კვირის ამბები

გოგონები ტაეკვანდოს სექციიდან

18.04.2013 • 2579
გოგონები ტაეკვანდოს სექციიდან

 

 

ელინა 20 წლისაა, თეო 17–ის. ხუთი წელია განუყრელი მეგობრები არიან, მათი დამეგობრების მიზეზი სპორტი –  ტაეკვანდო გახდა. ვარჯიშისას ბრძოლა ბიჭებთან ურჩევნიათ, ფიქრობენ, რომ ასე უფრო ძლიერდებიან. როგორც მოწინააღმდეგეები, ერთმანეთს ვარჯიშის დროსაც კი არ ებრძვიან, მათი აზრით ამ დროს ყველაზე სასაცილოები არიან. ტაეკვანდოს შესასწავლად მისულ ახალბედა გოგონებზე დასკვნა მათ დარბაზში შესვლისთანავე გამოაქვთ: „ეს ალბათ სამი თვე გაძლებს, – არა შეიძლება რამდენიმე დღეშიც წავიდეს.“ – ამბობენ, რომ მათი შეფასებები ხშირად მართლდება.

 

 

სპორტის ამ სახეობას ორივე სხვადასხვანაირად დაუკავშირდა, თეო ვაშაყმაძე დედის სურვილით შევიდა სპორტზე, თუმცა მალევე გამოვიდა: „რვა წლის ვიყავი, როცა დედამ ძალდატანებით შემიყვანა ტაეკვანდოზე. მე ბალეტზე მინდოდა შესვლა. ერთი თვის შემდეგ თავი დავანებე სპორტს, სიტუაცია არ მომეწონა, სამი წლის შემდეგ თავიდან შევედი ტაეკვანდოზე, ჩემი ნაცნობი დადიოდა და მეც მომინდა. საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა, ექვსი თვის დაწყებული მქონდა ვარჯიში, მაშინ პირველად მოვიგე, ისე გამიხარდა ეს მოგება, რომ გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ვარჯიში.“

 

 

 თეო ვაშაყმაძე და ელინა ჯაიანი
თეო ვაშაყმაძე და ელინა ჯაიანი

 

 

თეოს თუ დედა აძალებდა ტაეკვანდოზე სიარულს, ელინა დედის სურვილის წინააღმდეგ ვარჯიშობდა: „მე ყოველთვის მომწონდა ტაეკვანდო, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო. დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, ცეკვაზე, ფრენბურთზე, მოკლედ, ყველგან, გარდა ტაეკვანდოსი. 15 წლის რომ გავხდი, ოცნება ავისრულე, ბოლოს და ბოლოს შევედი ტაეკვანდოზე, ჩემი მწვრთნელი აკაკი ცენტერაძეა, ძალიან გამიმართლა, რომ ის შემხვდა, მისი დამსახურებაა, რომ დღემდე ვარ მებრძოლი, დარბაზში ყველაზე “ბებერი” ვარ, თუმცა თავის დანებებას არ ვაპირებ, რაც შეიძლება, დიდხანს მინდა დავრჩე.“

 

 

გოგონები ყველაზე მეტად მარცხის დროს ბრაზობენ: „პირველად წაგების შემდეგ გავხდი ყველაზე მეტად მოტივირებული. სხვა ყველაფერს თავი დავანებე და ვარჯიშს შევუდექი, ვისაც ერთხელ მაინც ვყავარ ბრძოლაში დამარცხებული, სურვილი მაქვს, ის რაც შეიძლება მეტჯერ დავამარცხო, რომ დავუმტკიცო, ის არ არის ჩემზე ძლიერი.“ –  ამბობს თეო ვაშაყმაძე.

 

 

თეოს ელინა ჯაიანიც ეთანხმება: „ყველა სპორტსმენი ბრაზდება წაგებისას, ყველაზე უფრო საკუთარ თავზე ბრაზდები. მე ყველაზე მეტად გავბრაზდი თურქეთში ასპარეზობისას, ისე ცუდად ვიბრძოლე, რომ მწვრთნელმა არც კი მაჩვენა ჩემი ბრძოლის ვიდეო. სრულიად ძალაგამოცლილი ვიყავი, სამ დღეში დამაკლებინეს 10 კილოგრამი, ფეხზე ძლივს ვიდექი. ბრძოლისას ყველაფერი წამებზეა დამოკიდებული, შეიძლება ბოლო წამებში წააგო ან მოიგო.“

 

 

იმის მიუხედავად, რომ გოგონები საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები არიან. შედეგით კმაყოფილები არ არიან, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შეეძლოთ.

 

 

თეო შაჰინის “მეგობრობის ლიცეუმში”  სწავლობს, მეთორმეტე კლასშია. წელს ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, უნდა რომ არქიტექტორი გახდეს. ვერც ელინა იცლის სპორტისთვის ისე, როგორც მას სურს.  „მარინას“ ფიტნეს კლუბში მუშაობს ტრენერად და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში „საბაჟო საქმეს“ სწავლობს, მესამე კურსზეა.

 

 

„დღეებს ვარჯიშებით ვითვლით, დღეში მინიმუმ ერთი ვარჯიში გვაქვს, თუ ორჯერ გვაქვს ვარჯიში, გვგონია, რომ ორი დღე გავიდა. ფიზიკური დატვირთვა დიდია, თუმცა ფსიქოლოგიური მომზადება უფრო მნიშვნელოვანია.“ –  ამბობს თეო. ვარჯიშისას თავს არ ზოგავენ, იმის მიუხედავად, რომ მამაკაცებზე ნაკლები ძალა აქვთ, მაინც მათთან ერთად ვარჯიშობენ, თანაბარ პირობებში: „ისე არ ხდება, რომ მე გოგო ვარ და ამიტომ ნაკლებ აზიდვას გავაკეთებ, სიძნელეებს უნდა დავუპირისპირდეთ, რომ გამარჯვება შევძლოთ. იმედია, მოგვცემენ ლიცენზიას და ოლიმპიადაზე წავალთ.“ –  გვითხრა ელინამ.

 

 

მართალია, გართობისთვის დრო თითქმის არ რჩებათ, მაგრამ გორგოლაჭებზე სრიალს მაინც ახერხებენ. `მე და თეოს ყველაზე მეტად გვიყვარს როლიკებზე ერთად სეირნობა, თუმცა ექსტრემალურ მანევრებს ვერ ვაკეთებთ, ტრავმის გვეშინია.“- გვიამბობს ელინა.

 

 

გოგონებს ხშირ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები „ძმაკაცებად“ აღიქვამენ. „არავის არ ვაშინებ, არავისთვის მითქვამს, ახლა დაგაგდებ ძირში-მეთქი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბიჭები მხოლოდ მეგობრობენ ჩემთან, თაყვანისმცემლების ნაკლებობას განვიცდი.“ –  სიცილით გვიყვება თეო.

 

 

სპორტის გამო ხშირად ეკამათება თავის შეყვარებულს ელინაც, ის გათხოვებას რვა წლის შემდეგ აპირებს: „მინდა სპორტს გავყვე, გათხოვება არ მინდა, ამის გამო სულ ვჩხუბობ შეყვარებულთან. ჯერ ოცი წლის ვარ, გავთხოვდე და ბავშვი გავაჩინო? – ამას მერეც ხომ შევძლებ, ჯერ კარიერული წარმატების მოპოვებაზე ვიზრუნებ, რვა წლის მერე დავფიქრდები გათხოვებაზე.“ 

 

გაზეთ “ბათუმელების” 2012 წლის არქივიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: