კვირის ამბები

ბაბილონი: ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს

18.03.2014 • 4589
ბაბილონი: ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს

 

 

ჯგუფს „ბაბილონი” დაარქვეს. რატომ? – ამაზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ უნდათ რეპს საქართველოში უფრო მეტი მსმენელი ჰყავდეს. მათი ტექსტები უმეტესად ბათუმზეა, წერენ ყველაფერზე, რაც ამ ქალაქში ხდება და რაც არ მოსწონთ.

 


ზურა:
“სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით. ლაშა ჯგუფ „სემიში” 11 წელი აკეთებდა რეპს, მე და გიორგი „rep rise”-ის წევრები ვიყავით ორი წელი, წარმატებულადაც ვმუშაობდით, კონცერტები გვქონდა, 2010 წელს “ალტერვიზიაში” ვმონაწილეობდით. 2011-ში “ნიჭიერის” ნახევარფინალშიც მოვხვდით. მერე ინტერესთა კონფლიქტის გამო ჩვენ წამოვედით. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერს ვნანობ და არც ამ ფაქტს. ასე ჯობდა, ახლა უფრო კარგ რამეს ვაკეთებ.”

 


ლაშა:
„2003 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი “სემი”. ვაკეთებდით მუსიკას, რომელიც მასას არ მოსწონდა, თუმცა ყოველთვის გვყავდა ჩვენი მსმენელი, კასეტა გამოდიოდა მაშინ „ჯეო რეპი”, სადაც იკრიბებოდა ყველა ის პროდუქტი, რაც იქმნებოდა რეპშემსრულებლების მიერ. შემოსავლიანი არც მაშინ არ ყოფილა ეს საქმე და არც ახლა არ არის, უბრალოდ ჩვენსას ვისწორებთ რა.”

 

 

ოთხმა დაიწყო, თუმცა მალევე ჯგუფს კიდევ ორი წევრი შეემატა, სიმონა და თამთიკე: „თამთიკე თბილისში სწავლობს, თუმცა მუშაობას არ ვაჩერებთ, სოლოებზე ვმუშაობთ ან მუსიკას ვწერთ, ტექსტს. ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ახალი შემოვიტანოთ.” – ამბობს გიორგი.

 

 

უფრო მეტი ჯგუფის წევრებზე



ზურა გოცირიძე, იგივე ანარქია 18, ხუმრობს, რომ მხოლოდ ეს მეტსახელი აღმოჩნდა თავისუფალი, ისე კი იდეოლოგიური შეხედულებისამებრ აარჩია: „ილიას უნივერსიტეტში „პოლიტოლოგიას” ვსწავლობდი, მმართველობის ეს სისტემა ახლოსაა ჩემთან. შეიძლება ქაოსურად ჟღერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ყველანაირი კანონის გარეშე შეუძლიათ ერთმანეთთან თანაცხოვრება. თუმცა ეს იყო მრავალი წლის წინ, ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრატურას ვასრულებ იურიდიული მიმართულებით, თავისუფალ დროს კი მუსიკას ვუთმობ. როგორც იურისტი, წარმომიდგენია საკუთარი თავი, ადვოკატის თანაშემწეც ვიყავი, თუმცა არ ვაპირებ ამ მიმართულებით მუშაობას, ჩემთვის უმთავრესი მუსიკაა. ისე, ეს ორი საქმიანობა ერთადაც მშვენივრად გამოდის, იურიდიული განათლება მეხმარება ტექსტის წერისას, ადვოკატს საუბარში რეპის ტექნიკა სჭირდება, სათქმელი რომ გასაგებად წარმოთქვა, ამ ტექნიკას უნდა ფლობდე. მე ვხედავ კონტაქტს,” – ამბობს ზურა.

 

გიორგი ბაკურიძე, ფსევდონიმით ბენქს, საზღვაო აკადემიის სტუდენტია: „კაპიტანი უნდა გავხდე სამომავლოდ, გემის მართვის სურვილი ბავშვობიდან მაქვს. თუმცა ჩემი საყვარელი საქმიანობა მაინც მუსიკას უკავშირდება. მინდა, ისეთი სიახლე შემოვიტანოთ ამ სფეროში, რომ უფრო და უფრო მეტი მსმენელი გაგვიჩნდეს. 13 წლისამ დავიწყე ტექსტების წერა, მერე მელოდიების გაკეთებაც დავიწყე. ყოველთვის რეპი მომწონდა.”

 

ლაშა თავაძე, იგივე ტუგა. ეს ზედმეტსახელი იმიტომ შეარქვეს, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენება უყვარს, რაზეც ჯგუფის წევრების თანხმობას ვერ იღებს, ამის გამო ჩამწერ სტუდიაში შეპარვა უწევს. ამბობს, რომ ეს საჭიროა პროტესტის გამოსახატავად: „ჯგუფში ყველაზე ძირძველი რეპერი ვარ. ბავშვობიდან ვუსმენ როკს, მაგრამ რეპს მეტი რიტმულობა მოაქვს. მერე რეპისა და როკის სინთეზი გავაკეთე, ძალიან კარგი გამოდის. ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაც მოძრაობს და ჯერ არ მოძრაობს იმისთვის, რომ იმოძრაოს. რეპი არ არის სიმღერები სიყვარულზე, რეპი პროტესტია,” – ამბობს ლაშა.

 

ტექსტებს ერთადაც წერენ და ცალ-ცალკეც, მუსიკას ზურა და გიორგი აწყობს. ტექსტის წერა ყველაზე მეტად რომას ეზარება. რომა ზოსიძე 18 წლისაა, ბათუმის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობს, პირველ კურსზეა: „რეპი არის ყველაზე თავისუფალი სტილი, შეგიძლია მუსიკით აბსოლუტურად ყველაფერზე ილაპარაკო. მე ჩემი მუსიკით ჩემ ირგვლივ არსებულ მოვლენებზე ვსაუბრობ. ყველაფერზე ვწერ, გარდა სიყვარულისა.”

 

სიმონა კავთელაძე ჯგუფის ყველაზე ახალი წევრია, ამასთანავე ყველაზე პატარა, 16 წლის, სკოლის მოსწავლე: „ხშირად გვიგზავნიან ვიდეოებს, თავიანთ შესრულებულ რეპს გვაფასებინებენ, ასე გამოაგზავნა სიმმაც. ღრმა პოეზია მოდიოდა მისი ნამღერიდან, ტექსტებს ძალიან კარგად წერს, თუმცა ცოტა სევდიანია, რეპს კი სხვანაირი რიტმი აქვს, ამ ხრივ სტილია შესაცვლელი, რადგან ჩვენს მსმენელს აქტიური მუსიკა მოსწონს.” – ამბობს ზურა.

 

თამთიკე ჯგუფში ერთადერთი გოგონაა. ზურასთან და გიორგისთან ერთად ჯგუფ „Rep rise”-ის წევრი იყო. სოულის სტილში მისამღერებს აკეთებს სიმღერებზე. ჯგუფის წევრებს კიდევ ერთი გოგოს დამატებაც სურთ, თუმცა ამ დრომდე სასურველ კანდიდატურას ვერ მიაკვლიეს, როგორც ამბობენ, რთულია საქართველოში რეპის წამკითხველი გოგოს პოვნა.

 

კონცერტები ხშირად არ აქვთ, ვერც ხელშეწყობას ხედავენ, თუმცა მაინც რეპის ერთგულები რჩებიან, ასე უფრო კარგად გამოხატავენ გულისტკივილს. ოცდაათამდე სიმღერა აქვთ მზად და ხუთი კლიპი, ყველაფერს ამას თავიანთი ხარჯებით აკეთებენ:

 

„მუსიკას, ტექსტებს ჩვენ ვწერთ, თავად ვაკეთებთ აუდიოვერსიას, გიორგის აქვს ჩამწერი აპარატურა სახლში. ვწერთ კლიპის სცენარს, ვიღებთ, ჩვენ ვამონტაჟებთ, ჩვენვე ვუკეთებთ პიარს. თავად ვცდილობთ კონცერტებში მონაწილეობას, ან თავად ვაკეთებთ კონცერტს, აპარატურასაც კი ჩვენ ვასწორებთ კონცერტზე.” – ამბობს ზურა.

 

„უკვე საკმაო რაოდენობის მსმენელი გვყავს, ინტერნეტით გვიკავშირდებიან სხვა რეგიონებიდან, თბილისიდანაც, გვგულშემატკივრობენ, გვთხოვენ მათთან ჩასვლას, რამდენჯერმე ჩავატარეთ კონცერტი ბათუმის უნივერსიტეტში, ყოველ ჯერზე მთლიანად ივსებოდა დარბაზი.” – ამბობს გიორგი.

 

 „ბაბილონის“ მოსასმენად გახსენით ლინკი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: