„უკანასკნელი დათვი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გერმანელი ხელოვანი იორგ ჰეროლდი ქართულ სამუშაო ჯგუფთან ერთად ახორციელებდა. ჯგუფმა საქართველოში სხვადასხვა ადგილას იმუშავა, სახელოვნებო სამუშაო შეხვედრების შედეგების პრეზენტაცია კი ცოტა ხნის წინ გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კავკასიური დათვის ცხოვრების, მისი მონაცემებისა და დოკუმენტების ემპირიული ჩანაწერები.
„მსოფლიოს მცირე ნაწილში, აკრძალვის მიუხედავად, თუ შევხვდებით დათვებზე ნადირობის შემთხვევებს. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი კავკასიაა. სავარაუდოდ, აქ 1000-1200 დათვი ბინადრობს. მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია თუ ზრუნავს ცხოველთა დაცვაზე. ნადირობის კვოტები, ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, უწყვეტი დოკუმენტაცია დათვების პოპულაციაზე არ არსებობს. იდეალური სიტუაციაა თავისუფალი ნადირობისთვის,“ – ნათქვამია ოფიციალურ რელიზში, რომელიც პროექტის შესახებ მოგვითხრობს.
იორგ ეროლდი თავისი პროექტით – „უკანასკნელი დათვი“ ცდილობს პილოტური სამუშაოს ჩატარებას. ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნა ისტორიული დოკუმენტები, გამოიკითხნენ ჟურნალისტები და ცხოველთა დამცველები დათვების ნადირობასთან დაკავშირებით და მხატვრულად იქნა ფორმულირებული დათვებთან მოპყრობის კონცეპტი, როგორც საზოგადოების პრობლემა.
„ვიყავით ხევსურეთში, სადაც მოსახლეობა გამოვკითხეთ და ინტერვიუები ჩავწერეთ. ჩავატარეთ კვლევა, თუმცა საბოლოო პროდუქტი ჯერ მზად არ არის,“ – ამბობს სოფო ლაპიაშვილი, პროექტის ქართველი კოორდინატორი.
2012 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩატარდა კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სახეობების, მათ შორის მურა დათვის რიცხოვნობის დადგენის მიზნით. კვლევის თანახმად, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა, საქართველოში დღეისათვის 1643 მურა დათვი ცხოვრობს. წინა წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ კვლევა არ ჩატარებულა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, შესაბამისი რესურსის არ არსებობის გამო.
„თუმცა ასეთი კვლევები ტარდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის მონაცემებით ძნელია ამა, თუ იმ სახეობის რიცხოვნობის შესახებ მსჯელობა. ამიტომ იგეგმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შექმნილი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში, ცხოველთა სახეობების მიხედვით აღრიცხვების ჩატარება,“ – ამბობს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია.
საქართველოში გავრცელებული სახეობა მურა დათვია. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ნადირობა აკრძალულია, მურა დათვი ბრაკონიერების მხრიდან მუდმივად საფრთხის ქვეშაა.
„მიუხედავად იმისა, რომ წითელ ნუსხაშია, მაინც ნადირობენ. ვერანაირად ვერ მოხდა ის, რომ დათვზე ნადირობა კონტროლდებოდეს. იმ ფაქტს, რომ ბრაკონიერობა მაღალია, მოწმობს ტყვეობაში მყოფი ბელების მაღალი რაოდენობაც. ბელი ადამიანთან ისე ვერ მოხვდება, თუ მას დედა არ მოუკლეს,“ – ამბობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ წარმომადგენელი ირაკლი შავგულიძე.
ირაკლი შავგულიძის თქმით, მურა დათვის ბუნებიდან ამოღება ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მან საფრთხე შეუქმნა ადამიანს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი მოკვლა უკანასკნელი გამოსავალია.
„წელს, ზაფხულში იყო შემთხვევა, დათვი საჩხერის რაიონში მოსახლეობას აწუხებდა, საქონელი დაგლიჯა. იყო საუბარი რაღაც ღონისძიებებზე, თუმცა მე როგორც ვიცი ლიცენზია დათვის მოკვლაზე არ გაცემულა,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.
მისი თქმით მსოფლიოში სხვადასხვა გზებს მიმართავენ მსგავსი შემთხვევების დროს. ერთ-ერთი გზა არის საკომპენსაციო თანხა. მაგალითად, თუ დათვი დაგლეჯს საქონელს, სპეციალურმა სამსახურმა ეს უნდა შეაფასოს და მეპატრონეს კომპენსაცია გადაუხადოს. კიდევ ერთი გზა მსგავს შემთხვევებში კონკრეტული დამნაშავე ცხოველის დადგენაა და შემდგომ ნებართვის გაცემა ამ ცხოველის ბუნებიდან ამოღების შესახებ. ბუნებიდან ამოღება ორგვარად ხდება, ერთი ეს არის ცხოველის მოკვლა, ხოლო მეორე გზა მისი დროებით სხვა ადგილას განთავსებაა.
„საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ვარიანტია, თუ დადგინდა, რომ ცხოველი არის დამნაშავე, შესაძლებელია გაიცეს შესაბამისი ლიცენზია მის განადგურებაზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ლიცენზიას გავცემთ ცხოველის მოკვლაზე. ამას სჭირდება აღსრულება და ამ აღსრულებას პროფესიონალი მონადირე, რომელიც კონკრეტულ დათვს გამოავლენს. თუ თქვენ წახვედით და ტყეში რაც დათვი არსებობს დახოცეთ, ეს პრობლემას არ გადაწყვეტს. ის დათვი ისევ მოადგება სოფელს. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ, რომ მარტივად არ გასცენ ლიცენზია,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.
როგორ ცხოვრობენ დათვები საქართველოში
ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დავით თარხნიშვილი დათვებზე საუბრისას ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ „მოლეკულურ ეკოლოგიაში“ დაბეჭდილ სტატიაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ათეულობით წლების მანძილზე დათვების ქცევა არ შეცვლილა.
„სტატიაში საუბარია იმ დათვების გენეტიკაზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოსა და კავკასიაში. ადრე მიიჩნეოდა, რომ საქართველოში ცხოვრობს დათვის რამდენიმე ქვესახეობა, მაგრამ გენეტიკურმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დიდი და მცირე კავკასიონის დათვები დიდად არ განსხვავდებიან.
რაც შეეხება დიდი კავკასიონის დათვებს, როგორც ჩანს 15 მილიონი წლის წინ გამყინვარება რომ დასრულდა, იმის შემდეგ მდედრი დათვები საბინადრო გარემოს არ იცვლიან. გადაადგილდებიან მხოლოდ მამრი დათვები. ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი უწყვეტი დათვის პოპულაცია, ერთი მისდევს ლაგოდეხიდან აფხაზეთამდე დიდ კავკასიონს, მეორე არის მცირე კავკასიონის პოპულაცია, რომელიც მოდის ფაქტობრივად თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი ნაწილიდან უწყვეტად გაივლის მესხეთის ქედს და გადადის თურქეთში,“ – ამბობს დავით თარხნიშვილი.
როგორ იცავს სახელმწიფო მურა დათვს
მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.
„ამ სახეობებისთვის კანონმდებლობით არის დადგენილი დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. ეს ეხება მათი მოპოვების შეზღუდვას. კანონმდებლობით დადგენილია მოპოვების განსაკუთრებული შემთხვევები, კერძოდ: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობის თანახმად, გამკაცრებულია საჯარიმო სანქციები საქართველოს `წითელ ნუსხაში~ შეტანილი ცხოველების უკანონო მოპოვებაზე. გარდა ფულადი ჯარიმისა, კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ხელაია, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.