სპორტი

პოპულარული სპორტის სახეობები სასპორტო სკოლებში

04.10.2015 • 3791
პოპულარული სპორტის სახეობები სასპორტო სკოლებში

 

 

ფოტო: ”ბათუმელების” არქივიდან

 

აჭარაში ექვსივე მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში სპორტის 32 სახეობას ასწავლიან. სასპორტო სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რაოდენობის მიხედვით, აჭარაში ყველაზე მეტი ბავშვი – 514 ფეხბურთს მისდევს, ყველაზე ცოტა კი 14 მოსწავლე სპორტულ ცეკვებშია გაწევრიანებული, თუმცა სპორტულ ცეკვებს ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ბათუმში ასწავლიან. ხოლო ფეხბურთის ჯგუფები ექვსივე მუნიციპალიტეტშია.

 

ფეხბურთში, ისევე როგორც რაგბსა და ძიუდოში, ცალკე არსებობს ქალთა ფეხბურთი, რომლის ერთი ჯგუფი მხოლოდ ბათუმშია (36 გოგო), თუმცა გოგონების ფეხბურთის ჯგუფი არსებობს ქობულეთის სასპორტო სკოლაშიც, სადაც საერთო ჯამში ფეხბურთს 115 ბავშვი სწავლობს, აქედან – 80 გოგოა.

 

რაც შეეხება ქალთა გუნდებს – რაგბსა და ძიუდოს მხოლოდ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ასწავლიან. შვიდქალა რაგბში 15, ხოლო ქალთა ძიუდოში 26 სპორტსმენი ჰყავთ. ბათუმის სასპორტო სკოლაში კი შემდეგ სახეობებში წვრთნიან ბავშვებს: ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, აკრობატიკა, წყალბურთი, ბატუტზე ხტომა, ბალახის ჰოკეი, ხრიდოლი, მთამსვლელობა და სპორტული ცეკვა. მიუხედავად საერთო სურათისა, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ამბობენ, რომ იქ ყველაზე წარმატებული სპორტი მშვილდოსნობაა. „მშვილდოსნობაში გვყავს ევროპის ვერცხლის პრიზიორი ხათუნა ნარიმანიძე. დიდი შედეგები გვაქვს ქალთა ძიუდოშიც – გვყავს ბაქოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ასევე მსოფლიო და ევროპის პრიზიორები“, – ამბობს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე შაქრო წულუკიძე. მშილდოსნობა აჭარაში მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში ისწავლება, ბათუმში 13 მოსწავლეა, ხოლო ხელვაჩაურში – 38.

 

სპორტის ის სახეობები, რომლებიც სასპორტო სკოლებში არ შედის, შეიძლება არსებობდეს კლუბის სახით. მაგალითად, სასპორტო სკოლებიდან მხოლოდ შუახევში არსებობს რაგბის ჯგუფი. თუმცა ბათუმსა და ქობულეთში ცალკე არსებობს სარაგბო კლუბები. „ჩვენთან შვიდი სახეობა იყო, რაგბი გამოეყო და ცალკე კლუბად ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტში არის ცალკე აიპები კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის. იქაც ბევრი ბავშვი დადის“, – ამბობს ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი ზურაბ კახიძე.

 

ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ახალგაზრდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჰყავთ, იქ 383 ბავშვი სწავლობს. მას მოჰყვება შუახევი – 382 ბავშვით, ხულო 376-ით და ქობულეთი 302 ბავშვით; ქედის სასპორტო სკოლაში კი მხოლოდ 180 მოზარდი სწავლობს. ზურაბ კახიძის თქმით, 2015 წელს ქობულეთის სასპორტო სკოლაში, ახალი სეზონიდან, 20 ბავშვით შემცირდა რაოდენობა. „როდესაც სწავლების მაღალ ეტაპზე გადადიან ბავშვები, სხვადასხვა ადგილას ხდება მათი განთესვა“, – ამბობს ის. მისი აზრით, ამა თუ იმ სპორტის პოპულარობა კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. „დღეს ყველაზე კარგი ბაზები ჭიდაობაში გვაქვს, არის დარბაზი, ლეიბები, მთელი წლის განმავლობაში ამინდზე არ ვართ დამოკიდებული და სულ მეცადინეობა მიდის. ჭადრაკშიც არიან მსურველები და ფეხბურთშიც, თუმცა ჩვენს სპორტსკოლაში ყველაზე უფრო მეტად ჭიდაობა – ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა აინტერესებთ. სპორტის ყველა სახეობაში სპორტული ბაზები რომ იყოს, უფრო მეტი ბავშვი იქნება“, – დასძენს ზურაბ კახიძე.

 

რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი ბავშვი ბათუმის სასპორტო სკოლაში სწავლობს – სულ 1579 მოსწავლე. სასპორტო სკოლაში ამბობენ, რომ ეს მონაცემი 2014-2015 წლის სეზონისაა და 2015-2016 წლის სეზონისთვის ჯგუფები ჯერ არ დაკომპექტებულა. ამიტომ შეიძლება იყოს ცვლილება – რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს. ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებს 2014 წელს სულ 353 მედალი აქვთ მოპოვებული, სპორტის 22 სახეობაში. მედლების ყველაზე მეტი რაოდენობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე მოდის – 131 (39 ოქრო, 29 ვერცხლი, 63 ბრინჯაო), თავისუფალ ჭიდაობაზე – 22 (6 ოქრო, 7 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), ხოლო მაგიდის ჩოგბურთზე – 44 მედალი (22 ოქრო, 15 ვერცხლი, 7 ბრინჯაო).


 

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში არსებული სასპორტო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობა სპორტის სახეობების მიხედვით

 

#       

 

ფეხბრურთისს სახეობა


 მოსწავლეების რაოდენობა


1.  ფეხბურთი  514
2.  ბერძნულ-რომაული ჭიდაობა           395
3.  თავისუფალი ჭიდაობა  362
4.  კალათბურთი  236
5.  ჭადრაკი  185
6.  მაგიდის ჩოგბურთი  145
7.  მძლეოსნობა  139
8.  სათხილამურო სპორტი  116
9.  ძიუდო  105
10.  ფრენბურთი  91
11.  ქართული ჭიდაობა  76
12.  ფარიკაობა  74 მხოლოდ ბათუმში
13.  მხატვრული ტანვარჯიში  65 მხოლოდ ბათუმში
14.  ხელბურთი  64
15.  სპორტული ტანვარჯიში  62 მხოლოდ ბათუმში
16.  ძალოსნობა  57 
17.  კრივი  56
18.  ტაეკვონდო  52 მხოლოდ ბათუმში 
19.  მშვილდოსნობა  51
20.  აკრობატიკა  44 მხოლოდ ბათუმში 
21.  ქალთა ფეხბურთი  36 
22.  რაგბი  35 
23.  წყალბურთი  30 მხოლოდ ბათუმში
24.  ქალთა ძიუდო   26 მხოლოდ ხელვაჩაურში
25.  კიკ-ბოქსინგი  26 
26.  ბატუტზე ხტომა  25 მხოლოდ ბათუმში 
27.  ბალახის ჰოკეი   21 მხოლოდ ბათუმში 
28.  ველოსპორტი  20 ქობულეთში 
29.  ხრიდოლი  18 მხოლოდ ბათუმში 
30.  მთამსვლელობა  17 მხოლოდ ბათუმში 
31.  შვიდქალა რაგბი  15 მხოლოდ ხელვაჩაურში 
32.  სპორტული ცეკვა  14 მხოლოდ ბათუმში




გადაბეჭდვის წესი


ასევე: