სპორტი

გურულის ოპტიმიზმი – დავრჩებით!

28.01.2013 • 1439
გურულის ოპტიმიზმი – დავრჩებით!

ბატონო გია, პირველი წრის შეფასებით დავიწყოთ

 

 

– პირველ წრეს რად უნდა შეფასება?! სატურნირო ცხრილში ჩვენი მდებარეობა ყველაფერზე მეტყველებს. ხშირად უიღბლობა გვდევდა თან. რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, თითქოსდა უნდა მოგვეგო, მაგრამ საბოლოოდ ფორტუნა ზურგს გვაქცევდა და ვმარცხდებოდით. ბევრი მომენტიც გამოუყენებელი დაგვრჩა, რამაც განაპირობა კიდეც ასეთი შედეგი.

 

 

ჯორბენაძე ერთი პერიოდი ბომბარდირებშიც იყო, თუმცა უფრო მეტ გოლს უშვებდით. დაცვის ხაზი ვერ გამოიყურებოდა კარგად. მეორე წრისთვის ამ რგოლის გაძლიერებას თუ აპირებთ?

 

 

– მართალია, დაცვის ხაზში გვქონდა პრობლემები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მეორე წრიდან ეს აღმოიფხვრება. სამი მცველი დავიმატეთ. ცენტრალური მცველი  ტყეშელაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“, ასევე მცველები ჯემალ გაბუნია („კოლხეთი“) და გიგა ჟვანია მარტვილის „მერანიდან“. ვფიქრობ, ეს ბიჭები დაცვის ხაზს გააძლიერებენ.

 

 

გუნდი დატოვა ერთერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ნიკა დიასამიძემ, რომელიც თბილისის დინამოში გადავიდა

 

 

– ნიკა მართლაც გამორჩეული და პერსპექტიული ფეხბურთელია. მან თბილისის „დინამოში“ არჩია თამაში და არც ვამტყუნებ.

 

 

სანაცვლოდ დაიმატეთ ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც ზუგდიდიდან გადმოიყვანეთ, მას თბილისის დინამოშიც უთამაშია და საქართველოს ნაკრებშიც. ის, ალბათ, ნახევარდაცვას საგრძნობლად გააძლიერებს

 

ალექსანდრე კოშკაძე
ალექსანდრე კოშკაძე

 

– კოშკაძე გამოცდილი ფეხბურთელია და მისი დამატებით დიდი ძალა შეგვემატა. თუმცა ნახევარდაცვაში მარტო ის არ დაგვიმატებია, კობა შალამბერიძეც დავიმატეთ, რომელიც ადრე პოლონეთში (ვოძისლავის „ოდრაში“, შემდეგ კი ამავე ქვეყნის „ფლოტაში“ – ი.დ.) თამაშობდა და საქართველოში დაბრუნდა.

 

 

დიასამიძის სანაცვლოდ დუშან უჰრინს თბილისის დინამოდან თითქოს ორი ფეხბურთელი უნდა გამოეშვა თქვენთან, განათხოვრების წესით. მოლაპარაკება ძალაში რჩება?

 

 

– რა თქმა უნდა. ჩვენი სურვილია გუნდში ერთი მარცხენა გარემარბი და ერთი ცენტრალური ფორვარდი დავიმატოთ, შეგულებულები გვყავს უკვე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ჩვენ თბილისის „დინამოდან“ ირაკლი ლექვთაძის დამატება გვინდოდა, მაგრამ მან ბოლნისის „სიონში“ თამაში არჩია. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის გამოუშვებენ დედაქალაქიდან ჩვენთან.

 

 

როგორც ვიცი, საუბარი იყო მიხეილ ჯორბენაძეზეც, რომელსაც ქართული კლუბები ეპატიჟებოდნენ. დარჩა ის გუნდში თუ წავიდა?

 

 

– მიშა ჯორბენაძეს შეთავაზება ქუთაისის „ტორპედოდან“ ჰქონდა, მაგრამ მან ბათუმში დარჩენა ამჯობინა.

 

 

უკრაინელების საქმე როგორაა, დარჩნენ დინამოში?

 

 

– მეკარე ივან პიცანი დარჩა, ფორვარდი ალექსანდრე ტიმჩიშინი უკან დაბრუნდა. არ გამოადგა გუნდს, თუმცა გვყავს ზვიად ლობჟანიძე, რომელიც უკრაინაში თამაშობდა.

 

 

შეიძლება ითქვას, რომ მეორე წრეს დინამო აშკარად გაძლიერებული ხვდება. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ გასავარდნ ზონას თავს დააღწევთ?

 

 

– თეორიულად, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ სხვა გუნდსაც ემუქრება. თუმცა ის რესურსი, რომელიც ახლა გაგვაჩნია, მაქსიმალურად რომ გამოვიყენოთ, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს ლიგაში დარჩენას შევძლებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის.

 

 

საწვრთნელ შეკრებას თუ გეგმავთ?

 

 

– ამჟამად გუნდი ანგისის სტადიონზე ვარჯიშობს, ორ დღეში (ინტერვიუ ჩაწერილია 23 იანვარს) ქობულეთში გადავალთ საწვრთნელ შეკრებაზე, იქედან კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც დასრულდება კიდეც ჩვენი შეკრება. მერე ეროვნული ჩემპიონატიც განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: