„…დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო,“ – გვიყვება პოლიტიკური აქტივისტი, პროევროპული წინააღმდეგობის წევრი დავით ჯინჭარაძე.
მას ვესაუბრეთ ოპოზიციის ერთობის შესაძლებლობაზე, ვიდრე ივანიშვილის დაჯგუფება ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.
„ეფექტურია, როცა ბევრი ადამიანი დაახლოებით ერთნაირი მესიჯით კოორდინირებულად უპირისპირდება პროპაგანდას, ვიდრე ის, რომ ყველა სხვადასხვანაირად და ყველა სხვადასხვა პლატფორმით იბრძვის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვართ უმრავლესობაში, მაგრამ უმრავლესობის განცდა არ არის.
რა ჯობია? არ მოგწონდეს ერთმანეთი და გქონდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამომრჩეველი დაალაგებს, ვინ მოსწონს და ვინ – არა, თუ ემიგრაციაში როცა ვიქნებით იძულებით გახიზნული, ისევ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ პოდკასტებით?“ – კითხულობს დავით ჯინჭარაძე.
„ბათუმელებმა“ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პოლიტიკური აქტივისტია, ბრიტანული ორგანიზაცია „Newspeak House“-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარი.
- ბატონო დავით, საზოგადოების დაკვეთის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ დანაწევრებულია. თქვენი დაკვირვებით, არსებობს რესურსი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანი პლატფორმა შექმნან ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში?
გარკვეული ტიპის ერთიანობაზე ყოველთვის იყო და არის დაკვეთა. ახლა მით უმეტეს: არ არის არჩევნების პერიოდი და არაა აქცენტი ერთიან სიებზე. შესაბამისად, იქმნება მეტი შესაძლებლობა ერთობაზე სალაპარაკოდ. ერთ-ერთი გამოსავალი რეალურად, რაც წაადგებოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ ომს, იქნებოდა საგნობრივი ერთობა. მაგალითად, წამოიწია განათლების თემა, ასევე, ყოველთვის არსებობს საერთაშორისო საკითხები, ახალი სოციალური საკითხები. „ქართული ოცნება“ გვიგებს საინფორმაციო ომით.
ამ საკითხებში ერთობა და ერთიანი პლატფორმის გარკვეული საკითხების გარშემო ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო ეფექტურია, როცა ბევრი ადამიანი დაახლოებით ერთნაირი მესიჯით კოორდინირებულად უპირისპირდება პროპაგანდას, ვიდრე ის, რომ ყველა სხვადასხვანაირად და ყველა სხვადასხვა პლატფორმით იბრძვის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვართ უმრავლესობაში, მაგრამ უმრავლესობის განცდა არ არის.
ასევე, ვნახეთ, რომ წინა პლატფორმებმა არ გაამართლა. იყო, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა, რომელიც მალევე დაიშალა.
- რა მოხდა კონკრეტულად, რატომ ვერ იმუშავა ამ პლატფორმამ?
რთული საკითხია. ერთი ფაქტორია, მაგალითად, პარტიული ინტერესები და პიროვნული დაპირისპირებები – იდეოლოგიურად ოპოზიციის დიდი ნაწილი არის მსგავსი იდეოლოგიის გამტარი. ამავე დროს, პარტიებს აქვთ ძალიან განსხვავებული მართვის სტილი, ესეც ართულებს თანამშრომლობას.
პიროვნული დაპირისპირებები ჭარბობდა დებატებში, განხილვებში. ეგ იყო ყოველთვის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ უკვე არც ერთ პარტიაში და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო, მიჩნდება განცდა, რომ ყველას უნდა იყოს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ყველას არ აქვს შესაბამისი შინაარსი, რომ იმავეში დაარწმუნოს ადამიანები.
არ არის მარტივი ავტორიტარიზმის დროს იყო ოპოზიციაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში გარკვეული გადაჭრის გზები მოუძებნიათ.
მაგალითად, ვენესუელაში ოპოზიციური პრაიმერი ჩაატარეს საერთო კანდიდატზე და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კონკრეტული ადამიანი სარგებლობდეს უმრავლესობის მხარდაჭერით. შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში, ცხადია, ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი პარტია, რომ ერთ პარტიას ჰქონდეს გაცილებით მეტი რეიტინგი, ვიდრე მეორეს.
არსებობს ძლიერი დაკვეთა ცვლილებაზე. მგონია, ისეთ საკითხებზე შეთანხმება, სადაც შეგვიძლია რომ შევთანხმდეთ, აუცილებელია.
- როგორ აღიქვამს დასავლეთი დანაწევრებულ ოპოზიციას? როგორ აღიქმება ეს ჩვენი პარტნიორების თვალში?
დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო.
უბრალოდ, არასერიოზულია ხუთი დელეგაციის ჩამოსვლა ხუთი სხვადასხვა მესიჯით, მათ შორის, ერთმანეთის გაკრიტიკება, საუბარი იმაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა თურმე რაღაც დააშავეს ერთმანეთში და არა იმაზე, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ეს დასავლეთისთვის ძალიან დამღლელია.
განსაკუთრებული სიმპათიით არც ერთი ოპოზიციური პარტია ჩემი მხრიდან არ სარგებლობს. ანტიპათიით სარგებლობს ზოგიერთი პარტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა პარტიაში არის ერთი-ორი ადამიანი მაინც, ვინც იმსახურებს პატივისცემას.
ის, რომ შეიძლება ვიღაც ან რაღაც არ მოგწონდეს, არ უნდა გვიშლიდეს ხელს გარკვეულ კოორდინაციასა ან ერთობაში.
ამიტომაც, ძალიან რთულია ადამიანს დასავლეთში დაანახო, როგორ ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს რეალური საფრთხე და ამ დროს ლაპარაკობდე იმაზე, ამა თუ იმ პარტიას რა მოეწონა, ან არ მოეწონა. როცა ოპოზიციური პარტია რაღაცას აშავებს, აუცილებლად უნდა გააკრიტიკო, მაგრამ საერთაშორისო ვიზიტების დიდი ნაწილი იხარჯებოდა პარტიათა შორის დღის წესრიგზე და არა ქვეყნის დღის წესრიგზე, იმაზე, რომ ამ ბრძოლაში მესიჯები არ იყო და არ არის ერთიანი.
ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება ისე, რომ ერთსა და იმავე საქმეზე შეიძლება სამი ჯგუფი მუშაობდეს – ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და არ არის მათ შორის კოორდინაცია, თუმცა ამ დროს ყველა ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებს.
- რატომ ვერ აღიქვამს ამას ოპოზიცია. როგორ მოახერხა ივანიშვილმა ოპოზიციის ისე დასუსტება, რომ სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყნის ოპოზიცია ვერ ახერხებს ფუნდამენტური საკითხის გარშემო გაერთიანებას?
პირადი ეგო ძალიან ძლიერია. თუმცა, ეს ამბიციები არ არის გამყარებული ელექტორალური მხარდაჭერით. არსებობს კოორდინაციის პრობლემაც. იმის პრობლემაც არის, რომ ხშირად ერთ ან ორ ადამიანს უნდა, რომ იყოს პირველი, ამ დროს ვერავინ ვერ ხდება პირველი და მთელი ქვეყანა იჩაგრება.
კიდევ ერთი მომენტია, რომ ვიღაც ამ ერთიანობაში ყოველთვის ურევს.
არ არის აუცილებელი, ყველანი შევთანხმდეთ რაღაცაზე. უნდა შეიქმნას დემოკრატიული სიმძიმის ცენტრი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ სამოქალაქო აქტივისტებისგან და სამოქალაქო ჯგუფებისგან. სამოქალაქო სიმძიმის ცენტრი გარკვეული პოლიტიკური კომპონენტებით ხშირად ხდება მიზიდულობის ცენტრი პოლიტიკური აქტორებისთვის.
ჩვენ გვჭირდება წინააღმდეგობის და ალტერნატიული ხედვის გაძლიერება. დღეს პარტიების უმრავლესობა არ ასხივებს იმას, რომ ისინი არიან ალტერნატივა. ვისმენთ ბევრ ლაპარაკს. ახალი დოკუმენტები იქმნება, პრეზენტაციები, რაც კარგია დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ამის მიღმა საჭიროა შინაარსი, ამ შინაარსის დანახვა ხალხისთვის, მათ შორის, რეგიონებისთვის, სოფლებისა და ქალაქებისთვის.
თუ ერთ და ორ პარტიას არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ, მაგალითად, იაროს რეგიონებში, რესურსების გაერთიანება იქნებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი.
სამწუხაროდ, ისეთ სცენარს ვიმეორებთ, რაც მოხდა ბელარუსში. ბელარუსში ბოლოს დარჩა სამი ოპოზიციონერი ქალი, მათ შორის, ერთმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსი არ დაეტოვებინა და პოლიტპატიმარი გახდა – მარია კოლესნიკოვა. ის რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. კიდევ ორმა ლიდერმა კი, დატოვა ბელარუსი. წარმოიდგინეთ, ორნი იყვნენ და მაინც ვერ მორიგდნენ იმაზე, ვინ იყო ლეგიტიმური წარმომადგენელი, მათაც კი კონფლიქტი ჰქონდათ.
იმავე საფრთხეს ვხედავ საქართველოშიც. რა ჯობია? არ მოგწონდეს ერთმანეთი და გქონდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ამომრჩეველი დაალაგებს ვინ მოსწონს და ვინ – არა, თუ ემიგრაციაში როცა ვიქნებით იძულებით გახიზნული, ისევ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ პოდკასტებით?
- ცხადად ჩანს საფრთხე, სად არის ქვეყანა. ვიდრე ჯერ კიდევ კონსოლიდირებული არ არის ავტორიტარიზმი და დიდია საზოგადოებრივი პროტესტი, რა შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკოსებმა სწორად დაინახონ საკუთარი ფუნქცია?
საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ძველი ცვლადების შეკრებით სურათი არ იცვლება. ადამიანებს წინა ისტორიები აქვთ ერთმანეთთან, წინა დაპირისპირებები. მხოლოდ ის, რომ უკვე არსებული სპექტრი შეგვეკრიბა ერთად და ერთი სახელი დაგვერქვა, თავისთავად პრობლემას არ წყვეტს. საჭიროა ლეგიტიმაციის მოპოვება და ახალი სისხლის გადასხმა ამ პროცესში.
ამ ერთიანმა სტრატეგიამ და მოძრაობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაგრამ თვითონ არის ლეგიტიმური. ამ ლეგიტიმაციის დამტკიცება ხდება მხოლოდ ადამიანებთან საუბრით, ადამიანების დარწმუნებით და იმით, რომ ახალი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას.
არასდროს საქართველოში ეს პროცესი არ ყოფილა, რომ მეორე მხარეს, ანუ ოპოზიციურ მხარეს ეცადა საკუთარ ლეგიტიმურობაში დაერწმუნებინა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან თუნდაც პასიურად ოპოზიციური ამომრჩეველი. შესაბამისად, ერთიანობაც არ მუშაობდა.
დემოკრატიული სიმძიმის ცენტრი უნდა შეიქმნას, სადაც ადამიანები შეთანხმდებიან, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, რა ფორმით. ამის გარეშე ყოველთვის არის საფრთხე, რომ ვერ დაინახოს ამომრჩეველმა ალტერნატივა „ქართულ ოცნებასა“ და ამ ოპოზიციურ სპექტრს შორის.
თუ დემოკრატიულ დღის წესრიგზე არის დაფუძნებული ეს ერთობა და გაწერილია, მაგალითად, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ვთანხმდებით რაღაცებზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ალტერნატივის გაჩენა.
სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ეგოების პრობლემა იმდენად გადაუჭრელია, რომ ყველას უნდა, იყოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ყველას უნდა, რომ იყოს პირველი ოპოზიციონერი, იყოს თანამდებობაზე, რომელიც არ არსებობს. ნულზე გაყოფა ხომ არ შეიძლება?
ამას ვხედავ მცირე პარტიებშიც კი, არა მხოლოდ დიდ პარტიებში: ყველას აქვს ილუზია, რომ თვითონ არის მაინცადამაინც საუკეთესო.
- შედარებით ახალ პოლიტიკურ ძალებზე მინდა გკითხოთ, მაგალითად, „თავისუფლების მოედანზე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იყავით და წამოხვედით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი, შეგიძლიათ გვითხრათ?
ზოგადად გიპასუხებთ: მხოლოდ ის, რომ პარტია არის ახალი, არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად უკეთესია, სიახლეა საჭირო, პირველ რიგში, იმით, რომ გაირღვეს ძველი ქცევის მოდელები. საჭიროა, დავანახოთ ხალხს, რომ ახალი პარტიაა თუ ძველი, მისი ლეგიტიმურობა ამომრჩევლის და მხარდამჭერების რაოდენობით საზრდოობს.
არის დაკვეთა ახალი პარტიების შექმნაზე, მაგრამ მხოლოდ ის, რომ შეიქმნა ბევრი ახალი სახელი, თავისთავად არაფერს ცვლის. უკვე სკეპტიციზმია ამ ახალი მოძრაობების თუ პარტიების გარშემო: ბევრი ახალი რამ დაიგეგმა, მაგრამ თითქოს რაღაც გვაკლია. ჩემი აზრით, რაც გვაკლია რეალურად, ეს არის თანმიმდევრულად და დისციპლინურად მუშაობის უნარი.
როცა ვუყურებთ წინააღმდეგობის მოძრაობებს სხვა ქვეყნებში და მათ წარმატებებს, ერთიანობის გარდა მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარება, ანუ ვიცოდეთ – რას რის შემდეგ ვაკეთებთ, კი არ ველოდებით „ქართული ოცნება“ როდის შემოაგდებს თემას, არამედ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ასევე გვაქვს გაწერილი, თუ „ქართული ოცნება“ იზამს ამას, ჩვენ ვაკეთებთ ამას.
ამის გარდა, დისციპლინა არის ფაქტორი, რაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას აკლია – ახალს თუ ძველს. ახალი მოძრაობები ხშირად ხდება ძველი ქცევების, ასე ვთქვათ, გამტარი. ამაზე უნდა იფიქრონ ადამიანებმა, ვისაც სურს პოლიტიკაში შემოსვლა ან ახლა შემოვიდნენ: არიან თუ არა ისინი მზად იმისთვის, რომ სხვანაირად მოიქცნენ, დაგვანახონ, რომ ისინი არ არიან თბილისური ელიტის წევრები, მზად არიან, რომ სხვანაირად ელაპარაკონ ამომრჩეველს.
დასავლეთის დაკვეთაც ეს არის, რომ ბრიუსელში და ბერლინში კი ნუ გველაპარაკებით, ელაპარაკეთ ხალხს ბათუმში, სამტრედიაში, ოზურგეთში. ეს არის დაკვეთა. რაღაც ახლის შექმნა ან ახალი სახის ან ახალი ლოგოს გამოჩენა თავისთავად არ ნიშნავს შველას. საჭიროა ძალიან ბევრი და თანმიმდევრული მუშაობა. სამწუხაროდ, ხშირად მაქვს იმედგაცრუება ამ პროცესში ბევრი აქტორის მიმართ, მაგრამ მაქვს იმედი, რომ ამ იმედგაცრუებების და შეცდომების მიუხედავად, შეუცდომელი არავინაა და შესაძლებელია დიალოგი.
ყველა ვთანხმდებით და უნდა გავიაზროთ: ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა და არა, ვთქვათ, მორიგი კრიზისი და მორიგი გამწვავება. თუ მართლა ვაღიარებთ ამას, რეალურად მოვიქცევით სწორად. ხანდახან ასე მგონია, რომ ყველა ვერ აღიარებს ამას სათანადოდ. ამის გააზრებას ვერ ვხედავ ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ეს კრიზისი ნამდვილად მწვავეა და ზუსტად ამიტომ მოითხოვს თანმიმდევრულობას: ერთიანობა თანმიმდევრულობის გარეშე შეუძლებელია და მას შინაარსი არ აქვს.
- შეიძლება ველოდეთ ახალ პლატფორმას, რომელიც შეიქმნება მეტწილად აქტივისტების და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით და ასევე, პოლიტიკოსების მონაწილეობით? არის ამ კუთხით რამე სამზადისი?
იდეების დონეზე ბევრი გრძნობს ამას… ბევრ ადამიანს ველაპარაკები ამ თემაზე და ყველა გრძნობს ამის საჭიროებას. შეიძლება, ჯერ გარკვეული ფორმა არ გამოკვეთილა, მაგრამ საჭიროების დონეზე ყველა ხვდება, ვინც ამ პროტესტში აქტიურად არის ჩართული, რომ რაღაც მსგავსის შექმნა საჭიროა.
როცა ვთვლით, რომ რაღაც გასაკეთებელია, ჯობია, რომ ჩვენით გავაკეთოთ. მოქალაქეების ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
საჭიროა ამ პროცესში, სიახლეები არ განვიხილოთ კონკურენტებად, პირიქით, უნდა შევძლოთ კოლაბორაცია, ანუ ერთიანი მუშაობა. ხშირად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებისმიერ ახალ ინიციატივას ძველი მოთამაშეები უყურებენ უნდობლობით, კონკურენციის შიშით, რადგან ჩვენს ქვეყანას ჯანსაღი კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის გამოცდილებაც არ აქვს.






