აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
„ასე პუტინი ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას გეზი აიღოს ევროპისკენ“ – ინტერვიუ
„რეალურად, არჩევანი, რომელიც პუტინმა დაუყენა ფაშინიანს – სწორია მისი მხრიდან: ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შეუძლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა პუტინი ამ პოლიტიკით ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას – გეზი აიღოს ევროპისკენ,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ფაშინიანი-პუტინის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ.
პუტინმა პირდაპირ მიანიშნა ფაშინიანს, რა ელის სომხეთს, თუ ის ევროპისკენ განაგრძობს სვლას: ეკონომიკური ბლოკადა, გაზის გაძვირება, პრობლემები სომხურ დიასპორას რუსეთში…
„პუტინი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ იგი ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს. პუტინი ფიქრობს, რომ ამ ტაქტიკური გადაწყვეტილებებით სერიოზულ შედეგებს მიაღწევს, მაგრამ სტრატეგიულ კონტექსტში ეს არის შეცდომა მისი მხრიდან, თანაც არამხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მას ესაზღვრება…
ახლა იქმნება უნიკალური ვითარება, როდესაც რუსეთი დასუსტდება და ვინც არის მასზე დამოკიდებული, უნდა მოახდინოს მანევრი, ერთხელ და სამუდამოდ ეს დამოკიდებულება ჩამოიშალოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში. ინტერვიუს დროს მას სამხრეთ კავკასიის კონტექსტში საქართველოზეც ვკითხეთ: „ოცნების“ მთავარი გზავნილი საქართველოში წლებია არის ეს: „აბა, ომი გინდათ?“ ვნახეთ, როგორ ესაუბრება ფაშინიანი პუტინს მით უმეტეს მაშინ, როცა გიუმრიში რუსული ბაზაა. რა გამოდის, არ ეშინია ფაშინიანს რუსეთთან ომის?“
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.
- ბატონო ვალერი, რა იყო ყველაზე თვალსაჩინო თქვენთვის პუტინი-ფაშინიანის შეხვედრაზე? „ოცნების“ მთავარი გზავნილი საქართველოში წლებია არის ეს: „აბა, ომი გინდათ?“ ვნახეთ, როგორ ესაუბრება ფაშინიანი პუტინს, მით უმეტეს მაშინ, როცა გიუმრიში რუსული ბაზაა. რა გამოდის, არ ეშინია ფაშინიანს რუსეთთან ომის?
ფაშინიანის დიპლომატიურმა გამბედაობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულ, დიპლომატიურ თამაშს ეწევა ახლა ფაშინიანი. იგი ნამდვილად ცდილობს საკუთარი ქვეყნის რუსეთის კლანჭებიდან გამოგლეჯას და გადამისამართებას ევროპის მიმართულებით.
ვფიქრობ, ფაშინიანს ეს გამოუვა კიდეც იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა, მათ შორის, საგარეო პოლიტიკა, ხასიათდება დიპლომატისთვის აუცილებელი სამი ფუნდამენტური პრინციპით: ეს არის მემკვიდრეობითობა, თანმიმდევრულობა და ამოსაცნობი ხასიათი. რაც მთავარია, ეს დაინახეს ევროპელმა პარტნიორებმა და აფასებენ ამას.
ის გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც ივნისის დასაწყისში ელის ფაშინიანს და რომელზეც, რა თქმა უნდა, ზემოქმედებას შეეცდება რუსეთი – ჩვენ ამას ვხედავთ – ფაშინიანი ძალიან ძლიერად უპირისპირდება რუსულ თამაშს. პრინციპში, არანაირი სერიოზული შესაძლებლობა რუსეთს, რომ არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინოს, არა აქვს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, რაშიც ევროპაც ძალიან მნიშვნელოვნად უჭერს მხარს. ამიტომაც, გამოიყო სპეციალური მისია, რომელიც დაუპირისპირდება რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ევროპამ სერიოზული გამოცდილება დააგროვა ამ თვალსაზრისით რუმინეთსა და მოლდოვაში. ამიტომაც, იქცევა ფაშინიანი ასე გაბედულად.
მართალი გითხრათ, ძალიან შემშურდა, როდესაც დავინახე, როგორ გაბედულად ჩამოუთვალა ფაშინიანმა პუტინს მოსკოვში პირისპირ შეხვედრის დროს დემოკრატიის პრინციპები, რომ დემოკრატია არის არჩევნები, რომ სომხეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, სომეხი ხალხი გადაწყვეტს!

ვალერი ჩეჩელაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ფორუმი გაიმართება მაისის პირველ ნახევარში ერევანში – ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი. მეორე დღეს კი გაიმართება უნიკალური ღონისძიება – ევროკავშირი-სომხეთის დიალოგი უმაღლეს დონეზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მხრიდან იქნებიან არა მხოლოდ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ისეთები, როგორიც არის კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და ასე შემდეგ, არამედ წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები. ეს იქნება იმისთანა აკორდი, რომელიც სრულიად უზრუნველყოფს ფაშინიანის დომინაციას არჩევნებზე. სომეხი ერი, ისევე, როგორც ქართველები, არიან ევროპული ერი და არა ევრაზიული. ამ განწყობებს ახლა ვერაფერი ვერ შეცვლის – ვერც პუტინის შანტაჟი და ვერც გიუმრიში ბაზა.
ერთადერთი, რაშიც სამართლებრივი თვალსაზრისით ფაშინიანი ნამდვილად არ არის მართალი – ეს არის ის, რომ ადანაშაულებს „კუხოს“ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას], რომ ის არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან ომში. ამ ორგანიზაციის მოქმედების საგანი არის განხორციელებული თავდასხმის მოგერიება წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ყარაბაღი არანაირად არ იყო საერთაშორისოდ ცნობილი, არც რუსეთის და არც ОДКB-ს სხვა წევრების მიერ, როგორც სომხეთის ტერიტორია.
ამიტომაც, არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, ფაშინიანის პოზიციის გამართლება რთულია, თუმცა როცა სომხეთი ხდებოდა „კუხოს“ წევრი, მას შესაბამისი გარანტიები ეძლეოდა, რომ აი, სომხეთი არის ჩვენი ფორპოსტი ამიერკავკასიაში – რუსების განმარტებებს ვისმენდით, ისინი „ზაკავკაზიას“ იყენებენ, ძველ და იმპერიულ ტერმინს. „სამხრეთ კავკასიას“ ვერ ამოაღერღვინებ ბაგეებიდან რუსეთის პოლიტიკოსებს.
აზერბაიჯანმა აღადგინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას, მათ შორის, სომხეთისთვის. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ კონფლიქტის დამთავრებამ გაუხსნა გზა სომხეთს ევროპისკენ. ამით ძალიან კარგად სარგებლობს ფაშინიანი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
- თუმცა პუტინმა ირიბად მიანიშნა ფაშინიანს, რა შეიძლება ელოდეს სომხეთს: ეკონომიკური ბლოკადა, ერთდროულად ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელიაო. პუტინმა გააჟღერა ისიც, რომ ევროპაში თუ რუსულ გაზს 600 აშშ დოლარად ვყიდით, სომხებს 177 დოლარად გაძლევთ და მგონი, ხედავთ სხვაობასო…
რაც შეეხება პუტინის არგუმენტებს: ძალიან რთულია, პუტინს დაეთანხმო, მაგრამ ОДКB-ს ნაწილში პუტინი იყო მართალი, მისი პოზიცია იყო არგუმენტირებული. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს: ავიღოთ საქართველოს მაგალითი. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მტკიცედ ეჭირა რუსეთს 2007 წელს მეორე ადგილი.
2008 წლის ომის შემდეგ პრაქტიკულად გაწყდა ჩვენი ურთიერთობები, მანამდე იყო ემბარგოს დაწესების მცდელობა და ასე შემდეგ: 2009, 2010, 2011, 2012 წლებში რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში არ შედიოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ უზრუნველვყავით შიდა ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 10 %-იანი ზრდა.
რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და სომხეთია, არსებობს საფრთხის ნიველირების შესაძლებლობები, რესურსების სრული მობილიზაციის შედეგად.
- პუტინმა ფაშინიანს გზაში დააწია ახალი გადაწყვეტილება: რუსეთმა სომხეთიდან შესულ პროდუქციაზე კონტროლი გაამკაცრა და სომხეთიდან რუსეთში შემავალი ტვირთები გააჩერეს. ზეწოლის ასეთი ბერკეტი, რაც არაერთხელ გამოსცადა საქართველომაც, ფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ არ იმუშავებს?
სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი. ევრაზიულ კავშირს კი გააჩნია საბაჟო კავშირი. საბაჟო კავშირი ნიშნავს იმას, რომ არსებობს გარე საბაჟო საზღვრები და შიგნით საქონლის გადაადგილება უნდა იყოს შეუზღუდავი. რუსეთი ამას იგნორირებას უკეთებს. იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც შევიდნენ საბაჟო კავშირში, მათ გააზრებულად, საკუთარი ეკონომიკური სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილზე თქვეს უარი. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთის ბაზარზე ჰქონოდათ წვდომა.
მაგრამ რუსეთი წესებს არ იცავს. ევრაზიული საბაჟო კავშირის დანარჩენი წევრები, როგორიც არის, მაგალითად, ყაზახეთი, დაფიქრდება: რამდენად შეიძლება ენდოს რუსეთს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების კონტექსტში? სხვათა შორის, აზერბაიჯანის საზღვარზეც გარკვეულ მომენტში, პოლიტიკური გართულებების დროს, მსგავს დამოკიდებულებას ვხედავდით რუსეთის მხრიდან.
შესაბამისად, რუსეთი ამ ახალი გადაწყვეტილებით კონკრეტულ ექსპორტიორებს დააზიანებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარ ინტერესებს აზარალებს.
გაზის საკითხს რომ შევეხოთ: რუსეთი ვეღარ ყიდის საკუთარ გაზს ევროპაში. რუსეთი სომხეთს აწვდის გაზს შეღავათიან ფასად და ეს არის სერიოზული ბერკეტი. ალბათ გარკვეული დროის შემდეგ მოუწევს სომხეთს გაზში მეტი ფულის გადახდა, მაგრამ ეს აღარ იქნება რუსული გაზი. ეს იქნება აზერბაიჯანული გაზი.
დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი კომერციულ საფუძვლებზე, მაგრამ მიაწვდის გაზს სომხეთს. ჯერ ერთი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის მეზობელი ქვეყნები, ამიტომაც გაზს ტრანსპორტირების ხარჯი პრაქტიკულად არ ექნება. შესაბამისად, იქნება რეზერვი ფასის პოლიტიკაში.
ვფიქრობ, გამოიჩენს სომხური ეკონომიკა მედეგობას, თუ ამ ნაბიჯსაც გადადგამს რუსეთი და საბოლოოდ ხელს ჰკრავს სომხეთს. ამით რუსეთი სომხეთს მისცემს გაცილებით უფრო თავისუფალი მანევრის საშუალებას.
რეალურად, არჩევანი, რომელიც პუტინმა დაუყენა ფაშინიანს – სწორია მისი მხრიდან: ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შეუძლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა პუტინი ამ პოლიტიკით ამყარებს სომხეთის გადაწყვეტილებას – გეზი აიღოს ევროპისკენ.
- რის დემონსტრირება სცადა ფაშინიანთან შეხვედრით პუტინმა? ეს გათვლილი იყო სომხეთში პრორუსულად განწყობილი აუდიტორიის გააქტიურებაზე?
ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟის ზომები, რაც ჩვენ, საქართველოში, ძალიან კარგად ვიცით, მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოგვიცდია ხშირად.
პუტინი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ იგი ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომებს უშვებს. პუტინი ფიქრობს, რომ ამ ტაქტიკური გადაწყვეტილებებით სერიოზულ შედეგებს მიაღწევს, მაგრამ სტრატეგიულ კონტექსტში ეს არის შეცდომა მისი მხრიდან, თანაც არამხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მას ესაზღვრება.
ვფიქრობ, ფაშინიანი ამას კარგად გამოიყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სომხეთში.
- პუტინმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სომხეთის არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. სომხეთის არჩევნებში რის იმედი აქვს პუტინს? შესაძლებელია, სომხეთში პრორუსული ოპოზიციური ძალების გაერთიანება მმართველი ძალის წინააღმდეგ?
ვფიქრობ, სომხეთის საზოგადოება უკვე ძალიან კარგად მიხვდა, რამდენად დადებითი შედეგების მომტანია მშვიდობა აზერბაიჯანთან – ეს იქნება უმთავრესი გარანტია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების. ამის საფუძველზე ახალი ურთიერთობების აწყობის შესაძლებლობა იხსნება, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან.
თურქეთი ასევე არის უზარმაზარი ეკონომიკა, რომელთან ურთიერთობებიც ძალიან მომგებიანია სომხეთისთვის. უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივები ვფიქრობ, რომ კარგად დაინახა სომხურმა საზოგადოებამ და ამ თვალსაზრისით არანაირი ალტერნატივა ფაშინიანს არ გააჩნია.
თანაც, პუტინი და რუსეთი ნამდვილად არ არის ძალიან მიმზიდველი სომხეთში, გასაგები მიზეზების გამო. იმ ტრაგედიაში, რაც მოხდა სომხეთში – ვგულისხმობ ომს – მნიშვნელოვანწილად რუსეთის ბრალია, არა იმიტომ, რომ რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს გადამწყვეტ პერიოდში, არამედ იმიტომ, რომ მთელი ეს ათწლეულები რუსეთი აქეზებდა სომხეთს და ეუბნებოდა: აი, ჩვენ დაგიჭერთ მხარს ყარაბაღში.
- სინამდვილეში, რუსეთს ყარაბაღის კონფლიქტის შენარჩუნება სურდა, რომ სომხეთი მასზე დამოკიდებული ყოფილიყო?
რა თქმა უნდა! რუსული იმპერიული პოლიტიკა მთელს პერიმეტრზე გამოიხატება იმპერიულ პრინციპში: „გათიშე და იბატონე“. შესაბამისად, მღვრიე წყალში, კონფლიქტების მართვის შედეგად, საკუთარი ინტერესების გატარება.
ზუსტად ამ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ისევ: ცდილობენ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მეშვეობით ზემოქმედების გაძლიერებას სრულიად საქართველოზე.
- თქვენი დაკვირვებით, როგორ უყურებს ამ ეტაპზე პუტინი სამხრეთ კავკასიას? რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რუსეთის ორბიტიდან საბოლოოდ გასვლა, მათ შორის, საქართველოს?
პუტინს, რა თქმა უნდა, სურს საკუთარი ზეგავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში, ახალი ბერკეტების მოპოვება, რაშიც არის ძალიან შეზღუდული. სომხეთზე ვილაპარაკეთ, აზერბაიჯანზე პუტინს საერთოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პირიქით, უფრო მეტად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული რუსეთი – ტოტალური ბლოკადის პირობებში, რომელშიც მოხვდა რუსეთი, ძალიან აინტერესებს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფნის განვითარება, რომელიც აზერბაიჯანზე გადის. ამიტომაც, აზერბაიჯანი საერთოდ გავიდა რუსეთის გავლენის სფეროდან.
ერთადერთი, შედარებით მოწყვლადი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში რჩება საქართველო, რომელზეც პუტინს აქვს გავლენები, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სახით. მე დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან სერიოზულად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები – ის ბოლო წერილი, ჩვენს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იყო ამის ერთ-ერთი გამომჟღავნება. ამ გავლენის გაძლიერებას შეეცდება რუსეთი.
ძალიან დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ არცერთი ჯაშუში არ გამოგვივლენია და არ დაგვიპატიმრებია. ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რუსეთი არ მუშაობს საქართველოში – რაც ძალიან რთულად დასაჯერებელია, ან მუშაობს ისე კომფორტულად, რომ ჩვენი სპეცსამსახურები სამწუხაროდ მათ ვერაფერს ვერ უპირისპირებენ.
ჩვენი გამოსავალია ის, რომ რუსეთის გავლენებს დავუპირისპიროთ ჩვენი იზოლაციიდან გამოსვლა, აღდგენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან, რათა რუსეთმა კარგად გაიაზროს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ძვირად დაუჯდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიკავებს რუსეთი თავს, თორემ თუ ჩვენ მარტო დავრჩით პირისპირ რუსეთთან, მაშინ მას ვერაფერი ვერ შეაკავებს.
ჩვენი დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს ამ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა.
- თუ რუსეთი შეინარჩუნებს გავლენას საქართველოზე და ამავდროულად, დავრჩებით იზოლაციაში, ხომ არ შეიძლება საქართველო გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, რომ სამხრეთ კავკასიამ ვერ დააღწიოს თავი რუსულ ორბიტას? ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ სომხეთის ევროპული პერსპექტივა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს…
მაგრამ რუსეთი თვითონ სუსტდება და მას უკიდურესად ეზღუდება რესურსები. რუსეთის მთავარი თავის ტკივილი დღეს სამხრეთ კავკასია არ არის, მისი მთავარი თავის ტკივილი არის უკრაინა, სადაც შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს საკუთარი ეკონომიკურ-ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით. თუ დროზე ვერ ნახა აქედან გამოსავალი რუსეთმა, შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები საკუთრივ რუსეთის სახელმწიფოებრიობას.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამ დროს საქართველოსთვის ევროპასა და ამერიკასთან თანამშრომლობის გააქტიურება. სხვა გამოსავალი ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს.
როგორ იმოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში – რუსეთი ამას გადაწყვეტს არა იმის გათვალისწინებით, თუ რა პოლიტიკას ეწევა ესა თუ ის ქართული მთავრობა, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად რისკის შემცველი იქნება პროვოკაციების წარმოება საქართველოსთან მიმართებაში საკუთრივ რუსეთისთვის. იმისთვის, რომ ეს რისკები რუსეთს გაუღრმავდეს, ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა.
ზუსტად ახლა იქმნება ის უნიკალური ვითარება, როდესაც რუსეთი დასუსტდება და ვინც არის მასზე დამოკიდებული, უნდა მოახდინოს მანევრი, ერთხელ და სამუდამოდ ეს დამოკიდებულება ჩამოიშალოს. აი, ეს მომენტი დგება ახლა ძალიან მკაფიოდ. არანაირი ლოგიკა არ არის, რომ შეინარჩუნო დამოკიდებულება დამარცხებულ მხარესთან. რუსეთს ხელიდან ეცლება ყველა მისი პარტნიორი: სირია, ვენესუელა, ახლა ირანი… ვინ დარჩა რუსეთს გულწრფელი მეგობარი? ჩინეთი არის რუსეთისთვის გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ამერიკა. ყველა ფრონტზე დამარცხების პროცესში მყოფ სუბიექტთან, რატომ უნდა შევინარჩუნოთ დამოკიდებულება?
- შეიძლება ასეთ რუსეთთან მოკავშირეობა მაინც აწყობდეს ივანიშვილს, მაგალითად, ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით?
აღარ არის რუსეთი ძლიერი მოთამაშე არც ზოგადად და არც რეგიონში.
ამ დროს მხარდაჭერა რაში გამოიხატება: ფული, რესურსი? რით უნდა დაეხმაროს რუსეთი ივანიშვილს? ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძალიან ძვირი დაუჯდება ასეთი დახმარება.






