სპორტი

„ბათუმი“ საჩემპიონო სეზონისთვის ემზადება

23.07.2013 • 2072
„ბათუმი“  საჩემპიონო სეზონისთვის ემზადება

ლევან მგელაძე: ბათუმში ადრეც მიმუშავია, როდესაც გუნდს „დათვები“ ერქვა და არაერთი წარმატებული სეზონი ჩავატარეთ. ახლაც მაგ განწყობით ჩამოვედი, მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებ. სამწუხაროა, რომ „ბათუმი“ ერთბაშად 12-მა მორაგბემ დატოვა. ეს მათი სურვილით მოხდა, ზოგს კონტრაქტი ამოეწურა. გუნდიდან წავიდნენ გიორგი ბეგაძე, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია, ასევე, შვიდკაცა რაგბიში ერვონული ნაკრების წევრმა შავლეგ მახარაშვილმა დაგვტოვა. წავიდნენ დავით გრძელიშვილი და ზაზა ჩირგაძე, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან და გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ. თუმცა შევსებაც მივიღეთ. პირველ რიგში აღვნიშნავ დავით გუგუშვილს, რომელიც პოლონეთში თამაშობდა და არჩილ ალიქაძეს, რომელიც საფრანგეთიდან შემოგვიერთდა. მათ ბათუმში ადრეც უთამაშიათ. გარდა ამისა, დავიმატეთ ფრანგი მორაგბე იოან შამულო. მართალია, ის მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ ეტყობა რომ ძალიან ტექნიკურია. მეცხრე ნომრის, ანუ გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს. და როგორც ვიცი, სურვილი აქვს საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

საიდან მოხვდა ბათუმში?

 

 

– ჩვენი მეგობარია სოსო ცუცქირიძე, ადრე საფრანგეთში თამაშობდა, ახლა მისი შვილი გიორგი თამაშობს „ბრივის“ ახალგაზრდულ გუნდში. მან გვირჩია და მისი რეკომენდაციით ავიყვანეთ. შვიდკაცა რაგბი ვათამაშეთ მეორე გუნდში და კარგი შტაბეჭდილება დატოვა. მართალია, ფიზიკურად ცოტა მოისუსტებს, მაგრამ მის პოზიციაზე მთავარი ტექნიკური მხარეა, რაც ნამდვილად არ დაეწუნება.

მიუხედავად ამ ზემოთ ხსენებული მორაგბეებისა, მაინც შესუსტებული შემადგენლობით ხვდებით ახალ სეზონს. რა მიზნები გაქვთ?

 

 

– მე მხოლოდ მაქსიმუმისთვის ვიბრძვი და გუნდსაც ამისთვის განვაწყობ. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ვერ ვახერხებთ ამხანაგური მატჩების გამართვას. ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა თბილისიდანაა, იქ ჩასვა ან მათი მოწვევა ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის უფლებასაც საკუთარ თავს ამ ეტაპზე ვერ ვაძლევთ. კარგი იქნებოდა, ბათუმში ყოფილიყო რამდენიმე გუნდი, ვისთანაც შევძლებდით სპარინგს. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე სამმა გუნდმა გააკეთა განაცხადი. ესენია „ბათუმი XV“, „დელფინები“ და მესამეს სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ რაც უფრო მეტი გუნდი გვეყოლება, რაგბის დონე უფრო აიწევს.

როგორც ვიცი, სამოყვარულო რაგბის გუნდიც დაარსდა

 

 

– დიახ. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე თემურ ნარიმანიძე კურირებს მაგ გუნდს. ფორმებიც შეიძინეს და სამოყვარულო ლიგაშიც თავიანთი სიტყვა თქვეს. ჯერჯერობით ენთუზიაზმისა და საკუთარი სახსრების იმედად არიან, თუმცა, შეძლებისდაგვარად, ჩვენს დავეხმარებით.

ბათუმელი მორაგბეები ევროტურნირებზე ხშირად ღებულობდნენ მონაწილეობას და წარმატებულადაც. აპირებთ ჩაერთოთ ევროპის ქვეყნების რეგიონთა თასის გათამაშებაში?

 

 

– როგორც იცით, ბათუმში სამი სარაგბო სტადიონი შენდება, ერთი ბუნებრივი საფარით, ერთი ხელოვნურსაფარიანი და ერთიც ქვიშის. მათი მშენებლობა 2014 წელს დარსულდება და ფაქტობრივად, ყველა წინაპირობა გვექნება იმისა, რომ ბათუმი სარაგბო ქალაქად ვაქციოთ, ძველი ტრადიციები დავუბრუნოთ და ერვოპაშიც ღირსეულად დავბრუნდეთ. აქვე გეტყვით იმას, რომ კლუბს გეგმაში აქვს საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ბათუმში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და ერთი გუნდი რუსეთიდან, ქალაქ ვლადიმირიდან, რომელსაც ქართველ ზაზა ბაკურაძე ავარჯიშებს. 28-29 ივლისს გაიმართება შვიდკაცა რაგბის ტურნირი, რომელშიც, მართალია, ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო ატარებს და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ტარდება, მაგრამ თვად ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმში რაგბისთვის ახალი ეპოქა იწყება, აგვისტოში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლებთ ქვიშის რაგბიში. ახლახან ჩვენმა შვიდკაცამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჩემპიონატზე. 16 გუნდში, დასავლეთ ზონაში პირველი ადგილი დავიკავეთ, საბოლოო ჯამში კი მესამე ადგილზე გავედით. 9 თამაშიდან 8 მოვიგეთ და მხოლოდ ერთი წავაგეთ. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვთა რაგბის განვითარებას. გვყავს ჭაბუკთა B ლიგის გუნდი, რომელმაც დასავლეთის ერთ ზონაში პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ზონაში კი მეორეზე გავიდნენ. ახლა რვა საუკეთესოში მოვხვდით და პლეიოფში თუ გავედით, მედლებისთვისაც ვიბრძოლებთ. იმასაც გეტყვით, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების ბევრ მორაგბეს ჩვენთან თამაშის სურვილი აქვთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

რუსლან რუსიძე, ბათუმის დირექტორი: ჯერ ერთი თვეც არაა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე. პირველ რიგში, კლუბში დისციპლინის დამყარებას ვეცდები. ანუ ყველამ რომ მისი საქმე აკეთოს კეთილსინდისიერად. კარგი გუნდია, შეკრული, ლევან მგელაძისა და თამაზ ფხაკაძის სახით „ბათუმს“ კარგი მწვრთნელები ჰყავს და მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს. რაც შეეხება გუნდის შევსებას, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ორ-სამ მორაგბეს დავიმატებთ, შემდეგ კი ვნახოთ. სეზონი სექტემბერში იწყება, მანამდე კი ვვარჯიშობთ.

დავით გუგუშვილი: ბათუმში პოლონეთიდან ჩამოვედი, სადაც ორი წელი ვითამაშე „ბუდოვანში“. რატომ დავბრუნდი? ადრეც მითამაშია აქ და ჩემი კარიერის საუკეთესო წლები ბათუმს უკავშირდება. ასე რომ მინდა და მოვალეც ვარ, ჩემი გამოცდილება ახალ თაობას მოვახმარო. აჩიკო ალიქაძეც დაგვიბრუნდა და დამერწმუნეთ, ახალ სეზონში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. გვინდა თანამედროვე, ევროპული რაგბი ვითამაშოთ.

იოან შამულო: საფრანგეთში, კლუბ „დაქსის“ 18 და 21 წლამდელთა ასაკის გუნდებში ვთამაშობდი. ბათუმში სოსო ცუცქირიძემ მირჩია წამოსვლა და ვფიქრობ, არჩევანში არ შევმცდარვარ. კარგად დმხვდნენ, ცოტა ენობრივი ბარიერია მაგრამ აჩიკო ალიქაძე მეხმარება, ბიჭებმაც შინაურულად მიმიღეს. ჯერ სამი კვირაა რაც აქ ვარ და თავი უცხოდ არ მიგრძვნია. მეცხრე ნომრად, ანუ გამთამაშებელია ჩემი პოზიცია. მაკმაყოფილებს თუ არა დონე? საფრანგეთში ძირითადი აქცენტი ტაქტიკასა და ტექნიკურ მხარეზე კეთდება, აქ კი ძირითადად ფიზიკურ კონდინციებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამასაც ავუღებ ალღოს. ისე კი არ დაგიმალავთ და, ძალიან მინდა საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: