მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

10.10.2025
„ოცნება“ კიდევ ერთხელ დაესხა თავს მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების ჯილდოს მიღების შემდეგ

დღეს, 10 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმის შესახებ ფაქტების დამახინჯებით.

„მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა.

„ოცნების“ სასამართლომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მზია ამაღლობელის ადვოკატების, ასევე კვალიფიცური უფლებადამცველების შეფასებით, განაჩენი უკანონოა და დაუსაბუთებელი. 

„ოცნების“ განცხადება გრძელიშვილმა გაახმოვანა, რომ თითქოს მზია ამაღლობელი „მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს“ „ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი“ და „მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს“.

მზია ამაღლობელზე ისაუბრა დღეს „ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.

„მოძალადის წარმოჩენა გმირად“ – თქვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად და მზია ამაღლობელს „თანამედროვე ლიბერალიზმის სახელით მოძალადე“ უწოდა.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 273 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით, მის საქმეში არაერთი ცრუმოწმე პოლიციელია.

მზია ამაღლობელის საქმე მიმდინარეობდა „ოცნების“ მიერ მის მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ფონზე, „ოცნების“ პრემიერი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები გამუდმებით არღვევდნენ მის უდანაშაულობის პრეზუმფციას. მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძისა და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართა. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას, სასამართლო პროცესებსა და განაჩენს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ. 

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს, რომელიც წელს მზია ამაღლობელს 6 ჟურნალისტთან ერთად გადაეცემა, ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდაჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონგ კონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: