მთავარი,სიახლეები

როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება

26.03.2025 •
როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გზის „ხელოვნურად გადაკეტვისას“ შს სამინისტროს მიეცა უფლება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს მოქალაქე 5000 ლარით. რა გავლენა იქონია ჯარიმებმა პროტესტზე და რა უნდა გააკეთონ დაჯარიმებულებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ნიკა, მას შემდეგ რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ფონდების დაყადაღება დაიწყო, სოციალურ ქსელებში ყოველდღე ჩნდება პოსტები დაჯარიმებულების 1 ლარით დახმარებაზე. როგორ შეიძლება დავეხმაროთ პროტესტის მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში? ან აქვს კი აზრი ჯარიმის გადახდას, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შეიძლება ისევ დააჯარიმონ კონკრეტული ადამიანი? რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს?

აქ ორად უნდა გავყოთ ეს საკითხი.

7 თებერვლამდე ჩვენ გვქონდა მოცემულობა, როდესაც სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას, სასამართლო აჯარიმებდა. როცა დადგენილებას ჩააბარებენ პირს, აქედან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რადგან გასაჩივრება ამ დადგენილების მოქმედებას არ აჩერებს.

მაგრამ აქ გვაქვს სხვა შემთხვევებიც, როცა 7 თებერვლის შემდგომ გზის გადაკეტვაზე შს სამინისტრო აჯარიმებს პირდაპირ. ანუ 7 თებერვლის შემდგომ შემთხვევებზე ბევრად მარტივად არის აქ საქმე, რადგან ასაჩივრებ სამართალდარღვევის ოქმს და ეს გასაჩივრება ძალიან ბევრ თვეს წაიღებს, რადგან შსს-ს გადაწყვეტილების შემდეგ შეგიძლია დავა გააგრძელო სასამართლოში და სააპელაციოშიც შეიძლება გასაჩივრება. სააპელაციომ შეიძლება არ მიიღოს საქმე არსებით განხილვაში და გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადო ჯარიმა, მაგრამ თუ ამდენ საქმეს სასამართლოში წაიღებენ, წარმოიდგინეთ იქ რა კოშმარი იქნება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩერდება ამ ჯარიმის მოქმედება, ამიტომ სწრაფი ეფექტი ამას არ აქვს. მაგრამ სასამართლოს დაჯარიმებულებზე ეფექტი არის შედარებით სწრაფი.

მართალია, სასამართლოც გადატვირთულია ასეთი საქმეებით, მაგრამ აქ განხილვა ბევრად უფრო სწრაფად მიდის და დადგენილების ჩაბარებიდან 6 დღის განმავლობაში ვალდებული ხარ გადაიხადო ჯარიმა. დადგენილების გასაჩივრება კი ჯარიმის გადახდის ვალდებულებას არ აჩერებს.

ამიტომ, 7 თებერვლამდე გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით უფრო იქმნება ეს ფინანსური კრიზისი, რადგან მოქმედება უფრო სწრაფია ამ საქმეებთან მიმართებით. შსს-ს ჯარიმებს სწრაფი ეფექტი არ მოუტანია, მაგრამ სასამართლოს მიერ დაჯარიმებულებზე ეს ეფექტი არსებობს.

  • ელექტრონული პორტალი რომ აამოქმედეს, მუშაობს? თუ მაინც აქვთ ვალდებულება პირდაპირ ჩააბარონ მოქალაქეს დაჯარიმების ოქმი?

უნდა ჩაგაბარონ. ჩაბარების გარეშე ვერსად ვერაფერს ვერ გამოაქვეყნებენ. იყო რაღაც შემთხვევები, როცა ელექტრონული საჯარიმო ქვითრები აღმოჩნდა ამ პორტალზე, მაგრამ ამას უფრო ტექნიკურ შეცდომას ვაბრალებ, ვიდრე იმას, რომ რაღაც განზრახ გაკეთებული იყო. ეს ამბავი რომ გავავრცელეთ, ამის შემდეგ გაასწორეს ეს ყველაფერი.

ზოგადად, ამ ქვეყანაში სიფრთხილის და სიფხიზლის წარმოუდგენელი მასშტაბები უნდა გამოვიჩინოთ, რადგან რეპრესიული რეჟიმია ქვეყანაში, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე შემთხვევა. მაგრამ ორი ჩაბარების მცდელობის გარეშე ვერსად ვერაფერს ვერ გამოაქვეყნებენ.

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოიტყუონ, თქვან, რომ ჰქონდათ ორი ჩაბარების მცდელობა და უარი განაცხადაო, რადგან ამას აკეთებს თბილისის მერია. ბევრი შემთხვევა იყო ამის. ამ ქვეყანაში ჯუნგლის კანონი მოქმედებს უკვე და რადგან სამართალს და წესებს მნიშვნელობა აღარ აქვს, უფრო მეტად უნდა ვიფრთხილოთ.

თუ ამ წესის გვერდის ავლასაც შეეცდებიან, არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სასამართლო ყველაფერზე ბეჭედს ურტყამს.

  • თუ ვერ გადაიხდიან მოქალაქეები ჯარიმებს, რა მოხდება, რა შეიცვლება დაჯარიმებული მოქალაქისთვის? თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა აღსრულებასთან დაკავშირებით?

რამდენ პირზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, ამ სტატისტიკის თქმა რთულია, რადგან ეს მონაცემები უნდა ჰქონდეს შს სამინისტროს. სააღსრულებო ფურცელს ყველა შემთხვევაში სასამართლო გამოწერს, ამიტომ სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს ამის სტატისტიკა.

მეეჭვება, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყოს, რადგან, როგორც ვიცი, საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს ოქმები უნდა გაასაჩივრონ.

პრობლემა არის იმაში, რომ არც კანონმდებლობა და არც პრაქტიკა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება და ეს პირდაპირ გვითხრა ეუთო-ოდირმა. და ის, რომ აღსრულების კომპონენტში ან თუნდაც პირის ხელმეორედ დაჯარიმების კომპონენტში არ არის კანონმდებლობა, ეს არის ამ ყველაფრის გვერდითი ეფექტი.

ამ კანონმდებლობის მიზანი არის ის, რომ პროტესტში მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად ფინანსურად გაუსწორდნენ. აქ ადამიანის უფლებების კონსტიტუციური, კონვენციური სტანდარტი არავის ადარდებს.

  •  არსებობს იმის საშიშროება, რომ დაყადაღებული სახლი ან ავტომანქანა გაუყიდონ ადამიანებს?

იძულებით აღსრულებაზე თუ წავიდა საქმე, შესაძლებელია, რომ პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება გაიყიდოს ამ ჯარიმის აღსასრულებლად. ეს შეიძლება იყოს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, შეიძლება იყოს მოძრავი და უძრავი ნივთები.

თუ დაჯარიმებულ პირს არ აქვს არანაირი ქონება, მაშინ უბრალოდ აღსრულება ვერ მოხდება. ამაზე ხანდაზმულობის ვადა არის 5 წელი, ამის შემდეგ კი სააღსრულებო წარმოება შეწყდება. თუ რა თქმა უნდა, არ გააგრძელეს ხანდაზმულობის ვადა.

  • მაგალითად, სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად მუშაობს და ამით იხდის ბინის ქირას და სწავლის საფასურსაც. დაჯარიმების შემთხვევაში, ვეღარ აიღებენ ხელფასს, ავტომატურად ჩამოეჭრება?

ერთადერთი, რასაც ვერ შეეხება სახელმწიფო, ეს არის საარსებო მინიმუმი. ანუ, 250 ლარს ზემოთ რა თანხაც ექნება მოქალაქეს, შეიძლება შეეხონ.

მაგალითად, სოციალურ გასაცემებს, პენსიას, სახელმწიფო ვერ ეხება. ამაზე ყადაღის გავრცელება არ შეიძლება. პენსიონერს პენსიას ვერ დაუყადაღებენ, მაგრამ თუ მას აქვს რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება, მასზე ყადაღას გაავრცელებენ.

  • არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ ჯარიმებმა საერთოდ ჩააქროს პროტესტი?

ფაქტია, რომ ჯარიმების შიშმა უკვე იქონია გავლენა საზოგადოების ნაწილზე და ბევრი ადამიანი ნამდვილად შეაშინა, რადგან შეიძლება უმიზეზოდ დაჯარიმებული აღმოჩნდე დასაბუთების გარეშე, სრულიად ბუნდოვან გარემოებაში. და არა მარტო ის, რომ 5 000 ლარია ჯარიმა, ასეთი ბუნდოვანება კანონმდებლობაში თუ პრაქტიკაში, რა თქმა უნდა ადამიანს შიშს უჩენს.

ამიტომ ეს შიშს იწვევს და ამას ემატება ისიც, რომ ის ფონდები დააყადაღეს, რომლებიც ეხმარებოდნენ პროტესტის მონაწილეებს ამ ჯარიმების გახდაში. რა თქმა უნდა ადამიანები ცდილობენ თავად იპოვონ გამოსავალი და იქნება ეს 1 ლარი თუ სხვა თანხა, პირდაპირ დაჯარიმებულს ჩაურიცხონ ანგარიშზე, მაგრამ საბოლოდ, ამას მაინც აქვს თავისი უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს.

  • რამე გამოსავალი დარჩა?

სამართლებრივი ბრძოლისკენ მე თვითონაც მოვუწოდებ ადამიანებს, რომ გაასაჩივრონ სამართალდარღვევის ოქმები და ჩემი ჯარიმაც გასაჩივრებული მაქვს. იმიტომ კი არა, რომ სამართლიან განხილვას მოველი, არამედ ესეც არის დიდი ბრძოლის ნაწილი და დიდი ბრძოლა კი საბოლოო ჯამში გადის პოლიტიკურ ბრძოლაზე. ამიტომ, მე ამ ეტაპზე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ამავე თემაზე: გზამკვლევი იურისტისგან: რა უნდა ვქნა, თუ პოლიციამ 5000-ლარით დამაჯარიმა გზის გადაკეტვის მუხლით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: