მთავარი,სიახლეები

დააკავეს პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბიჭს მობილურის განბლოკვას აიძულებდა, შეაგინა და დაემუქრა

13.02.2026
დააკავეს პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბიჭს მობილურის განბლოკვას აიძულებდა, შეაგინა და დაემუქრა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა დღეს, 13 თებერვალს.

დაკავებული პოლიციელი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. პროკურატურის ცნობით, ის 16 წლის ბიჭს აიძულებდა მობილურ ტელეფონში ფოტოები ეჩვენებინა. პოლიციელი არასრულწლოვანს აგინებდა და ემუქრებოდა.

გამოძიების ვერსიით, „10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას სჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

აღნიშნულის მიუხედავად, ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, პოლიციის მაღალჩინოსანმა აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი, რის შემდეგაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: