პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 2 პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა და სხვისი ნივთის განადგურება.
პროკურატურა გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ.
იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული მუქარის სისრულეში მოყვანა საფუძვლიანი ყოფილიყო, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს დაზარალებულის ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს“.
უწყების ცნობით, ერთ დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დიდი ოდენობით 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით ( სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად).
აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო მეორე დაკავებულს ბრალდება წარედგინა 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ( გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ჯგუფურად),რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა წერს, რომ სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
___________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






