათ ბავშვს თავიდანვე, ასეთი ქცევების თავიდან ასაშორებლად?

 

 

სასურველია ბავშვი ხშირად იყოს მწვანე გარემოში, ისეირნოს ბუნებაში, ასევე მნიშვნელოვანია არ მოვაცილოთ ბავშვი საზოგადოებას, სასურველია დროს ატარებდეს თანატოლთა საზოგადოებაში, ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს ნებისყოფის ჩამოყალიბებაში. როცა ბავშვი უფროსს ურტყამს, უფროსისგან საპასუხო საქციელისას თავს დაჩაგრულად გრძნობს, მაგრამ თუ მას თანატოლი უპასუხებს აგრესიით, ეს ბავშვისთვის მისაღები ხდება, ის უკან იხევს, ასე ბავშვები ერთმანეთს ნებისყოფას უყალიბებენ.

 

 

ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ საკუთარი შვილისთვის ყოველთვის უნდა გამონახოს დრო, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, აუცილებლად უნდა დაჯდეს შვილთან ერთად და თუნდაც ნახევარი საათით მაინც ეთამაშოს მას, ოღონდ ეთამაშოს არა დირექტივებით – ეს აქ არ დადო, ასე არ დაჯდე და ა.შ., არამედ აყვეს მას თამაშში და ამით დაეხმაროს მას მშობელთან კონტაქტის დამყარებაში. ბავშვს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ მისთვის აუცილებელი თამაშები და აქტივობები, მიეცით მას პლასტელინი, სახატავი რვეული და ფანქრები. შეეცადეთ, მისი ფსიქიკა ნაკლებად დატვირთოთ კომპიუტერითა და ტელევიზორით. ასევე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს ესმით ჩვენი საუბარი, მათ იციან რა გვინდა ჩვენ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მათ ვესაუბრებით და ვუხსნით, თუ რას ვითხოვთ მათგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: