სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში?!

15.10.2012 • 1526
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში?!

პირველ რიგში გილოცავთ, როგორც ვიცით, თქვენ პირველი ხართ საქართველოდან, ვისაც შიხანის წოდება მიენიჭა?

 

 

– დიდი მადლობა, მართლაც დიდი პატივია ჩემთვის. დიახ, მე პირველი ვარ საქართველოში, ვისაც მსოფლიოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციამ აღნიშნული წოდება მიანიჭა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იოლად არაფერი მოსულა. მრავალწლიანი ვარჯიშის, სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, ასევე, სემინარებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მსოფლიოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის გადაწყვეტილებით, შიხანის წოდება, რაც უმაღლესი კლასის ოსტატს ნიშნავს, 2012 წელს, პირადად ფედერაციის პრეზიდენტმა ტაკეაგი კამიანაგიმ მომანიჭა. ამ წოდებას იმათ ანიჭებენ, ვისი ოსტატობის დონეშიც დარწმუნდებიან. აქვე დავსძენ, რომ 2011 წლიდან ვარ მსოფლიოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის დირექტორატის, ასევე შიხან-კაის წევრი და მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

 

 

თქვენ ჯგუფებსაც ავარჯიშებთ

 

 

– ამჟამად მხოლოდ ერთ ჯგუფს ვავარჯიშებ. პერსპექტიული ბიჭები არიან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო გიორგი ვარშანიძე, რომელმაც წელს, ერევანში გამართულ დიდ საერთაშორისო ტურნირზე, როგორც კატაში (ვარჯიში, ტექნიკის დემონსტრირება), ასევე კუმიტეში (ორთაბრძოლა) პირველი ადგილი დაიკავა 15 წლამდე სპორტსმენთა შორის.

 

 

არავინ გეხმარებათ?

 

 

– 2004 წლიდან დღემდე, არაერთხელ მივმართე ყველა იმ ინსტანციას, რომელიც სპორტს კურირებს და პირდაპირ გეტყვით, არავისგან არავითარი დახმარება არ მიმიღია. ბევრი ხელს ჩაიქნევდა ასეთ დროს, მაგრამ მე ეგ არ მჩვევია და შეძლებისდაგვარად, რაღაცებს ვახერხებთ, მაგრამ ყოველთვის როდი გვაქვს იმის საშუალება, ტურნირებზე გავემგზავროთ.

 

 

ერთ დროს აღმოსავლური ორთაბრძოლების აჭარის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი იყავით, თანამდებობა რა მიზეზით დატოვეთ?

 

 

– 1996 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ვხელმძღვანელობდი აღნიშნულ ორგანიზაციას, შემდეგ კი მართალი ხართ, წამოვედი. ნუ მიწყენთ და არ მინდა დავკონკრეტდე ამ თემაზე.

 

 

როგორც მანამდე აღნიშნეთ, ტრავმის გამო დიდი ტურნირის გამოტოვება მოგიწიათ. იქნებ ამაზე გვითხრათ?

 

 

– ტრავმა 2007 წელს, ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღე, გამაყუჩებელი ნემსი გავიკეთე და ისე გავედი საბრძოლველად. მესამე საპრიზო ადგილი დავიკავე. მას შემდეგ მაწუხებს. მართალია, ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევ, რაც არ არის კარგი. სწორედ ეგ იყო ჩემი ტურნირზე წაუსვლელობის მიზეზი, არადა, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ (4 ოქტომბერი – ი.დ.), ტაშკენტში „მსოფლიო თასი“ იწყება, შემდეგ კი შვეიცარიაში ტარდება დიდი საერთაშორისო ტურნირი – მასტერ კლასი, სადაც მიწვეულები ვართ, თუმცა მარტო ტრავმის ბრალიც არაა, გავუძლებ, მაგრამ ფინანსური მხარეც პრობლემად დაგვირჩა. ასე რომ, ეს ორი დიდი ტურნირი ჩვენ გარეშე ჩაივლის. თუმცა, მოგვიანებით, თურქეთის ქალაქ ადანაში ტარდება საერთაშორისო სემინარები, სადაც აუცილებლად გავემგზავრებით არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ კონკრეტული შეთავაზებაც მაქვს მსოფლიო ფედერაციისადმი.

 

 

რა შეთავაზებაზეა საუბარი?

 

 

– დარწმუნებული ვარ, მალე ბევრი რამ შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო სპორტში, ჩვენ მიმართაც მეტ ყურადღებას გამოიჩენენ. ჩემი სურვილია, საქართველოში ჩავატაროთ დიდი საერთაშორისო ტურნირი და სემინარი, სადაც აუცილებლად მოვიწვევთ მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს. აღნიშნული ტურნირის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტსა და იმიჯს წაადგება და დარწმუნებული ვარ, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას შევძლებ. მომავალში კი ძალიან მინდა, საქართველომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებსაც უმასპინძლოს.

 

 

ამაში ალბათ, თქვენი მეგობრის, ხიტოში კასუიას დახმარების იმედიც გაქვთ?

 

 

– ხიტოში კასუია ჩვენი ცოცხალი ლეგენდაა. ის მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორი გახლავთ, არის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. მას დამთავრებული აქვს ჰოსეის (იაპონია) საბრძოლო ხელოვნებათა უნივერსიტეტის ფაკულტეტი, რასაც ბევრი ვერ ახერხებს. ერთხელ ბათუმშიც იმყოფებოდა სტუმრად და დამპირდა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ჩამოვიდოდა. მასთან სწორედ ამ საკითხებზეც ვისაუბრებთ და იმედია, ჩემს წამოწყებას მხარს დაუჭერს, ის ამ სამყაროში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: