ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის 10-თვიანი ექსპერტიზის საკითხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რომელიც მის საქმეშია. ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე.
„10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი – ,„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს”.
ამ ფარატინა ფურცლის გამოყენებით, მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო გამოძიებამ, მოიპოვა წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე.
პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
10 თვის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს დღეს სხდომაზე. საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთო.
ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეში მრავლადაა.
ეს დარღვევა უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი და ჩვენ ვდავობთ, რომ ამ მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.
მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 2025 წლის ივნისში დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, ხელისუფლებამ ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა.
ამავე თემაზე:
რა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს “ოცნებასთან” მზია ამაღლობელის საქმეზე






