გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იგი შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
„ბათუმელებს“ ინფორმაცია, შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს.
„გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის“, – გვითხრეს ამ უწყებაში.
შსს-ს პრესცენტრში არ გვითხრეს, თავისი სურვილით დატოვა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს.
თანამდებობის დატოვების გარდა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.
გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს. გრიგოლ ბესელია „მზია ამაღლობელის საქმეში“ ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს.
გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს.
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი, უწყვეტი ვიდეოკადრები.
გრიგოლ ბესელიას ამტკიცებდა, რომ მას არ დაუკავებია მზია ამაღლობელი.
გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა”, – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
გრიგოლ ბესელიას მოსამართლეს უთხრა, რომ არც სიწითლე უნახავს მზია ამაღლობელისგან „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძის სახეზე და არც ამაღლობელის მხრიდან ლანძღვა მოუსმენია პოლიციის მისამართით. თუმცა, სრულიად ეთანხმება მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილ ბრალს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა კი არ გააწნა, არამედ ხელი დაარტყა სახეში. თან ისე ძლიერად, რომ ამ დარტყმამ აქციაც კი დაშალა.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობის კედელზე გააკრა სტიკერი – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად, მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ერთი და იგივე ქმედებისთვის – სტიკერის გაკვრა მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრიგოლ ბესელიამ სასამართლოში დაკითხვის დროს თქვა: მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, თუმცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა შეადგინა ახალი სამართალდარღვევის ოქმი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ 2025 წლის 11 იანვრის შემთხვევაზე. სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს მეორედ გაასამართლეს. მოსამართლის შეფასებით, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევაა და მზია ამაღლობელი ამჯერად 1000 ლარით დაჯარიმდა.
- გრიგოლ ბესელია „ოცნების“ იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.
ამ თემაზე:
რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან






