მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

23.04.2026
მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო.

მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა.

პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო.

„ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

„რატომ არ განიხილა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება ერთი წლის განმავლობაში?“ – ვკითხეთ მარიამ კერესელიძეს, შსს-ს წარმომადგენელს სხდომის დასრულების შემდეგ. მან სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

საქმე ეხება ისევ სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანია  ის, თუ რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.

სამართალდარღვევის ჩადენის მიუხედავად, იყო თუ არა საჭირო, პოლიციელებს დაეკავებინათ ქალი, რომელმაც შენობის ღობეზე სტიკერი გააკრა?

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის უკვე 1 წელი და 3 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი უთქვამს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს 2025 წლის დეკემბერში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალდებულა.

თუ დადგინდება, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი არგუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უკვე განიხილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე გაყალბებული ოქმებით, ასევე, სისხლის სამართლის საქმე პოლიციის ცრუ მოწმეებით.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და დაკავებას ეყრდნობოდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა და სასამართლომაც გაიზიარა პოზიცია, რომ „დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების“ რისკი არსებობს, ვინაიდან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და გათავისუფლების შემდეგ გააწნა სილა პოლიციელს.

ამ თემაზე:

ბათუმის სასამართლო იძულებულია, ხვალ მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: