Batumelebi | დაგვიანებული დახმარება დაგვიანებული დახმარება – Batumelebi
RU | GE  

დაგვიანებული დახმარება


რედაქციისგან: 12 წლის მირზა ცეცხლაძე გარდაიცვალა. მირზა მძიმედ იყო ავად და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ შეიძლებოდა, თუმცა მკურნალობის საფასური ასი ათას დოლარს აღემატებოდა, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმეთვიანი საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ თანხის ნაწილი შეგროვდა, ორი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაფარავდა მირზას მკურნალობის ხარჯებს იტალიაში, თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ მირზას მდგომარეობა გართულდა და 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. 12 წლის მირზა 2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე იმედოვნებდა, რომ მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდებოდა.  მოსაზრება დაწერილია მირზა ცეცხლაძის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. 

 

 

სულხან სალაძე, იურისტი:

 

„რადგან ჩემი მშობლები ცნობილი პიროვნებები არ არიან, დავრჩი დაუფინანსებელი. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ ჩემ შემდეგ გამოჩენილებმა ჩემნაირი დაავადებით კი გამასწრეს წასვლა საზღვარგარეთ. ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ და კიდევ ერთხელ სცადოთ თქვენი გამოსვლით ჩემი დახმარება და მეც მალე ვუშველო თავს, თორემ…“_ ეს წერილი მირზამ აპრილში „ფეისბუქის“ საშუალებით მომწერა. მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ მირზას შესახებ კიდევ ერთხელ დამეწერა, თუმცა ჩემი და მირზას მიმოწერის გასაჯაროებისგან თავი შევიკავე. თავი შევიკავე იმიტომ, რომ ეს პირადი მიმოწერა იყო და ჩემი მხრიდან ამ მიმოწერის საჯაროდ თქმა შეიძლება ბოლომდე კორექტული საქციელი არ ყოფილიყო. 

 

 

გუშინ საღამოს სახლში მისულმა ჩემი ბათუმელი მეგობრის ბლოგზე წავიკითხე, რომ  მირზას დახმარების მიზნით ბათუმში ჟურნალისტები გაერთიანდნენ და რომ მირზას ათ დღეში უნდა ჩაუტარდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, თორემ…

 

 

გუშინვე მივუბრუნდი ჩემი და მირზას მიმოწერის ამბავს და სოციალურ ქსელში სულ ორად ორი წერილი ვიპოვე. პირველი წერილი, თებერვლის თვეში მოწერილი, იმედით სავსე ადამიანის დაწერილი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის შეძლებდა უკეთესად გამხდარიყო. აპრილში მოწერილ წერილზე კი, რომლითაც ამ ამბის წერა დავიწყე, იმავეს ვეღარ ვიტყვი. აპრილის შემდეგ ჩვენ მიმოწერა აღარ გვქონია.

 

 

არ ვიცი, რას ფიქრობს ახლა მირზა, მაგრამ ვიცი, რისი სურვილიც ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს და ჩვენ  შეგვიძლია მირზას სურვილი რეალობად ვაქციოთ.

არადა, დრო ძალიან ცოტა დარჩა. გუშინ ათი დღე იყო მირზას გადასარჩენად. დღეს ცხრა დღეა. ხვალ კი შეიძლება საერთო აღარ იყოს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სულხან სალაძე