მთავარი,სიახლეები

დაკავების შემდეგ წნევა აწუხებს – ადვოკატი ზურაბ ჭავჭანიძეზე

03.11.2025
დაკავების შემდეგ წნევა აწუხებს – ადვოკატი ზურაბ ჭავჭანიძეზე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სასამართლო პროცესი 27 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბრის საქმეზე სისხლის სამართლის მუხლითაა დაკავებული. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ზურაბ ჭავჭანიძეს მაღალი წნევა აწუხებს.

„როგორც ზურაბ ჭავჭანიძემ მითხრა, დაკავების შემდეგ წნევები დაეწყო. როგორც ჩანს, ემოციურ ფონზე აქვს ეს წნევები. თუმცა იღებს წამლებს, მედიკამენტების მიწოდების პრობლემა არ არის. სხვა საჭიროებებზე ჩემთან არ უსაუბრია. თუმცა გაფრთხილებული მყავს, თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, შემატყობინოს“ – ამბობს ნინო ლომინაძე.

მისი თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს. მის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ვიდეოკადრია, სადაც ზურაბ ჭავჭანიძე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ქუჩაში დროშით ხელში დგას და მცირე მონაკვეთში გადაადგილდება.

„ჯერ მტკიცებულებები არ გადმოუციათ დაცვის მხარისთვის, თუმცა ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზეც ვერ მოიტანს ვერანაირ მტკიცებულებას, რადგან არ არსებობს.

მოლოდინი არის ის, რომ ზურას საქმე არის წმინდა სამართლებრივი დავის საგანი, რადგან დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს და ამის მიუხედავად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა აქვს შეფარდებული და მოთავსებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

ზურაბ ჭავჭანიძე არის უკანონო პატიმარი, არ შეიძლება ეს პატიმრობა ჩაითვალოს კანონიერად“ – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფ ზურაბ ჭავჭანიძეს ყველაზე მეტად აძლიერებს ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა.

„ყველას თანადგომა გადავეცი როცა მოვინახულე და ძალიან გახარებული იყო. გულშემატკივრებს შეუძლიათ წერილებიც მისწერონ, რადგან ეს ძალიან ახარებს“ – ამბობს ნინო ლომინაძე.

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე ბათუმში 8 ოქტომბერს, ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა.

58 წლის ზურაბ ჭავჭანიძე სოხუმელია, ის აფხაზეთიდან არის დევნილი. საპროტესტო აქციებზე მისი განუყოფელი ნაწილია საქართველოს სამფეროვანი დროშა, რომელიც მან სოხუმიდან ჩამოიტანა და თან დაატარებდა ყველა აქციაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: