მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს.
„საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი დარჩა სატელეფონო ჩანაწერები, რაც საკმაოდ ბევრია,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. „ბათუმელები“ მას ამ საქმის დეტალებზე ესაუბრა.
საუბარია 2026 წლის 17 მარტს ბათუმსა და ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. ამ საქმეში ბრალდებული 30 პირის საქმე, სადაც „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე ფიგურირებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. ძმები წულუკიძეები და მათთან დაკავშირებული კიდევ 25 პირის საქმის განხილვა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
რეზო და ფირუზ წულუკიძეები 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ძმები წულუკიძეები 2021 წელს დააკავეს. პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში სდებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.
რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები უკანონოდ დააპატიმრეს? – „ბათუმელების“ მიერ 2021 წელს მომზადებული სტატია ნახეთ აქ.
ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერ-ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა, რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი, ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.
2024 წელს ციხიდან გამოსული ძმები წულუკიძეები „ოცნების“ მთავრობამ 2026 წელს ციხეში შეაბრუნა. ამჯერად მათ უფრო მძიმე სასჯელი ელით – „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ძმები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და ფინანსური დავებს განიხილავდნენ.
ამ საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ფარული მიყურადების სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან, ან ფინანსური დავებში ჩართულობის სანაცვლოდ, ვინმესგან ფულს იღებენ.
„ეს ადამიანები მიჩნეული ჰყავთ ავტორიტეტებად – მე გავმიჯნავდი იმას, რომ ეს ავტორიტეტი არ არის კრიმინალური,“ – გვიყვება ადვოკატი თამარ აბესაძე. – „ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოებაში ნდობა, სახელი… რეზო წულუკიძემ თქვა კიდეც ერთ-ერთ პროცესზე, რომ სასამართლოში და პოლიციაში არ მიდიან ადამიანები, რადგან ეს არ არის ეფექტური.
ყველა ეს ადამიანი, ვინც მიმართა ფირუზს, ან რეზოს დასახმარებლად, არიან მათი ოჯახის ახლობლები, მათ სოფელში მცხოვრები ადამიანები.
ძმები წულუკიძეები საუბრობდნენ ხელისუფლების ბევრ პრობლემაზე… ისინი დააკავეს იმის გამო, რომ წინააღმდეგობაში არიან მთავრობასთან,“ – ამბობს თამარ აბესაძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი ადგენს კონკრეტულ ჩამონათვალს, რა შემთხვევაში გვაქვს საქმე „ქურდულ სამყაროსთან“: უნდა დასტურდებოდეს გამოძალვა, შანტაჟი, მუქარა, დუმილის იძულება…
„ვერცერთი მოწმე მსგავს ვერაფერს ვერ ასახელებს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაცას ჰქონდა ვალი ასაღები და დახმარება სთხოვა რეზოს, ან ფირუზ წულუკიძეს,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.
პროკურატურამ ამ ცნობილი სპეცოპერაციით დაკავებული პირების შემთხვევაში აქტიურად სცადა საპროცესო შეთანხმების მიღწევა. თუმცა, მაგალითად, ბათუმში საპროცესოზე ამ ეტაპამდე მხოლოდ ერთი ბრალდებული წავიდა.
„ძმები წულუკიძეების საქმეში“ კი, დაახლოებით 20 პირი უკვე გაუთავისუფლებიათ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითი მსჯავრით. ბრალდებულებს, რომლებსაც პროკურატურა საპროცესო გაუფორმა, აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს და თქვეს, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები მართლაც „ქურდული სამყაროს“ წევრები არიან.
ამ ბრალდებულებს შედარებით მსუბუქი მუხლებით ედავებოდა გამოძიება: „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა… ძმები წულუკიძეებს და მათთან ერთად დაპატიმრებულ კიდევ 5 პირს კი, პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ცრუ ჩვენებები მისცეს სასამართლოს იმ ბრალდებულებმა, რომლებსაც საპროცესო გაუფორმეს.
„როდესაც პირი ამბობს, რომ ესენი არიან ქურდული სამყაროს წევრები, კრიმინალური ავტორიტეტები, რეზო წულუკიძემ დაუსვა შეკითხვა: „შენ ქურდულ გარჩევაზე ხარ ნამყოფი?“ პასუხი იყო, არაო. შემდეგ ჰკითხა: „რა არის ქურდული გარჩევა?“ – არც ამაზე ჰქონდათ პასუხი. მათ ეს არ იციან, მაგარამ ამ დროს ამბობენ, რომ თითქოს რეზო წულუკიძე აწყობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებს…
რაიმე კრიმინალი ჩაუდენიათ-მეთქი, ვეკითხები ბრალდებულებს: ვინმე უცემიათ, დაემუქრნენ, გაიტაცეს, ვინმეს ოჯახში შეუვარდნენ და ხელში იარაღი ეჭირათ? – არა, ამას როგორ ვიტყვით, 25 წელია ერთმანეთს ვიცნობთო. აბა, როცა ამბობთ, რომ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რა კრიმინალური ქმედება განახორციელეს რეზომ, ან ფირუზმა, რომ ამით ავტორიტეტი მოიპოვეს? – ამ კითხვებზე მათ პასუხი არ აქვთ, ვერაფერს ამბობენ.
რაც მთავარია: ყველა მოწმე ადასტურებს, რომ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.
ადვოკატის თქმით, ამ საქმეში რომელიმე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი არ ფიგურირებს. პროკურატურის ვერსიით, ძმები წულუკიძეები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, როგორც ე.წ. ავტორიტეტები.
რატომ ერთვებოდნენ ფინანსური დავებში ძმები წულუკიძეები? – ვკითხეთ ადვოკატს.
„რეზოს ედავებიან 8 ეპიზოდს, ფირუზს – 4 ეპიზოდს. ყველა შემთხვევაში, ვინც მიმართა წულუკიძეებს, მათი ახლობლები არიან…
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ვიღაც ურეკავს ფირუზს და ეუბნება, რომ მისი ახლობელი სცემეს, არ მინდა შევარჩინო და შენი რჩევა მაინტერესებსო. ფირუზი პასუხობს, როგორც ვიცი, ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და რატომ უნდა სცემოო. ეს ჩათვლილი აქვთ, მაგალითად, როგორც „ქურდული გარჩევა“.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, მე ვუთხარი ძმებს, რომ შესაძლებელია დადგეს მკაცრი განაჩენი და ეს იყოს რვა-ნახევარი, ან 9 წელი. რეზო წულუკიძემ აქეთ დამამშვიდა, ნუ ინერვიულებ, გავაგრძელებთ ჩვენ დავას და სიმართლეს მაინც ვიპოვითო… ვინმეს თუ ჰგონია, რომ დაგვაპატიმრა და თავისუფლება წაგვართვა, ასე არაა – მე ყველგან თავისუფალი ვარო.
მზად არიან დაუმსახურებელი სასჯელისთვისაც, თუმცა სადღაც რაღაცა გამოკრთება ცოტაოდენი იმედი, რომ იქნებ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან რთულია ამ ქმედებებს, რაც აღვწერე, სასამართლომ დაარქვას კრიმინალი,“ – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე „ბათუმელებთან“.
