ქართველი ემიგრანტი კოკი იონათამიშვილი, რომელიც „მოძრაობა მზია“ და „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ სხვა ემიგრანტებთან ერთად გერმანიაში, ბუნდესტაგის წევრებს და მმართველი კოალიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, გამოძიების დაწყებაა.
„ბერლინში, ამ ლამაზ ქალაქში, ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის წევრებს, მმართველი კოალიციის წევრებს.
ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან საერთაშორისო საგამოძიებო მისიის შექმნის აუცილებლობაზე, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციის საგამოძიებო მისიას შეუძლია დაადგინოს თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეთ, როგორ დაწამლეთ ეს ხალხი, რამდენად ტოქსიკური იყო ის, რა ინტენსივობით გაურიეთ ის წყალს და ასე შემდეგ.
ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ გაირკვეს სიმართლე, თუ რა მოხდა აქციების დარბევების დროს 2024 წლის ბოლოს.
ვისაუბრეთ ასევე სასანქციო პოლიტიკაზე, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს და გერმანიამ ეს სასანქციო პოლიტიკა, მათ შორის ვისაუბრეთ „მზია სიაზე“, სადაც უამრავი თქვენი მავნებელია უკვე შესული.
ასევე ვისაუბრეთ, რომ ნორდიკ-ბალტიური ქვეყნები და სხვა დასავლეთის ქვეყნები არიან მზად, რომ უფრო ეფექტური პოლიტიკური ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე და ელოდეთ, ელოდეთ ახალ ამბებს.
ბრძოლა ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- ამბობს კოკი იონათამიშვილი ფეიბსუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც გუშინ, 30 იანვარს გავრცელდა.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.






