„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთთან და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამორიცხულად იმისა, დათმო თუ არა „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია… რუსეთთან ერთად და ჩვენ ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მასთან საუბარი თბილისში, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში „საქართველოს წარმომადგენლის“ ჩანაწერით დავიწყეთ, რასაც შემდეგ უკვე განაწყენებული ისრაელის საელჩოს განცხადება მოჰყვა.
დღეს, 7 მარტს, პოლიტიკოსები და მკვლევრები – თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. რაზე მიანიშნებს სუსში დაწყებული გამოძიება?
„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
- ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა გათვლებით აწყობს ივანიშვილს ირანის მხარდაჭერა? საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის ცნობით, „საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივცემულმა წარმომადგენელმა“ თბილისში, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, სადაც სამძიმარია გამოხატული ირანის სულიერი ლიდერის დაღუპვის გამო. ამას მოჰყვა ისრაელის საელჩოს განცხადება, ეს არის სწორედ ბრძოლა მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგო.
„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გამოირჩევა სრულიად არაადეკვატური და არაკომპეტენტური შეფასებებით. რა თქმა უნდა, არავინ არ სთხოვდა საქართველოს, რომ პირდაპირ ჩართულიყო რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაციებში. ჩვენ ეს შეთქმულების თეორია არაერთხელ გაგვიგია „ქართული ოცნებისგან“. როგორც ჩანს, იგივე ნარატივში მოქმედებენ ახლაც.
მსგავს ვითარებაში ჩვენ გვმართებდა განსაკუთრებული დიპლომატიური სიფრთხილე და სიფხიზლე, რაც, მგონი, არავისთვის საკამათო არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ირან-ისრაელის დაპირისპირებაში „ოცნებამ“ მოახერხა და გამოიწვია ისრაელის გადამტერება – ბოლო პერიოდის განცხადებები ამაზე მეტყველებს. ამავდროულად, ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, რომ მხარს უჭერენ აიათოლების სრულიად კაციჭამია რეჟიმს.

გიორგი მელაშვილი
ამ დაპირისპირებაში, როდესაც ირანი წინააღმდეგ მოქმედებს შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი კოალიცია, შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხარ ირანის მხარეს, ამას უნდა განსაკუთრებული არაკომპეტენტურობა, ან სრული არაადეკვატურობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა ზუსტად ამ კონფლიქტის დროს.
- არ უშვებთ, რომ პრაგმატული გათვლა ჰქონდეს ივანიშვილს?
პრაგმატული გათვლა ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის იქნება ორივე მხარის არგადამტერება.
რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, არის ზუსტად ის დისბალანსი, როდესაც „ქართული ოცნება“ ახერხებს ჩვენს ისტორიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭებას და სრულიად გაუგებარ, ავტორიტარულ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რეჟიმებთან ურთიერთობების დათბობის მცდელობას. მე სპეციალურად ვიყენებ სიტყვას „მცდელობა“, რადგან არც ამ რეჟიმებთან არ გამოსდით მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა. მაგალითად, რუსეთთან მათ ურთიერთობას არანაირი რეალური სარგებელი საქართველოსთვის არ მოუტანია.
იგივე ეხება ირანს. ძალიან კარგად გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, როგორი ინტენსივობით ცდილობდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა „3+3“ ფორმატის მხარდაჭერას და როგორ ცდილობდნენ იმას, რომ იქნებ რამენაირად საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ამ ფორმატისადმი დადებითად განეწყოთ. კარგად ვნახეთ, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების ჯერ კიდევ შარშანდელი დარტყმების შედეგად ეს ფორმატი არის სრულიად დისკრედიტირებული. მგონი, „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული ფანატიკური მიმდევრებიც კი, ამ „3+3“ ფორმატს აღარ უყურებენ ისეთი აღფრთოვანებით, როგორც ამას ამბობდნენ ცოტა ხნის წინ.
საქმე იმაშია, რომ არანაირად არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს ის ქმედებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ბოლო პერიოდში. ერთადერთი ახსნა, რაც ამ ყველაფერს აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეწირვის ფასად.
„ოცნება“ ცდილობს საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს და მზად არიან, ნებისმიერ ავტორიტარულ ძალასთან, რომელსაც არ აინტერესებს დემოკრატია, არ აინტერესებს ფუნდამენტური უფლებები, არ აინტერესებს სიტყვის თავისუფლება, დაამყარონ კომუნიკაცია. ამ კავშირების მეშვეობით ცდილობენ, დააბალანსონ დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები.
- ეს ხომ არ აჩვენებს, რომ სუვერენიტეტი, რომელსაც ხშირად დემაგოგიურად ახსენებს „ქართული ოცნება“, რეალურად აღარ გვაქვს საგარეო ურთიერთობებში და „ოცნება“ მოქმედებს ისე, როგორც კრემლი თვლის საჭიროდ?
დანამდვილებით არ ვიცით, იღებს თუ არა „ოცნება“ პირდაპირ ბრძანებებს კრემლიდან. ფაქტია, რომ მისი ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთსა და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, დათმო „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია.
შედეგი არის ერთი და იგივე: საქართველო, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მუდმივად ხვდება არა დასავლურ ბანაკში, რომელიც ჩვენთვის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორი, არამედ გაუგებარ „რუხ ზონაში“, სადაც ჩვენი ისტორიული ოპონენტები არიან რუსეთთან ერთად. ჩვენ მათთან ერთად ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება.
- პოლიტიკოსები და მკვლევრები – თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი, ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს რაზე მიანიშნებს?
ჩვენ დავინახეთ „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება: გუშინ თბილისის მერი, რომელსაც საერთოდ არ ეხება საგარეო პოლიტიკურ თემებზე განცხადებების გაკეთება – ალბათ ჯობდა, რომ დიდთოვლობისთვის მიეხედა – ამბობდა, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები. კალაძე პირდაპირ მათ დაპატიმრებას, გასამართლებას ითხოვდა. სუსის დღევანდელ განცხადებაში უფრო ფრთხილად და ადეკვატურად იქცევა. ისინი საუბრობენ, რომ ეს ადამიანები არიან დაბარებულები კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა.
ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ირანული დივერსიული ჯგუფების ქმედებები საკუთარ ტერიტორიაზე, საქართველოში კი იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, მონიტორინგი გაუწიონ ირანის გავლენებს საქართველოში. ეს კონტრასტი ძალიან კარგად აჩვენებს პრიორიტეტებს – მაშინ, როცა აზერბაიჯანი ირანულ გავლენებს ებრძვის, საქართველოში ვნახეთ, რომ ჯერ თბილისის მერმა მოითხოვა ამ გავლენებთან მებრძოლი ადამიანების დაპატიმრება, ახლა კი ვხედავთ, რომ ისინი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ეს, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობაზე წნეხის გატარების მცდელობად უნდა შევაფასოთ.
წესით, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდე უნდა გაეკეთებინა: იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯებოდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ციხეში ჩასმაზე, საქმეების გამოგონებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების რესურსი უნდა იხარჯებოდეს სწორედ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნების გავლენების შეკავებაზე. ამას, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.
- საითკენ მიდის პროცესი ირანში – ირანის პრეზიდენტმა დღეს დაბომბვების გამო ბოდიში მოუხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმების შედეგად განადგურებულია ირანის სარაკეტო პოტენციალის უდიდესი ნაწილი. ახლა ირანი ვეღარ ისვრის იმ რაოდენობის ამუნიციას, რაც მანამდე ჰქონდა, კონფლიქტის პირველ დღეებში. ირანისთვის არანაირი აზრი აღარ აქვს დამატებით დაპირისპირებას გინდა აზერბაიჯანთან, გინდა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან. შესაბამისად, ცდილობენ, საკუთარი უუნარობა შეფუთონ კეთილ ნებაში და ამავდროულად იქნებ მოახერხონ ურთიერთობები შეინარჩუნონ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან.
არ არის გამორიცხული, რომ ირანში მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. შეიძლება, ირანის პრეზიდენტი ცდილობს, ამერიკელებს საკუთარი თავი მოაჩვენოს, როგორც უფრო ადეკვატური ლიდერი – იქნებ დაითანხმოს ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. ვენესუელის სცენარზე, როდესაც არაადეკვატური ლიდერი ჩანაცვლება შედარებით უფრო ადეკვატური პირველი პირით, რეჟიმის სრული განადგურების გარეშე.
- ტრამპი ამბობს, რომ არ დაუშვებს გარიგებას ირანთან…
ტრამპი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა ობამას მიერ დადებულ შეთანხმებას ირანთან. ამიტომ მისთვის სუსტი ხელშეკრულების დადება არის ერთგვარი პოლიტიკური სუიციდიც კი.
ტრამპი ეცდება, მაქსიმალისტურად მიაღწიოს ამერიკის გაცხადებულ ამოცანებს.
როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ისრაელმა, რაც თავიდანვე განაცხადეს, მთავარი ამოცანა რეჟიმის მიერ ბირთვული შეიარაღების შექმნის პოტენციალის სრული განადგურებაა. თუ რეჟიმი ჩანაცვლდება უფრო ადეკვატური მმართველობით, ეს ერთგვარი დამატებითი ბონუსია, რომელიც კარგი იქნება ირანელი ხალხისთვის.
აიათოლაზე პირველ დღეს განხორციელებული თავდასხმა გვაჩვენებს, რომ ერთ-ერთი ამოცანა იყო რეჟიმის მმართველი იერარქიის განადგურება, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს ირანელებისთვის უფრო მისაღები მმართველით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ კიდევ პირველ და მეორე ფაზაში ეს სამხედრო დაპირისპირება – ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებენ… სარაკეტო პოტენციალს, სამხედრო მრეწველობას და კონკრეტულ სამხედრო სამიზნეებს.
ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს მესამე ეტაპი. საბოლოო ჯამში მივიღებთ შედარებით სტაბილურ ირანს ახალი მმართველობით, ან მკვეთრად დასუსტებულ ირანს, რომელიც შეიძლება შევადაროთ სირიას ალ-ასადის რეჟიმის დამხობამდე.
- ევროპარლამენტში გაიმართება დებატი საქართველოს შესახებ, ასევე მიიღებენ რეზოლუციას: ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ. უნდა ველოდოთ ახალ სანქციებს? – ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე შეაჩერა.
ევროკავშირის პოზიცია თავიდანვე თანმიმდევრული იყო. მათ არ სურდათ საქართველოს მოსახლეობის დასჯა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო. ამიტომა, მივიღეთ გაწელილი პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე დასრულდა უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს სერვის და დიპლომატიური პასპორტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკასა და პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დამატებითი ქმედებები ევროკავშირის მხრიდან.
ინდივიდუალური სანქციები დაბლოკა ვიქტორ ორბანმა, ზუსტად ამიტომ დადგა საფრთხის ქვეშ მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. თუმცა, შეიძლება ეს სიტუაცია აპრილში შეიცვალოს – ვიცით, რომ აპრილში უნგრეთში არჩევნებია და ბოლო მონაცემებით ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მაინცდამაინც მაღალი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ორბანის ვეტო აღარ იქნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირს გაუმარტივდება საერთო საგარეო პოლიტიკის წარმოება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეჟიმთან მიმართებით.
იმედია, უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე საქმე არ მივა და მოვახერხებთ არსებული კრიზისის დაძლევას გაცილებით უფრო ნაკლები დანაკარგებით, თუმცა „ქართული ოცნების“ არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ.
- რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების გაუქმებას: ევროპარლამენტის დებატს როგორ უნდა დაესწრონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისაც დიპლომატიური პასპორტები გაუქმდა?
მათ მოუწევთ ვიზების აღება. აქამდე მათ ჰქონდათ შედარებით ლმობიერი რეჟიმი და ნაწილს შეეძლო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჩვეულებრივი პასპორტებით. ახლანდელი რეგულაციით კი, მათ მოუწევთ ვიზის აღება. როგორც ვიცით, ევროპარლამენტი მდებარეობს ბრიუსელსა და სტრასბურგში. შესაბამისად, მათ მოუწევთ ბელგიის, ან საფრანგეთის ვიზების მიღება.
არსებულ რეგულაციაში არის პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური და სერვის პასპორტების მფლობელებს, გამოიყენონ აღნიშნული დოკუმენტები ევროკავშირში შესასვლელად. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ეს პასპორტი ჰქონდათ, შემდეგ შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ე.წ. მგზავრობის აკრძალვაც კი მიიღონ.
- რა პოლიტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია? აქამდე არაერთი კრიტიკული რეზოლუცია გვინახავს.
ამ რეზოლუციებზე შენდება შემდგომი ნაბიჯები, რასაც ახლა ვხედავთ წინა რეზოლუციების გამო – იგივე დიპლომატიური და სერვის პასპორტების გაუქმებას.
ევროპარლამენტის რეზოლუციებში რაც იწერება, შემდეგ ევროპული საბჭო, ევროკომისია მის აღსრულებას იწყებს. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის სავალდებულო შესასრულებლად. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ რეზოლუციებზე დაყრდნობით შემდგომში უკვე იქმნება ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომლის აღსრულება სავალდებულოა. ევროპარლამენტი არის გაფრთხილება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები.
ევროპარლამენტი არანაირად არ არის გამოთიშული საერთო ევროპულ პოლიტიკას. ევროპარლამენტში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში. შესაბამისად, ევროპარლამენტი ძალიან კარგად გვაჩვენებს, საითკენ მიდის ევროპული პოლიტიკა საბოლოო ჯამში.
მაგალითად, გერმანიაში არსებობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ჰყავს ამჟამად პრემიერ-მინისტრი. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიაა. ამავდროულად, მათ ჰყავთ კანცლერი, რომელიც ევროპულ საბჭოშია წარმოდგენილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია ევროკომისიის პრეზიდენტი.
იგივე პოლიტიკური ძალები არიან ევროკავშირის ძალაუფლების სხვადასხვა შტოში. რა თქმა უნდა, თუ არსებობს კონსენსუსი ევროპის სახალხო პარტიაში პარლამენტის დონეზე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული გადაწყვეტილებები ევროკომისიის და ძალიან დიდი ალბათობით, ასევე, ევროპული საბჭოს დონეზე.
მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე. 2024 წელი






