მთავარი,სიახლეები

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

19.08.2026
გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი, რომელსაც დაზარალებულზე ზემოქმედებას ედავებიან

გირაოთი გაათავისუფლეს ადვოკატი მურმან ქამადაძე, რომელიც გუშინ, 18 აგვისტოს დააკავეს დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ბრალდებით.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებულ ადვოკატს 7 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს ადვოკატთა ასოციაცია იცავს, ადვოკატები: ზაზა პაპიძე და ლელი ბჟალავა.

  • გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი, თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.

ადვოკატების თქმით, ბრალდებული ადვოკატი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. მან გირაო უკვე გადაიხადა და თავისუფალია.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით [დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ადვოკატის დაკავება არ უნდა მომხდარიყო საერთოდ. რა აუცილებელი იყო აღკვეთი ღონისძიების გამოყენება: რა დანაშაულს ჩაიდენს, ან სად მიიმალება? გირაო საერთოდ არ იყო საჭირო, მით უმეტეს, საპატიმრო გირაო,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

მოწმეზე ზემოქმედებაში ბრალდებული ადვოკატი წლების წინ მოსამართლედ მუშაობდა.

ადვოკატი ლელი ბჟალავას თქმით კი, სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული მხარე თავად დაუკავშირდა ბრალდებულის ადვოკატს:

„თვითონ დამიკავშირდა დაზარალებული მხარეო… ადვოკატმა იფიქრა, რომ დაზარალებულს სურდა მორიგება საპროცესოს გამო. მოტივაცია რა იყო, არ ვიცი, ალბათ თავად ისაუბრებს… ადვოკატი იცავდა კაცს, რომელიც მისი ნათლული იყო,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. იგი ჯერ არ გასცნობია საქმის მასალებს და მტკიცებულებებს, რომელიც პროკურატურას ამ საქმეში აქვს წარმოდგენილი.

„მტკიცებულება არის ჩანაწერები, მაგრამ ეს არის შეფასებითი კატეგორია. ადვოკატებს გვაქვს უფლება, საქმეში არსებულ მოწმეს გავესაუბროთ. რა თქმა უნდა, ზეწოლის მოხდენის უფლება არ გვაქვს, მაგრამ თუ პროკურატურა ფიქრობს, რომ დალაპარაკებით ზეწოლა მოხდა, ეს ზეწოლა რატომაა? დარწმუნებული ვარ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო ჩვეულებრივ, პროფესიული საქმიანობის განხორციელება,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ადვოკატს შევახსენეთ ბრალდება, რომ გამოძიების ვერსიით, ადვოკატს ედავებიან ქონებრივი სარგებლის მიღების მოტივით დაზარალებულზე ზემოქმედებას.

„ადვოკატს აქვს უფლება, დაზარალებულს ზიანის ანაზღაურებაზე დაელაპარაკოს და ეს დანაშაული რატომაა? ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია,“ – განმარტავს ზაზა პაპიძე.

  • საპროცესო შეთანხმების მისაღწევად ერთ-ერთი პირობაა ბრალდებულის აღიარება და დაზარალებულის თანხმობა.

ადვოკატი ზაზა პაპიძე არ საუბრობს სექსუალური ძალადობის საქმის დეტალებზე, რის გამოც ადვოკატს წარუდგინეს ბრალდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის საქმეში მსხვერპლი გოგო 17 წლის იყო, როცა მასზე იძალადეს.

ამ თემაზე:

აჭარაში ადვოკატი დააკავეს დაზარალებულზე ზემოქმედების ბრალდებით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: