„მოლოდინი იმის, რომ საომარი მოქმედება დაიწყება, ჩემი თვალსაზრისით, სადღაც 80%-ზე მეტია,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ირანში ომის დაწყებაზე.
რაც შეეხება უკრაინას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსების აქტივობა და გაძლიერდა უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევები.
„რუსეთში „აღმოსავლეთი“ დაჯგუფების სამ მიმართულებაზე 29-ე, 36-ე, მე-5 არმიის პოზიციებზე კონტრშეტევები განახორციელეს უკრაინელებმა, გარკვეული წინსვლა მოახერხეს და გულიაპოლეზე კონტროლს იბრუნებენ…
ბელგოროდში ისეთ დღეში არიან ბელგოროდელები, რომ გამოვიდა ბელგოროდის გუბერნატორი და სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, კიევში დარტყმები შეწყვიტონ, ვინაიდან საპასუხოდ ბელგოროდს ურტყამენ უკრაინელები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი და იმასაც გვიყვება, ამასობაში, როგორ გამოიგონეს უკრაინელებმა ახალი იარაღი:
„ამერიკელი ჟურნალისტი უშუალოდ ესწრებოდა უკრაინული წარმოების ლაზერული იარაღის გამოცდას – დრონი ჰაერში დაწვეს. ასეთი ლაზერული იარაღი გააჩნია ამერიკას და ბრიტანეთსაც, მაგრამ მათი გაბარიტები საკმაოდ დიდია. უკრაინული კი, როგორც ეს ვნახე იუთუბის არხზე, პატარა ზომისაა, ავტომანქანის საბარგულიდანაც შეიძლება მისი გამოყენება,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, 12 თებერვალს მასირებული შეტევა ჰქონდათ რუსებს ოდესაზე. რამდენიმე რეგიონს უკრაინაში უკვე გრაფიკითაც არ მიეწოდება ელექტროენერგია. რუსებს აქვთ იმედი, რომ ამ გზით მაინც დაათმობინებს უკრაინას ტერიტორიებს?
მნიშვნელოვნად შემცირდა რუსების აქტივობა ფრონტის ხაზზე. სიღრმეში დარტყმებით ალბათ ამის კომპენსაციას ცდილობენ რუსები. სულ ვიმეორებ, რომ ამით უფრო ამწარებენ უკრაინელებს. ეს არ არის ის ვარიანტი, რომ, ვთქვათ, უკრაინელები დათანხმდებიან ტერიტორიების დათმობას და კაპიტულაციას. ეს გამორიცხულია.
ამის საპასუხოდ, მაგალითად, ვოლგოგრადში, გუშინწინ, რუსეთის მთავარ საარტილერიო და სარაკეტო არსენალს დაარტყეს. ეს დარტყმა მოხდა „ფლამინგოებით“. როგორც არსებობს ინფორმაციაა, ისევ ხანძარია, ისმის დეტონაციების ხმა, ასევე, უხტაში დააზიანეს „ლუკოილის“ ნავთობსაცავი. ეს არის 2000 კილომეტრი მანძილი, რომელსაც უკრაინელები ფარავენ.
ასე რომ, უკრაინელების მხრიდანაც ხდება საპასუხო დარტყმები.
მაგალითად, ბელგოროდში ისეთ დღეში არიან ბელგოროდელები, რომ გამოვიდა ბელგოროდის გუბერნატორი და სთხოვა რუსეთის ხელისუფლებას, კიევში დარტყმები შეწყვიტონ, ვინაიდან საპასუხოდ ბელგოროდს ურტყამენ უკრაინელები. იქ ძალზე მძიმე მდგომარეობაა: 500-ზე მეტ მრავალსართულიან კორპუსს არა აქვს გათბობა და შუქი. ბელგოროდში უკვე ევაკუაციაზე არის საუბარი.
კიევში, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაა. დარტყმები ძირითადად მარცხენა სანაპიროზე ხდება, რომელიც უფრო კარგად მისადგომია რუსებისთვის. მარცხენა სანაპიროზე ფაქტობრივად უკვე ერთი თვეა შუქი და გათბობა არ არის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი იყო უკრაინაში წელს, -27, -28 გრადუსამდე ვარდებოდა ყინვა, მაგრამ ახლა რაღა დარჩა ზამთრის დამთავრებასაც, რუსეთი კი, ახალს ვერაფერს აღწევს.
- უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა ცვლილებებია?
ცვლილებები არის იმ გაგებით, რომ რუსებმა შეამცირეს აქტივობა, ვინაიდან „სტარლინკი“ გაეთიშათ. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა ინტერვიუში. ამას დაემატა ისიც, რომ რუსებმა გადაწყვიტეს, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდონ „ტელეგრამის“ მესენჯერის გამოყენება. ამ კავშირის პირობებში, რაც რუსებს აქვთ წინა ხაზზე, ისინი ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ამიტომაც, ეფექტური აღარ არის მათი შეტევები. მიზანმიმართული, სისტემური, ცენტრალიზებული მართვა ვეღარ ხორციელდება.
ის ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ რუსები, 2-3 და 5-კაციანი ჯგუფები, რომლებსაც მხარს უჭერდა დრონები და იცავდა ჰაერიდან, ვერ ხერხდება, რადგან დრონების გამოყენება შემცირებულია.
ამით ისარგებლეს ახლა უკრაინელებმა, ასევე იმით, რითაც სარგებლობდნენ რუსები ზამთრის დასაწყისში – ნისლიანი ამინდით, თოვლით და ყინვით და ისინი ახორციელებენ ეხლა შეღწევას რუსების სიღრმეში. რუსეთის „აღმოსავლეთი“ დაჯგუფების სამ მიმართულებაზე 29-ე, 36-ე, მე-5 არმიის პოზიციებზე კონტრშეტევები განახორციელეს უკრაინელებმა, გარკვეული წინსვლა მოახერხეს და გულიაპოლეზე კონტროლს იბრუნებენ.
გულიაპოლეს ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსები არიან სოლისებრად შეჭრილები, ხოლო უკრაინელები ცდილობენ ამ სოლის მოჭრას. ეს არის ტერნოვაიას მიმართულებაზე, ზაპოროჟიეს რაიონში. დარტყმები ხორციელდება ძირითადად ზაპოროჟიე-დნეპროპეტროვსკის გამყოფ ხაზთან დაახლოებით. იქ ხდება უკრაინელების კონცენტრაცია. აქ მათ კონტროლს დაუბრუნდა პრიდოროჟნიე. უკრაინელებმა რუსებისგან ასევე გაწმინდეს დასახლებული პუნქტი ჩუგუნოვკა, ხარკოვის რაიონში.
რუსებმა სცადეს ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე გააქტიურებაც, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე, თუმცა უშედეგოდ.
ფაქტობრივად, ისევ პანიკაა ატეხილი რუს ბლოგერებში, ეგრეთ წოდებულ „Z“ ბლოგერებში, ვინაიდან „სტარლინკის“ გამორთვით ძალზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. აღმოჩნდა, რომ კავშირის საშუალებებს უკრაინელები უხშობენ, ხოლო „სტარლინკი“ საბოლოოდ გაუთიშეს. რუსებს გააჩნიათ თავისი კოსმოსური თანამგზავრული კავშირი, მაგრამ ის ვერ ამუშავდა ჯერჯერობით. ასევე, მათ გააჩნიათ ჩინური წარმოების მსგავსი სისტემა, მაგრამ ჯერ ვერ დანერგეს.
რომ შევაჯამოთ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსების აქტივობა და გაძლიერდა უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევები.
- მოლაპარაკების ახალი რაუნდი შემდეგ კვირაში დაიწყება რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით. იკვეთება შეთანხმების მიღწევის პირობა?
ფაქტობრივად, მხოლოდ ერთ პრობლემამდე დავიდნენ – ტერიტორიების დათმობაზეა საუბარი. ძალიან მიჭირს საუბარი იმაზე, თუ რას დათმობს რუსეთი, ან რას დათმობს უკრაინა. ეტყობა, რომ ამერიკაც ცდილობს, უკრაინაზე მეტი დაწოლა მოახდინოს და დაითანხმოს უკრაინელები. უკრაინის მხრიდან კი, მთავარი არის გარანტიების მიღება. ეს გარანტიები, ცხადია, რომ უნდა იყოს 100%-იანი.
გაჟღერდა, რომ თუკი რუსეთი განაახლებს შეტევებს უკრაინაზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 24 საათში ჩაერთვება ევროკავშირი და ნატო, ხოლო 72 საათის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის მხოლოდ კონცეფცია, რასაც უნდა მოსდევდეს ოპერატიული გათვლები, უამრავი დეტალი…ეს უნდა იყოს დადასტურებული: რაოდენობა, შეიარაღება, დრო და ასე შემდეგ. ჯერჯერობით, ამ კონცეფციის უფრო მკვეთრი კონტურები არ ჩანს. ზოგადი ხედვებია უფრო.
- რამშტაინის ფორმატში უკრაინას 2026 წელს 35 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ. ამით რა იცვლება უკრაინისთვის?
მნიშვნელოვნად იცვლება, რა თქმა უნდა.
უკრაინამ უკვე შეძლო და აამუშავა სამხედრო ინდუსტრია. თავისი მოთხოვნების 40%-მდე სისტემებს თვითონ უშვებს: ბალისტიკური რაკეტები, დრონები, სხვა იარაღის წარმოება, ცეცხლსასროლი იქნება ეს, თუ ჯავშანტექნიკა. ამას გარდა, უცხოეთში ხდება უკრაინისთვის იარაღის წარმოება. დიდი ბრიტანეთი აქტიურობს ძალიან, შვედეთმა განაცხადა, რომ დრონებით მოამარაგებს უკრაინას და ასე შემდეგ. ამ კუთხით აქტიური მხარდაჭერის პროცესში ჩართულია საფრანგეთი, გერმანია. ჩეხეთიდან, მაგალითად, ტყვია-წამლის წარმოების ხაზის გაშვებაზე უკვე მიღწეულია შეთანხმება.
თუნდაც უკრაინული საიერიშო შაშხანები წარმოებულია ძირითადად მაინც მიწოდებული ნაწილებით. თითქმის ყველა ქვეყანა, ვინც კი აქტიურად ეხმარება უკრაინას, მონაწილეობს მის აღჭურვაში.
ამერიკელი ჟურნალისტი უშუალოდ ესწრებოდა უკრაინული წარმოების ლაზერული იარაღის გამოცდას – დრონი ჰაერში დაწვეს. ასეთი ლაზერული იარაღი გააჩნია ამერიკას და ბრიტანეთსაც, მაგრამ მათი გაბარიტები საკმაოდ დიდია. უკრაინული კი, როგორც ეს ვნახე იუთუბის არხზე, პატარა ზომისაა, ავტომანქანის საბარგულიდანაც შეიძლება მისი გამოყენება, მოქმედებს 2 კმ-მდე. როგორც უკრაინელები ამბობენ, ამ ეტაპზე გამოიყენებენ ზურგის რაიონებში და შემდეგ იქნება ფრონტზე გაგზავნილი.
ასე რომ, უკრაინული სამხედრო მრეწველობის განვითარება წინ მიდის საკმაოდ აქტიურად. მე რუსების მხრიდან ვერ ვხედავ ვერაფერს სიახლეს, თორემ უკრაინელები მუდმივად რაღაც სიახლეებს გვთავაზობენ.
საინტერესოა იაპონიის გააქტიურებაც.
იაპონიამ გააჟღერა, რომ მზად არის შეუერთდეს ამერიკიდან იარაღის შესყიდვას, მაგალითად, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეისყიდოს ამერიკიდან „პატრიოტის“ რაკეტები უკრაინისთვის. იაპონიამ უკრაინისთვის არანაკლებ 13-15 მილიარდამდე ამერიკული დოლარი უკვე დახარჯა, რომლითაც აფინანსებს სხვადასხვა აქტივობას. იაპონიას აკრძალული აქვს იარაღის ექსპორტი, მაგრამ თანხით შეუძლია დაეხმაროს უკრაინას. იაპონიაში მიმდინარეობს განხილვა, რომ გადახედონ კონსტიტუციით განსაზღვრულ შეზღუდვებს: კერძოდ, იარაღის ექსპორტი, ძალების საზღვარგარეთ გამოყენება, თავდაცვის ძალების ზომები და ა.შ.
იაპონიის ტექნოლოგია და უკრაინული გამომგონებლობა საკმაოდ ცუდი სინთეზი იქნება რუსეთისთვის.
- მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. თქვენი დაკვირვებით, გამოიკვეთა თავდაცვისუნარიანობის საკითხზე აშშ-ს და ევროპის ურთიერთობის ახალი ფორმა?
ვერ ვხედავ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს: აიწონა-დაიწონა ვითარებაა. ზოგადად, ძნელია ტრამპის ლოგიკური ნაბიჯების გათვლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ურთიერთობა მიმდინარეა, არ შეწყვეტილა. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი ვითარდება და ამის პარალელურად ევროპაც ძლიერდება თავდაცვის კუთხით.
- რა ხდება ირანში? ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებების პარალელურად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივების გაძლიერებას ცდილობს და მეორე ავიამზიდს აგზავნის. ასევე ახალი თანამგზავრული ფოტოების ანალიზის მიხედვით, ირანი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტის მახლობლად მიწისქვეშა კომპლექსს აშენებს. მოვლენების განვითარების რა შესაძლო ვერსიები განიხილება?
შეგვიძლია რამდენიმე სცენარზე ვისაუბროთ. ერთი სცენარია, რომ იქნება მხოლოდ „ქირურგიული დარტყმები“ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, თუმცა ვენესუელისგან განსხვავებით, ირანში ბევრი სამიზნეა – უფრო ფესვებგადგმულია ხელისუფლება.
მეორეა სრულმასშტაბიანი საჰაერო კამპანია. ეჭვი მეპარება, რომ ხმელეთზე რაიმე ოპერაცია იქნას წარმოებული. ამერიკა შეეცდება, რომ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული „დროშის ქვეშ გაერთიანება“, ანუ ირანის მოსახლეობა არ გაერთიანდეს ამ საფრთხის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან ერთად. ამიტომაც, დაზვერვა გაძლიერებულია, მუშაობს… არ დაგვავიწყდეს, რომ პაკისტანია ირანის მეზობლად, სადაც ამერიკული ბაზებია. საკმაოდ გაძლიერებული სადაზვერვო სისტემებია მაგალითად, საზღვართან ახლოს, მთა ჯაგაიზე განთავსებულია მძლავრი რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი, რომელსაც შეუძლია არამარტო დაზვეროს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჩაახშოს მთელი აღმოსავლეთ ირანის კომუნიკაციური საშუალებები.
ირანი იძულებული იქნება, გადავიდეს საკაბელო კავშირზე, რომელიც საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული, თუმცა ოპერატიულობა ექნება დაკარგული. თუ ამას დაემატება ის დარტყმები, რომელსაც განახორციელებს ამერიკა ისრაელთან ერთად, რა თქმა უნდა, შეეხება ამ მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც. ისრაელმა მზადყოფნა გამოთქვა უკვე. ჯერ მოხდება დაბრმავება ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, რომელიც ძირითადად რუსული S-300-გან და ირანული „ბავარ-373“-გან შედგება. მეორე ფაზა იქნება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ჩახშობა. მესამე ფაზა იქნება უშუალოდ დარტყმები. ამისთვის გამოყენებული იქნება, როგორც F-35, ასევე F-15-E საფრენი აპარატები, რომლებიც სწორედ ამისთვის არის კონსტრუირებული. და ამ თვითმფრინავების მიერ გამოყენებული იქნება AGM-88, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. ერთი თვითმფრინავი აიძულებს ამუშავდეს რადარი, მეორე თვითმფრინავი უშვებს რაკეტას, რომელიც უშუალოდ ამ სხივზე მიდის და ხვდება რადარს. შემდგომ უკვე საქმეში ბომბდამშენები ერთვება თავისი „ბანკერბასტერებით“.
აქ მთავარია ისე წარმართონ დარტყმები ამერიკელებმა, რომ აიძულონ ირანის შეიარაღებული ძალები, გადავიდეს ხალხის მხარეს. ამ შემთხვევაში ნამდვილად იქნება შესაძლებელი, რომ შეიცვალოს აიათოლების ხელისუფლება.
- სამხედრო დაპირისპირების დაწყების შანსი მაღალია მოლაპარაკებების პარალელურად?
ირანი არ ამბობს, რომ თანახმაა ურანის გამდიდრების წარმოება შეამციროს, შეწყვიტოს „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ჰუსიტების“ დახმარება, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების წარმოება. ექსპერტების ვარაუდით, 2000-მდე ბალისტიკური რაკეტა ჯერ კიდევ აქვს ირანს. ირანი ამერიკას ვერ მიწვდება, ფაქტია, მაგრამ იგივე ისრაელს და ამერიკულ ბაზებს შეიძლება დაარტყას.
ვნახოთ, რა იქნება, ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ მოლოდინი იმის, რომ საომარი მოქმედება დაიწყება, ჩემი თვალსაზრისით სადღაც 80%-ზე მეტია.
- რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო რაიმე ფორმით ჩართული ამ სამხედრო დაპირისპირებაში? შეიძლება, მაგალითად, აშშ-მ საქართველოს სთხოვოს აეროპორტის გამოყენება?
ვერ გეტყვით. ვინაიდან აშშ-ის დალაგებული ვითარება აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ირანს, ასევე პაკისტანის ფაქტორის გათვალისწინებით და ახლო აღმოსავლეთში თავისი ბაზების გათვალისწინებით, არა მგონია, რომ საქართველო იყოს გადამწყვეტი ამერიკისთვის.
საქართველო დათანხმდება თუ არა, ეს მეორე საკითხია. ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან, ეს მიღებამაც აჩვენა და ანტენის განათებამაც. არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკისთვის ამ ომში, დამერწმუნეთ.
თურქეთიც ჯერჯერობით აჩვენებს მუსლიმურ სამყაროს, რომ არ არის ამის მომხრე, მაგრამ სტრატეგიულ ინტერესებში შედის თურქეთისთვის ირანის დასუსტება, ასევე შედის აზერბაიჯანის ინტერესებში.
აქ საკითხია აზერბაიჯანისთვის დიდი რაოდენობა ლტოლვილი და აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობისა, რომელიც 16%-ია ირანის მოსახლეობის. აი, ამ დინებების საფრთხეა. თურქეთისთვის კიდევ ქურთების საკითხია – რამდენად გააქტიურდებიან თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებში ქურთები, რომელიც 7%-ს წარმოადგენს ირანის მოსახლეობის? ან რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ირანში მაცხოვრებელი თურქული ეთნოსის ხალხი – ქაშქაი?!






