კვირის ამბები

„ფული ჯანდაცვის სფეროში, განკუთვნილია ღარიბი ადამიანებისთვის“

23.12.2013 • 1839
„ფული ჯანდაცვის სფეროში, განკუთვნილია ღარიბი ადამიანებისთვის“

 

ნუგზარ სურმანიძე

ბატონო ნუგზარ, მიმდინარე წლის ანალიზი რომ გავაკეთოთ, რა იყო წელს ყველაზე დიდი სირთულე ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაში?

2013 წლისათვის ჩაიდო ის თანხა, რომ ჩვენ გადაგვეწყვიტა ძირითადად ჰოსპიტალური მომსახურების საკითხები. არც ერთი პაციენტი არ დავტოვეთ ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროს დახმარების გარეშე. თუ გახსოვთ, საქართველოში ურგენტული დახმარების პროგრამა არ მოქმედებდა, მოქმედებდა მხოლოდ დაზღვევის პროგრამა. ჩვენ შევინარჩუნეთ ურგენტული სამედიცინო დახმარების პროგრამა, შევინარჩუნეთ ონკოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომელიც იყო ბავშვებში და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისათვის, შევინარჩუნეთ კარდიოქირურგიის პროგრამა, რომელიც იყო ყველა ასაკის ადამიანისათვის და ასევე შევიტანეთ გეგმიური სამედიცინო მომსახურება. დაახლოებით 70-მდე დაავადების მკურნალობა, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანს აწუხებდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ იღებდა მომსახურებას.

რა შედეგი მიიღეთ?

მოსახლეობის დიდ ნაწილს პრობლემები მართლაც გადავუწყვიტეთ. მე არ მინდა მოსახლეობამ წარმოიდგინოს, რომ ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას მათ ჯანმრთელობაზე. აქ არის პასუხისმგებლობის სამი ნაწილი, პირველი ნაწილი გახლავთ სახელმწიფო პროგრამებზე დაზღვევა, მეორე ნაწილი გახლავთ სამინისტროს, აჭარის მთავრობის ვალდებულებები იმ დაუფარავი რისკების მართვაში, რაც აქვს მოსახლეობას, და თვითონ მოსახლეობის გადაწყვეტილება ამ პროექტებში მონაწილეობისა. იმიტომ, რომ რაღაც ვალდებულება თვითონ ადამიანმაც უნდა აიღოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანი სოციალურად დაუცველია, ჩვენი დახმარების წილი მის მიმართ არის მეტი, მაგალითად, კარდიოქირურგიაში, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩვენ შევძელით, 40-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტები უეცარი სიკვდილისგან გადაგვერჩინა. 17 ათასი ლარი ჯდება ოპერაცია. თუ პაციენტი სოციალურად დაუცველია, მას თანაგადახდა აქვს 10-პროცენტი, მხედველობაში მაქვს, ვისაც აქვს 100 ათას ქულამდე. 200 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველისთვის თანაგადახდა არის 20-პროცენტი, დანარჩენი მოსახლეობისთვის _ 70 პროცენტი. ჩვენ არც ერთი პაციენტი არ დაგვიტოვებია, ყველას დავეხმარეთ. დიდი დახმარება იყო უკვე ჩვენთვის, როცა დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დაიფარა ურგენტული სამედიცინო მომსახურება. ჩვენი პროგრამები აღმოჩნდა თავისი რესურსით იმ პროგრამებზე ნაკლები, ამიტომ შევაჩერეთ ჩვენი გეგმიური სამედიცინო მომსახურება, ურგენტული და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება კარდიოქირურგიას, გავაგრძელეთ და ვითხოვეთ, რომ არ ყოფილიყო ჩვენი პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული, რადგან ჩვენი მიდგომა პაციენტის მიმართ უფრო დამცველი იყო, ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს მკურნალობის 70-როცენტს, იქ გარკვეული ზღვარია, 12-15 ათასი ლარი, მაგრამ ჩვენი პროგრამა პაციენტს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ყველა შემთხვევაში აფინანსებს და რაც უფრო სოციალურად დაუცველია ადამიანი, მით უფრო ნაკლები აქვს თანაგადახდა.

რა შეიცვლება 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაში, რა სიახლე გექნებათ?

გადავწყვიტეთ, თანხა ჩაგვედო სოციალურ პროექტებში და გაგვეზარდა ჯანდაცვის პროგრამებში ზედა ზღვარი. ადრე იყო 500 ლარამდე მთლიანი დაფინანსება, შემდეგ 1000 ლარამდე და პროცენტები იზრდებოდა, ზღვარი იყო 5 ათასი ლარი. წელს 1000 ლარამდე იქნება დაფინანსება 100-პროცენტით. ეს შეიძლება იყოს ოპერაცია, გამოკვლევები, რეაბილიტაცია. აქ მთავარი ქულების რაოდენობაა _ 2000 ქულამდე უნდა იყოს. ზედა ზღვარი შვიდი ათასი ლარი იქნება ადრე არსებული ხუთის ნაცვლად.

კარდიოქირურგიას ვტოვებთ იმავე ფორმატით.

სოციალურ სფეროში, როცა ვსწავლობდით პრობლემას, გვინდოდა დემოგრაფიისთვის შეგვეწყო ხელი. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ამ ადამიანებს დიდი დახმარება გავუწიოთ, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე ვთხოვეთ, რომ ყველა მესამე ბავშვზე და შემდგომზე დახმარება იყოს 500-700 და 900 ლარი ერთჯერადად. აჭარის მასშტაბით დაახლოებით 100-მდე ტყუპი იბადება. გადავწყვიტეთ, რომ ოჯახებს, რომლებსაც ტყუპი შეეძინებათ, საწყის ეტაპზე ერთჯერადი დახმარება გავუწიოთ -1000 ლარით თითოეულ ბავშვზე.

ფული, რაც მოდის ჯანდაცვის სფეროში, განკუთვნილია ღარიბი ადამიანებისთვის. ძალიან ხშირად ჩემთან მოდიან ადამიანები, რომელთაც არ ეტყობათ ღარიბის ნიშანი და ითხოვენ დახმარებას. ვუხსნი, რომ ეს არის ღარიბის ფული, მას სჭირდება დახმარება. ბევრი მიდის ასეთი საუბრის შემდეგ. 500-ლარიანი დახმარება რატომ უნდა აღმოუჩინოს სახელმწიფომ ადამიანს, რომელსაც კარგი შემოსავალი გააჩნია?!

ყველაზე მტკივნეული, რაც დღეს გვაქვს, ეს არის პირველადი ჯანდაცვა. პირველადი ჯანდაცვა აჭარაში რაღაც ფორმით შენარჩუნდა და ჩვენ შევძელით ის, რომ სამინისტრომ ქონება  გადასცა მუნიციპალიტეტებს, შენარჩუნებულია მუნიციპალური საკუთრება, მაგრამ თვითონ მართვა ამ სისტემის არის ძალიან სუსტი. დღეს მას წილობრივად სადაზღვევო კომპანიაც აფინანსებს და სახელმწიფოც. სადაზღვევო კომპანიის მართვა ძალიან სუსტია. ამ ფორმით გაგრძელება არ შეიძლება, რადგან სოფელი დაგვრჩება ექიმის გარეშე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ალბათ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველადი ჯანდაცვა დაბრუნდეს ჯანდაცვის სამინისტროს მმართველობაში. მას შემდეგ, რაც გადმოგვეცემა მართვაში, წავალთ ასეთი მიმართულებით – პირველ რიგში შევუქმნით მოტივაციას ექიმს, რომ დაბრუნდეს თავის ადგილას. ეს მოტივაცია გამოიხატება ხელფასით _ მთაში ექიმებს მოვუმატებთ 300 ლარს, ბარში – 150 ლარს. გაეროს მოსახლეობის ფონდთან დავამყარეთ ურთიერთობა და მივაღწიეთ შეთანხმებას, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვიყიდის 21 მანქანას თანამონაწილეობით (გაეროს თანხა არის 60 პროცენტი, 40 პროცენტი _ ჩვენი). ამ მანქანებს გადავცემთ მუნიციპალიტეტების თემის საექთნო ლაბორატორიებს, რომ ექიმმა დღეში რამდენიმე გამოძახების შესრულება შეძლოს. მანქანის ხარჯს და მძღოლის ხელფასს დააფინანსებს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი აიღებს ვალდებულებას, რომ შეუძინოს საჭირო მედიკამენტები და დაუფაროს კომუნალური ხარჯები ექიმს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, სოციალურ სფეროს. ისევ ვაგრძელებთ ზრუნვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მოხუცებზე, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. ვყიდულობთ ეტლებს. ეტლებს, რა თქმა უნდა ყიდულობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, შემოაქვთ არასამთავრობოებსაც, მაგრამ ეს არასაკმარისია.

განსაზღვრულია რამდენი ეტლი უნდა შეიძინოთ?

კი. 150 ეტლი უნდა შევიძინოთ. ჩვენ მოგვმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და გვთხოვა, გაგვეცა სამედიცინო ვაუჩერი, რომ თავად შეიძინონ ეტლი. არ ვართ წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ეტლის რამდენიმე სახეობა არსებობს. ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ აჭარის მასშტაბით, შეიძლება საქართველოს მასშტაბითაც, რომ მომწოდებლებმა შემოიტანონ, გახსნან მაღაზიები, დააწყონ ეს ეტლები, რათა მივიდეს ადამიანი და  აირჩიოს.

შევიძენთ სმენის ციფრულ აპარატებს. განსაკუთრებით მოხუცებს აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვებშიც გამოჩნდა ეს პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენს ასწლოვან მოხუცებს 500 ლარს გადავცემდით, ეს  გავზარდეთ 1000 ლარამდე.

გარდა ამისა, ვაგრძელებთ ბავშვების გამოკვლევებს, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე საჯარო სკოლებში. გვინდა, რომ სანამ ბავშვი დაამთავრებს სკოლას, ჩვენ მთლიანად გამოვიკვლიოთ მისი ჯანმრთელობა, რომ ვიცოდეთ რა პათოლოგია შეიძლება იყოს და რით დავეხმაროთ. ყველაზე დიდი პრობლემა სქოლიოზი და ხერხემლის გამრუდებაა. წელს სქოლიოზი გავითვალისწინეთ პროგრამაში, თითქმის ნახევარ-მილიონიანი ბიუჯეტია, რომ ყველა ბავშვს, ვისაც გამოუვლინდა სქოლიოზი, დაახლოებით 2500 ბავშვს, ჩავუტაროთ პრევენციული ღონისძიებები, ასე რომ რაშიც ფულს იხდიდნენ, ეს იქნება მასაჟი თუ სხვა რამ, აღარ გადაიხდიან მომავალში. 180 ლარია ერთი კურსი და რამდენიმე კურსია გათვალისწინებული. ახლა მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებთან, რომ ეს სერვისები შექმნან ხულოში, ქედაში, შუახევში.

ჩვენი მიზანი არის ერთი – არც ერთი ადამიანი, ვინც ცხოვრობს აჭარაში, არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების გარეშე. იმისთვის ვარსებობთ, რომ თუ დაუდგა ადამიანს პრობლემა, მოგვმართოს ჩვენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვერ ვეხმარებით, მაგრამ მცდელობა იმისა, რომ დავეხმაროთ, ყოველთვის გვაქვს. ვერ დავეხმარებით იმაზე მეტს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი პროგრამები, მაგრამ ვერ დავეხმარებით იმაზე ნაკლებითაც, რაც დადგენილია პროგრამებით.

რაც შეეხება აჭარაში სამედიცინო სერვისების ხარისხს და კადრების დეფიციტს. ეს პრობლემა წლებია დგასრას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?

გეთანხმებით, პრობლემები არსებობს. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და მივდივართ დასკვნამდე, რომ ყველაზე დიდი ნაკლი არის კომუნიკაციის არარსებობა მკურნალ ექიმსა და პაციენტს შორის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და პაციენტის მეურვეს შორის. არ უთხრეს, ბოლომდე არ დაიხარჯნენ, არ დაუთმეს დრო, არ დაელაპარაკნენ… და ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მაინც არის პაციენტების ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებთან.

სუსტი წერტილი არის ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. ჩვენ ამისკენ მივდივართ, უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი. რეგულირების მექანიზმი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია. რამდენჯერმე დავაყენეთ საკითხი იმის თაობაზე, რომ რეგულაციაში სამინისტროს მიეღო მონაწილეობა, სამედიცინო დახმარების კონტროლის თვალსაზრისით მაინც. ეს უნდა გადაწყდეს კანონმდებლობით. მომავალში ამ საკითხს კიდევ დავსვამთ. ჯერ სხვა უფრო რთული პრობლემებია მოსაგვარებელი. არ გვაქვს მართვის ბერკეტი, მაგრამ გვაქვს მექანიზმი –  საქართველოს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო, რომელიც ნებისმიერ ჩვენს სიგნალზე ოპერატიულად ჩამოდის, განიხილება, შეისწავლება ეს ფაქტი და შესაბამისი რეაგირება ხდება. მე გახლავართ ამ საბჭოს წევრი და ძალიან ხშირია, როცა ჩვენიდან წარდგენილი მასალებით ხდება ამ საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

ამის დალაგებას სჭირდება გარკვეული დრო. ეს ვერ გადაწყდება მოკლე პერიოდში იმიტომ, რომ მენტალიტეტიცაა შესაცვლელი. მაგრამ ყველაზე კარგია, რომ შეიქმნა რამდენიმე მიმართულება – კერძო და სახელმწიფო სექტორი. ვცდილობთ, კერძო ერთი კი არ იყოს, შეიქმნას რამდენიმე, რომლებიც ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას და პაციენტი ირჩევს იქ, სადაც უკეთესია. პროგრამებით დავადგინეთ, ჩვენ არ ვუშვებთ საავადმყოფოში პაციენტს, თვითონ გვეუბნება სად უნდა. და ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომ პაციენტს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, სადაზღვევო კომპანიისგან განსხვავებით. პაციენტმა რომ თქვას მე დღეს მინდა თელავის საავადმყოფოში გავიკეთო ეს და ეს ოპერაციაო, ჩვენ თელავის საავადმყოფოსთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას.

თუმცა პროგრამით ხომ არის განსაზღვრული თანხა, რომელიც უნდა დაიხარჯოს

საკითხს ვწყვეტთ ასე –  თუ წახვალთ თქვენ იქ, სადაც ძალიან ძვირია, თქვენი გადასახდელიც იქნება მეტი, თუ წახვალთ იქ, სადაც საშუალო ფასია, თქვენი გადასახდელიც იქნება საშუალო. ჩვენ ამ სიკეთეებს ერთნაირად ვაძლევთ ყველას, არჩევანი პაციენტზეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: