კვირის ამბები

საკრებულოს ახალი წევრების გამოცდილება და ქონება – ნაწილი მეორე

16.07.2014 • 2857
საკრებულოს ახალი  წევრების გამოცდილება და  ქონება –  ნაწილი მეორე


ნინო ბერაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა. 2006 წლიდან დღემდე ის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორად მუშაობს. ნინო ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. 2000-2001 წლებში ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან ურთიერთობის ბიუროში, 1990-1997 წლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის პედაგოგად, 1998 წელს კი აჭარის უმაღლეს საბჭოში თარჯიმნად მუშაობდა.

 

ნინო ბერაძე დასთან ერთად ფლობს მშობლების სახლს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. სხვა ქონება, მიწა, ბინა ან მანქანა მის სახელზე არ ირიცხება. „მეტს მართლა არაფერს ვფლობ, მშობლების სახლსაც ახლა ვიფორმებ“, – ამბობს ნინო.

 

საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ შედის ლაშა სირაბიძე. ის აღმაშენებლის დასახლების მაჟორიტარულ ოლქში იყო წარდგენილი. პროფესიით ეკონომისტია და 2014 წლიდან აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში უფროსის მოადგილედ მუშაობს. ამ სამსახურში ჯერ ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მალევე მოადგილედ დაწინაურდა. მედია მაშინ ლაშა სირაბიძის დაწინაურების მიზეზად იმას განიხილავდა, რომ ის არჩილ ხაბაძის ცოლის ახლო ნათესავია. 2010-2011 წლებში ლაშა სირაბიძე შპს „ზანდურის“, უფრო ადრე კი შპს „იბერიის ნავიგაციის“ მენეჯერი იყო.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა სირაბიძის ძირითადი ქონება ავტომობილებია. ის სამი ავტომანქანის –  BMW – BAO 111, Mercedes Benz – ZIM 869,  OPEL – BAG 180 – მფლობელია. სხვა ქონება დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების სახლზე არ ფიქსირდება. წინა წლის სახელფასო შემოსავლის გრაფაში ლაშა სირაბიძემ 19 446 ლარი მიუთითა.

 

განსხვავებული ინფორმაცია იძებნება საჯარო რეესტრის მონაცემებში. ამ უწყებას ლაშა სირაბიძემ 2012 წელს 1401კვ/მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და 179,20კვ/მ შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დარეგისტირების თხოვნით მიმართა. „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ეს ნაკვეთი გაასხვისა, თუმცა რეესტრში გასხვისების შესახებ არაფერი ჩანს. რეესტრის მონაცემებით, 2009 წელს ლაშა სირაბიძემ დედის, თალიკო ბაკურიძის სახელზე ტაბიძის ქუჩაზე 500 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი დაარეგისტრირა. რეესტრის მონაცემებში ფიქსირდება ისიც, რომ ეს ფართობი „ტაო პრივატ ბანკის“ მიერ იპოთეკით არის დატვირთული. ლაშა სირაბიძის ინფორმაციით, ეს ქონებაც გაყიდული აქვს. ლაშა სირაბიძის სახელზე არ არის გაფორმებული საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

კობა ჩხეიძემ რუსთაველის უბნის მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პროპორციულ სიაში ის მეოთხე ნომერი იყო. კობა ჩხეიძე 2013 წლიდან აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. ის ჯერ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია.

 

2008-2012 წლებში კობა ჩხეიძე შპს „Adjarian Tobacco-ს დირექტორის ასისტენტად მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს უკრაინის ნიკოლაევის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; ბათუმის სუბტროპიკულ ნაყოფთა შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ტექნოლოგიური ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიისა და ბიზნესის ორგანიზაციის ფაკულტეტი, კვების მრეწველობის ბიზნესის მართვის სპეციალობით. 2005-2006 წლებში – თბილისის პოლიტიკური სკოლა.

 

კობა ჩხეიძის სახელზე უძრავი ქონება არ იძებნება. ბინა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელშიც ის ცხოვრობს, მამის საკუთრებაა.

 

ახალი მოწვევის თვითმმართველობის ორგანოს წევრი იქნება ექიმი თემურ ორაგველიძეც. ის 2011 წლიდან დღემდე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ქირურგიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თემურ ორაგველიძე ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე ფლობს 193კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და 195.60 კვ/მ შენობა-ნაგებობას. ეს მისამართი ბიოგრაფიულ მონაცემებში თემურ ორაგველიძეს საცხოვრებელ ადგილად აქვს მითითებული.
საკრებულოს წევრი გახდება მერიის ყოფილი რწმუნებული თეიმურაზ ბასილაძეც. ის კახაბრის უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი. თეიმურაზ ბასილაძეს თავის ბიოგრაფიულ მონაცემებში უწერია, რომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გარდა, სადაც მან ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო, თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი დაამთავრა, პოლიტეკონომიის სპეციალობით.
თეიმურაზ ბასილაძის ბიოგრაფიულ მონაცემებში ნათქვამია, რომ 1991 წელს ის კახაბრის საბჭოს საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე იყო, 1988 წელს- მოსახლეობის აღწერის სექტორის ხელმძღვანელი.2012 წელს კი საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კოორდინატორი იყო ქართული ოცნებიდან.

 

 

თამაზ ბასილაძის შრომითი გამოცდილება 1967 წელს „აჭარგაზში“ ზეინკლობით იწყება. შემდეგ იყო სამშენებლო ტრესტის მშენებელი და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის სკოლის პედაგოგია. ნამუშევარი აქვს კახაბრის სკოლის პედაგოგად, ენერგოკომპანიაში ინჟინერ-ელექტრიკოსად. 2013 წლიდან კი კახაბრის რწმუნებულია.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ბასილაძე ფლობს 2119 კვ/მ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთს სოფელ მეჯინისწყალზე. ის და მისი ოჯახის წევრები თანასაკუთრებაში ფლობენ ასევე 1693 კვ/მ მიწის ნაკვეთს ბათუმში, კახაბრის უბანში.

 

საკრებულოს წევრი გახდება ირაკლი მიქელაძეც. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლას ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მისაღებად აგრძელებს. ბოლოს ის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბში მუშაობდა, და ყოველთვიური ხელფასი 600 ლარი ჰქონდა. 2011-2012 წლებში ირაკლი მიქელაძე მუშაობდა აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლის თანამდებობაზე, აქ მას ხელფასის სახით ყოველთვიურად 1040 ლარი ჰქონია.

 

ირაკლი მიქელაძემ 2008-2010 წლებში დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა სტუდენტები“, ამ ორგანიზაციის მიზანი „სტუდენტების უფლებების დაცვა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება“ იყო.

 

ბიოგრაფიულ მონაცემებში ირაკლი მიქელაძე მიუთითებს, რომ კარგად მეტყველებს და წერს ქართულად, ასევე ინგლისურად.
ირაკლი მიქელაძის სახელზე რეესტრში კიდევ ერთი ორგანიზაცია იძებნება, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი „საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდობა“.

 

საკრებულოს წევრი გახდება ვაჟა რამიშვილიც. ის ხიმშიაშვილის უბნის მაჟორიტარია. პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს ასევე ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმი საქონელმცოდნის კვალიფიკაციით. ვაჟა რამიშვილს ნამუშევარი აქვს საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტად, ბათუმის რესპუბლიკურ ბანკში კონტროლიორად, 2013 წლიდან დღემდე კი მერიის ხიმშიაშვილის უბნის რწმუნებული იყო.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ვაჟა რამიშვილი ფლობს 103 კვ/მ ბინას ბათუმში და 1064.70 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ბათუმში, ასლან აბაშიძის #3-ში. რეესტრის მონაცემით ნაკვეთი „ბითიეი ბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: