პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ საჯარო სექტორიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა და შეცვალა კანონმდებლობა. ამასთან სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს სასამართლო პროცესებზე, სადაც სამსახურიდან “რეორგანიზაციის” საბაბით გათავისუფლებულმა მოხელეებმა სარჩელები შეიტანეს.
საჯარო რეესტრი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და იუსტიციის სამინისტრო – ეს იმ უწყებების ხუთეულია, საიდანაც ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს.
„მაგალითად, საჯარო რეესტრიდან დაახლოებით 200 თანამშრომელი გაუშვეს, ამდენივე – პარლამენტიდან; 100-ზე მეტი – საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს ის მნიშვნელოვანი უწყებებია, რომელთა თანამშრომლებმაც დეკემბრის დასაწყისში, უწყვეტი პროევროპული პროტესტის დაწყებიდან მალევე, პეტიციებით გამოხატეს ღიად საკუთარი პოზიციები,” – ამბობს კახი სამხარაძე, ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მისი თქმით, საჯარო რეესტრმა მათ პროფკავშირს რამდენჯერმე უთხრა უარი რეგისტრაციაზე, ახლა კი ამის გამო სასამართლოში დავობს.
კახი სამხარაძის თქმით, საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულთა ნაწილმა დაიწყო დავა სასამართლოში. საქმეები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს წარმოებაში და ისინი უწევენ საჯარო მოხელეებს სამართლებრივ დაცვას.
“პირადად მე მაქვს 30 საჯარო მოხელის საქმე აღებული და ვიცავ მათ უფლებებს სასამართლოში,” – ამბობს კახი სამხარაძე.
მისივე თქმით, საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს მაღალი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების მქონე კადრები, რითაც სახელმწიფოს რიგ უწყებებს გამოაცალეს ინსტიტუციური მეხსიერება.
„მახსოვს, ევროკავშირის ელჩს შევხვდით და მან პირდაპირ გვითხრა: საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის პროცესში ორი რამის დამსახურება იყოო, ერთი ძლიერი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების და მეორე – კვალიფიციური საჯარო მოხელეებისო.
წლების განმავლობაში ყალიბდებოდა საჯარო მოხელეების ეს პროფესიული ჯგუფი. სახელმწიფომ, რეალურად კი თითოეულმა ჩვენგანმა, დიდი რესურსი ჩადო ამ ადამიანების განათლებაში, გადამზადებაში. წესით, მათი დაგროვილი ცოდნა სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა, საერთო კეთილდღეობას. მაგრამ მივიღეთ სრულიად საპირისპირო ამბავი. მივიღეთ სისტემა, სადაც ხმას თუ ამოიღებ ადამიანი, აუცილებლად ხდები მიუღებელი, ხდები დევნის ობიექტი, შენი განსხვავებული აზრის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რა კვალიფიკაცია გაქვს.
როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, სისტემა განზე გდებს, [პარტიისგან] შენი განსხვავებული აზრის გამო. და განსხვავებულ აზრში რას ვგულისხმობ? თუ კონსტიტუციას კითხულობ სწორად, პარტიას არ სჭირდები“, – ამბობს კახი სამხარაძე.
- სამართალი, როგორც იარაღი ცუდი ხელისუფლების პირობებში
სანამ საჯარო სამსახურებიდან მოხელეების მასობრივი გათავისუფლება დაიწყებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით, ჯერ კანონმდებლობა შეცვალა. შედეგად კანონით დააკანონეს, რომ საჯარო მოხელეს წართმეოდა საკუთარი უფლებების დაცვის ის მექანიზმები, რაც მანამდე ჰქონდა.
კერძოდ, კანონის შეცვლამდე თუკი საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლებდნენ, სასამართლოს მოგების შემთხვევაში, უწყება ვალდებული იყო აღედგინა სამსახურში საჯარო მოხელე და გადაეხადა მისთვის განაცდური. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია.
„სისტემამ შეიტანა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც პროფკავშირებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამ ცვლილებებმა საჯარო სამსახურს ფაქტობრივად გამოაცალა ყველაფერი – ინსტიტუციური მეხსიერება. ამასთან, რეორგანიზაციის პროცესი სრულიად არაკონსტიტუციური, ხოლო საშუალო რანგის მენეჯერების რგოლი მთლიანად მოწყვლადი გახდა“, – ამბობს კახი სამხარაძე.
სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლებამ ნიადაგი მოამზადა, რადგან „თავადაც კარგად იცოდნენ, რომ უსამართლოდ უშვებდნენ სამსახურიდან“ და სასამართლოების მოგების შემთხვევაში, სამსახურში აღდგენა და განაცდურის მიღება შეეძლოთ.
„საჯარო მოხელეები და საჯარო მოსამსახურეები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სამოქალაქო პოზიცია აქტიური ჰქონოდათ, ამას აფიქსირებდნენ კიდეც.
გაგახსენებთ ერთ მაგალითს, როცა პირველად რუსული კანონი გამოიტანეს, პრეცედენტი შეიქმნა – საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლები გამოვიდნენ და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მათთვის ეს პროფესიული რისკი იყო.
28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ, კი გამოვიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პარლამენტის, სხვადასხვა საჯარო უწყების და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად.
ამ ხალხს, რეალურად, ყველაზე მეტად აღელვებს, რაც ხდება ქვეყანაში. იმიტომ იყვნენ საჯარო სამსახურში, რომ სახელმწიფოს ბედი ადარდებდათ,“ – ამბობს კახი სამხარაძე.
მისი თქმით, ახლა წლობით ნაშენები საჯარო სექტორის რღვევის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული, რაც მტკივნეულია და გრძელ ვადაში ცუდად აისახება ქვეყანაზე, ეს არის ინსტიტუციური მეხსიერების დაკარგვა, რასაც კვალიფიციური, მაღალი პროფესიული ცოდნის და პასუხისმგებლობის მქონე კადრების სამსახურიდან გაშვების გამო ხდება/მოხდა.
მეორეს მხრივ, პროცესი მტკივნეულია საჯარო სექტორში დარჩენილი მოხელეებისთვისაც, რადგან სხვადასხვა მეთოდით ისინი „დაშინდნენ და იძულებული გახდნენ დახუჭონ თვალი ყველა იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მათ შორის კოლეგების გათავისუფლებაზე“.
„სამწუხაროდ დაშინებამ რაღაც დოზით იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ სრულიად შეაჩერა თავისუფალი აზრი და კონსტიტუციის სწორად წაკითხვის შესაძლებლობა საჯარო სამსახურში. ბუნებრივია, იქ ისევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მათ აქვთ უაღრესად სტრესული გარემო – შიგნიდან უფრო მძიმედ განიცდიან ვიდრე გარედან.
მე პირადად როცა ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, ერთი სული მქონდა, აი, პირდაპირ გეტყვით, რომ დამთავრებულიყო ეს პროცესი, რადგან შიგნით ყოფნა და იმის ყურება, როგორ უნდა ადამიანს საკუთარი ჯანსაღი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ვერ ბედავს რაღაც შიშების გამო, უფრო რთულია,“- ჰყვება კახი სამხარაძე.
ავტორიტარულ სახელმწიფოში საჯარო სამსახური ბოროტად გამოიყენება. ამის მაგალითი იყო სრულიად საბჭოთა კავშირში არსებული სისტემა. საქართველოში ბევრმა სფერომ და მათ შორის საჯარო სექტორმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად დაიწყო ზრდა.
„საჯარო სამსახური არის ზეპარტიული და პარტიის ინტერესი არ უნდა დააყენოს საჯარო სამსახურზე მაღლა.
საჯარო მოხელე ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან, რომელიც ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება. ის არ იღებს ხელფასს რომელიმე პარტიიდან,“ – ეს უკვე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პოზიციებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რეორგანიზაციის“ საბაბით გაუშვა სამსახურებიდან.
კონსტიტუციური სამართლის და საჯარო მმართველობის სპეციალისტი ანა ფირცხალაშვილი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეებმა ბრმად არ უნდა შეასრულონ ბრძანება, რომელსაც ზემდგომისგან მიიღებენ.
„რემონსტრაციის ვალდებულება აქვს საჯარო მოხელეებს, რაც მოიაზრებს შემდეგს – საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აქვს ვალდებულება პირდაპირ ავტომატურად კი არ შეასრულოს მისთვის მიცემული დავალება, არამედ შეადაროს, თუ რამდენად არის ის კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისი.
სწორედ ეს გააკეთეს საჯარო მოხელეებმა დეკემბერში.
თუ კონსტიტუცია გეუბნება, რომ სახელმწიფო ევროინტეგრაციის გზაზე უნდა დადგეს, და მერე პოლიტიკური თანამდებობის პირი რომ ამბობს, არა დღეს ასე არა, რითი უნდა იხელმძღვანელოს საჯარო მოხელემ? მან პირველ რიგში კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს. ამიტომ ეს [ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება] მათი უფლება კი არ იყო, ეს იყო მათი ვალდებულება – რემონსტრაციის ვალდებულება,“ – ამბობს ანა ფირცხალაშვილი.

ანა ფირცხალაშვილი, კონსტიტუციური სამართლის და საჯარო მმართველობის სპეციალისტი
მოკლა თუ არა „ქართული ოცნების“ რეპრესიებმა კრიტიკული აზრი საჯარო სექტორში? – კახი სამხარაძე ამბობს, რომ არა და ვერა.
„კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეები, შეიძლება გაჩუმდნენ, რადგან შიში გაჩნდა, მაგრამ ეს კრიტიკული განწყობა არსად არ წასულა. უფრო მეტიც, გაიზარდა მათი რიცხვი. რადგან რეპრესიები ყველას შეეხო მათ, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ და მათაც, ვინც არ იყო განსხვავებულ პოზიციაზე.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტიდან 200 ადამიანი გაუშვეს და როგორც ფიქრობთ, იქიდან ყველა ერთ პოზიციაზე იყო? მათ მიერ გავრცელებულ პეტიციაზე სულ 18 ხელმომწერი იყო.
ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ პროტესტი არსად არ წასულა, პირიქით, კრიზისი გაღრმავდა, უბრალოდ ამაზე საუბარი შემცირდა.
ყველაზე რთული და ცუდი ალბათ სისტემისთვის ზუსტად ეს არის, რომ კრიზისზე შეიძლება აღარ საუბრობენ, მაგრამ გულის სიღრმეში, შინაგანად ყველა კრიტიკულადაა განწყობილი. მათ შორის ისინიც კი, ვინც ჩვენს პროცესებზე მოდიან და წარმოადგენენ საჯარო უწყებების ინტერესებს.
მაქვს განცდა, რომ ისინი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. ახლა შეიძლება ბევრი იგროვებს შიგნით, არ ამბობს, არ გამოთქვამს ხმამაღლა, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ისინი ამას ღიად იტყვიან და ყველა გაიგონებს ამ ნათქვამს,“ – ამბობს კახი სამხარაძე.






