მთავარი,სიახლეები

პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

04.12.2025 •
პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიუმართავს. საქმე ხულოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ოჯახში ძალადობას ეხება.

წარდგინებით მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მიმართავს, როცა მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მან ესა თუ ის ადამიანი უნდა გაასამართლოს. ამ დროს საქმის განხილვა ჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მაგალითად, ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელი დაპატიმრება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და საქმისწარმოება შეაჩერა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში. მაშინ, როცა ეს კონკრეტული მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას აპროტესტებს და ამ კანონის საფუძველზე ადამიანებს ციხეში არ უშვებს, უზენაესმა სასამართლომ შემდეგი ქეისის გამო მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს:

  • უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც გამორიცხავს საპენსიო ასაკს მიღწეული პირისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნას.

უზენაეს სასამართლომდე ხულოს ერთ-ერთი სოფელში მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმე მისულა. პროკურატურა ნარგიზ მელაძეს ოჯახის წევრების თვალწინ რძალზე ძალადობას ედავება: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ნარგიზ მელაძეს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წარუდგინა. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას. გამოდის, რომ თუ მოსამართლე ნარგიზ მელაძეს დამნაშავედ მიიჩნევს, ის აუცილებლად უნდა დააპატიმრონ ერთიდან სამ წლამდე ვადით, რადგან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას პენსიონერს ვერ დააკისრებენ.

  • 2025 წლის იანვარში ამ საქმეზე ხელვაჩაურის სასამართლოს ნარგიზ მელაძე უდანაშაულოდ მიუჩნევია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

უზენაესმა სასამართლომ კი გადაწყვიტა, საკონსტიტუციოსთვის მიემართა:

„სადავო ნორმა ბრალდებულის/განსასჯელის ინდივიდუალური ფიზიკური/ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ან/და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის გათვალისწინების გარეშე ბლანკეტურად კრძალავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ, სასჯელის სახედ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, თუნდაც შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნარი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები/გარემოებები თავსებადი იყოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების შესაძლებლობასთან და საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

მაშინ, როდესაც იმ ქალების მიმართებით, რომლებსაც არ მიუღწევიათ საპენსიო ასაკისთვის, იმავე ვითარებაში, დასაშვებია, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდება.

ამდენად, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარს და მივა ნარგიზ მელაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებამდე, მას უალტერნატივოდ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად [გამართლებული არ აღიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას, ასევე, არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით, გამორიცხავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას], რაც განპირობებული იქნება მხოლოდ იმით, რომ ნარგიზ მელაძე არის საპენსიო ასაკის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი  საპენსიო ასაკის პირისათვის a priori გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული [ბრალადწარდგენილი] დანაშაულისათვის, ამავე მუხლით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – გამოყენების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად და სრულად კრძალავს/გამორიცხავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში.

  • წარდგინების ავტორია უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე: ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე. წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ამ თემაზე:

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: