მთავარი,სიახლეები

2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

11.06.2026
2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

„ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას – დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს.

2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად,“ – თქვეს დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპერაციაში მონაწილე სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

საგამოძიებო მოქმედებები კი საქართველოს ტერიტორიაზე ათობით ადგილას ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.

ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: