სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ.
სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა.
„პიჯაკის მარცხენა მხარეს გამოსახულია 5.3სმX5.3სმ-იანი სახელმწიფო გერბის სიმბოლიკა (ნაქსოვი/ნაქარგი/ნაბეჭდი -შემსყიდველთან შეთანხმებით)“, – წერია ამ ხელშეკრულებაში.
გერბის სიმბოლიკა გამოსახული იყო სასკოლო ფორმების ესკიზებზე ბაზრის კვლევის ეტაპზეც.
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით შეიძლება, დატანილ იქნეს მოსწავლეთა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე“. – წერია დადგენილებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს, 2026 წლის 19 აგვისტოს მოაწერა.
ეს დადგენილება [„საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების შემთხვევის განსაზღვრის შესახებ“] დღესვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.
„პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება“ – განაცხადა კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებმა“.






