თემურ დანელია: არაერთი კარგი მებრძოლი აღვზარდეთ ჩვენ, მათ შორის საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები. სამწუხაროდ, დღეს რთული პერიოდი გვიდგას. ძნელად ვახერხებთ ტურნირებზე გამგზავრებას, შეჯიბრებების გარეშე კი – სპორტსმენის გაზრდა-განვითარება არ ხდება. თემურ კახიძეა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, როდესაც საშუალება ჰქონდა, ყოველთვის გვეხმარებოდა, გვაფინანსებდა, ბევრჯერ საკუთარი თანხა მოუცია ჩვენთვის ტურნირებზე გასამგზავრებლად, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა სპორტსმენისა და პირადად ჩემი სახელით, თუმცა ახლა მასაც არა აქვს საშუალება და ვართ ასე, მიტოვებულებივით.
– სპორტის სამინისტრო ან დეპარტამენტი არ გაფინანსებთ?
– არანაირად. ერთადერთი, ვინც გვეხმარება, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და ხელვაჩაურის სპორტსკოლაა, სადაც ამჟამად ვვარჯიშობთ. არიან აჭარის რეგიონში სპორტის ამ სახეობის მიმდევრები, მაგრამ თავისთვის ვარჯიშობენ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთობა არ არის, კლუბებად არიან დაქსაქსულები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირებზე როდესაც გავდივართ, ჩვენს გუნდს აჭარის ნაკრების ნაცვლად ხელვაჩაურის ნაკრები უფრო შეესაბამება, ვინაიდან ყველა სპორტსმენი მხოლოდ ჩვენი სკოლის წარმომადგენელია.
– პრობლემების მიუხედავად, მაინც ახერხებთ ტურნირებზე გამოსვლას და გარკვეული წარმატებების მიღწევას…
– დიახ, და ეს უმთავრესად მწვრთნელთა და თავად სპორტსმენთა ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება. რამდენმე დღეა რაც თბილისიდან დავბრუნდით, სადაც უშუ სანდა-ში ევრაზიის თასის გათამაშებაზე მივიღეთ მონაწილეობა. ორი სპორტსმენი წავიყვანეთ და ორივემ მედალი მოიპოვა. გოგონათა შორის ნათია დიასამიძემ პირველი ადგილი დაიკავა, ვაჟებში კი – თორნიკე ქოქოლაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ხელვაჩაურის სპორტსკოლის აღსაზრდელია. ნათია კი კიკ-ბოქსინგის პარალელურად ძიუდოშიც ვარჯიშობს ნათია აბუსერიძესთან. უშუ სანდა ბრძოლისა და ჭიდაობის სინთეზია, სწორედ ამან განაპირობა მისი გამარჯვება, 19 წლისაა ნათია და დიდი პერსპექტივა აქვს. იგივე შემიძლია ვთქვა თორნიკეზეც.
7 აპრილს თბილისში გაიმართება კავკასიის თასის გათამაშება კიკბოქსინგში K-1 ვერსიით, სადაც 5-6 მებრძოლს ვიახლებთ, მათ შორის ნათიასაც. დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგით დავბრუნდებით.
– ედნარ მუკუტაძე, ძმები – ჯაბა და მამია მემიშიშები… ამ ბიჭებმა არაერთი ტურნირი მოიგეს და საქართველოში ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლები იყვნენ, მაგრამ დღეს ასპარეზზე არ ჩანან, რატომ?
– სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით. პერსპექტივა ვერ დაინახეს ბიჭებმა. ედნარი კონტრაქტით ჯარში მსახურობს, ასევე ჯარშია ჯაბა მემიშიშიც, მისი ძმა მამია კი – თბილისშია და კრივზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებენ გარკვეულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას. შარშან ედნარმა WKN ვერსიით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო პოლონელ პაველ ზევზევჩუკთან. დღესდღეობით ედნარი ამ ვერსიით მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა და ქამრის მოპოვების რეალური პრეტენდენტია.
– ახლების შესახებ რას გვეტყვი?
– რამაზ დევაძე, სულხან კახიძე, არიან კიდევ ბიჭები, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ, ეგაა, რომ სათანადო ხელშეწყობა სჭირდებათ. ვისაც სპორტი კარგად ესმის, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
– მახსოვს, კარგი კონტაქტები გქონდათ უკრაინის ფედერაციასთან…
– კონტაქტები ახლაც გვაქვს, თუმცა, მხოლოდ სატელეფონო. ვერ ვახერხებთ ჩასვლას ფინანსური პრობლემების გამო. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც უკრაინის კიკბოქსნიგნის ასოციაციის პრეზიდენტია(!), შარშან წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, რომ ჩვენი უკრაინაში გამგზავრება დაეფინანსებინა, თავმჯდომარემ წერილი სპორტის სამინისტროში გადაამისამართა, იქედან კი თანხის არქონის გამო, უარით გამოგვისტუმრეს. იმედია, ახლა მაინც შეიცვლება ვითარება, ვნახოთ.
– ამჟამად სად ვარჯიშობთ? პირობები როგორი გაქვთ?
– ძირითადი და ერთადერთი ბაზა ხელვაჩაურის სპორტსკოლაში გვაქვს, იქ ვვარჯიშობთ. პირობებს რაც შეეხება, ასე თუ ისე, გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, ხელზე პირსახოცები აღარ გვაქვს დახვეული, ხელთათმანები გვიკეთია. შხაპიც არის და დარბაზიც, ეგაა, რომ რინგი არ გვაქვს ჯერ, მაგრამ იმედია, ეს პრობლემაც მოგვარდება.
– სამომავლო გეგმებზეც გვითხარი ორიოდ სიტყვით…
– პირველ რიგში გეტყვით, რომ წელს ვაპირებთ თავიდან გავიაროთ ლიცენზირება, როგორც მწვრთნელთა, ასევე მსაჯთა შორის. ამჟამად საერთაშორისო კატეგორიის ორი მსაჯი ვართ, მე და სანდრო ტუღუში, რომელიც დღესდღეობით თურქეთში იმყოფება მსოფლიო კიკბოქსინგის ორგანიზაციის მიწვევით, იქ საგანგებო კონფერენცია ტარდება, თუ რა საკითხებზე, ამის შესახებ მისი დაბრუნების შემდეგ მეცოდინება. 28 მარტს მიწვეულნი ვართ ბაქოში, საერთაშორისო ტურნირი ტარდება, ჯერჯერობით, ისევ და ისევ ფინანსების გამო, ვერ ვახერხებთ გამგზავრებას და სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ვინმემ დაგვაფინანსოს. თუმცა, ვნახოთ…